ევროკავშირის უსაფრთხოების ექსპერტი: "ახლა საქართველოსთვის­ უფრო დიდი პრობლემა თურქეთია" - კვირის პალიტრა

ევროკავშირის უსაფრთხოების ექსპერტი: "ახლა საქართველოსთვის­ უფრო დიდი პრობლემა თურქეთია"

5 აპრილს ანკარაში პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსა და ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის შეხვდა

გასულ კვირას 10 წელიწადი გავიდა ნატოს სამიტიდან, სადაც საქართველოსა და უკრაინას (ერთ დღეს) ალიანსში გაწევრებას დაჰპირდნენ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბუქარესტის სამიტი, რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომზე და როგორ აფასებენ მას დასავლეთში 10 წლის გადმოსახედიდან? "კვირის პალიტრა" ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის პროფესორს, ნიკუ პოპესკუს, ექსკლუზიურად ესაუბრა.

- გარკვეულწილად, შეუძლებელია ბუქარესტის სამიტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განცალკევება; დღევანდელი გადმოსახედიდან კავშირი უფრო აშკარაა. ეს იყო დიდი ცვლილებების სიგნალი - უპირველესად, ურთიერთობის რადიკალური გაუარესება ევროკავშირ-ნატოსა და რუსეთს შორის. ის, რომ რუსეთმა დაიწყო საგარეო პოლიტიკის მილიტარიზაცია, თავის დროზე, 2008 წელს, ჯეროვნად ვერ შევაფასეთ და შემდეგ ძვირად დაგვიჯდა, რადგან მომსწრე გავხდით უკრაინისა და სირიის კონფლიქტებისა და იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც პროპაგანდაზეა აგებული და დღეს ამდენ თავსატეხს უჩენს ევროპასა და აშშ-ს.

- ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას დაჰპირდნენ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრები გავხდებოდით. რა წონა ჰქონდა ამ დაპირებას და რამდენად მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან?

- ამ დაპირებამ უფრო გაამძაფრა ის პარანოია, რაც რუსეთს ნატოს მიმართ ჰქონდა. ეს პარანოია და შიში მანამდეც არსებობდა, მანამდეც ფიქრობდნენ, რომ ნატო გადაწყვეტდა, საქართველო და უკრაინა საკუთარ რიგებში მიეღო, მაგრამ ოფიციალურმა დაპირებამ რუსეთი დაარწმუნა, რომ მისი შიში გამართლდებოდა.

- ახლახან გამოქვეყნდა ინტერვიუ ნატოს ყოფილ გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან, რომელიც სწორედ 2008 წელს ხელმძღვანელობდა ნატოს. ჰოლანდიურ ტელეარხთან მან დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა: "დასავლეთს პატივი უნდა ეცა იმ წითელი ხაზებისთვის, რომლებიც რუსეთმა დააწესა და ნატოს არ უნდა მიეცა წევრობის დაპირება უკრაინისა და საქართველოსთვის. ამით ჩიხში მოაქცია პუტინი და მას რადიკალური გზების გარდა, სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ დაუტოვა". ამასთან, აცხადებს, რომ პუტინის რეაქცია მისთვის გასაგები იყო... მსგავსი განცხადების მოსმენა არ გაგვიკვირდებოდა, მაგალითად, ლავროვის ან ლეპენისგან, მაგრამ როდესაც ამას ამბობს ნატოს გენმდივანი, თუნდაც ყოფილი, ეს ქართველი საზოგადოების ნაწილისათვის უცნაურად, მეტიც, შემაშფოთებლად ჟღერს.

- ვფიქრობ, მოსაზრება, რომ რუსეთი უკრაინასა და საქართველოში თავს იცავდა, გავრცელებულია როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. რუსეთის წითელ ხაზებს პატივი უნდა ვცეთ და არ უნდა გადავკვეთოთ - ამას ბევრი ამბობს, მათ შორის, ყოფილი დიპლომატებიც. უფრო მეტი ასე ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს - თუნდაც, კისინჯერი; ბევრი ბრიტანელი, ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატიც ამ მოსაზრებას ემხრობა. სხეფერის ინტერვიუში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ცენტრალურ ევროპაში იშვიათად, მაგრამ ამერიკულ დებატებში ძალიან ხშირად ისმის მსგავსი არგუმენტები. ჩემი აზრით, ამ მიდგომას ორი პრობლემა ახლავს. პირველი - რუსეთის წითელი ხაზები მოძრაობს და არასდროს არის სტაბილური, რადგან დიდი ხნის განმავლობაში კრემლი ამბობდა, რომ არ დაუშვებდა ნატოს გაფართოებას, მაგრამ ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არ იყვნენ. ასეთი განცხადებები ისმოდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2014 წლამდე. მერე კი უეცრად რუსეთმა აღმოაჩინა, რომ არათუ ევროკავშირის გაფართოებას, იმასაც კი ვერ დაუშვებს, რომ საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმონ. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთის წითელი ხაზები არ არის სტატიკური და ის თანდათან მეტ წითელ ხაზს ავლებს.

მეორე პრობლემა კი თეზისია - რუსეთი, თურმე, თავს იცავს და სამეზობლოში მისი ქმედებები მხოლოდ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვით არის განპირობებული. ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც აცხადებს, რომ რაც რუსეთმა გააკეთა სირიაში, უკრაინასა და საქართველოში, არის პასუხი დასავლეთის ინტერვენციაზე - 1999 წელს სერბეთის დაბომბვაზე, ერაყში შეჭრაზე და ა.შ. მაგრამ რეალურად უკანასკნელი ღია სამხედრო ინტერვენცია, რომელიც დასავლეთმა განახორციელა, იყო შვიდი წლის წინ - 2011 წელს, ლიბიაში, ანუ წესით, რუსეთი კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ პირიქით, უფრო აგრესიული გახდა. რაც ნაკლებად ამბიციურია დასავლეთის საგარეო პოლიტიკა, მით უფრო აგრესიული და აქტიურია რუსეთი.

- ისევ საქართველოზე გკითხავთ: ნატო-ში გაწევრების დაპირებამ მოახდინა თუ არა გავლენა 2008 წლის ომზე? სხეფერი ფიქრობს, რომ ხელი შეუწყო კონფლიქტის განახლებას...

- ალბათ, გაზარდა ომის რისკი. არა მხოლოდ დაპირებამ, არამედ იმ ფაქტმაც, რომ საქართველო და უკრაინა ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ მაპ-ის მიღებასთან, თანაც არსებობდა კომუნიკე, რომ ნატო დეკემბერში ამ საკითხს ისევ განიხილავდა. ასე რომ, რუსეთმა იფიქრა, დეკემბრამდე დრო გვაქვს, ამას ხელი შევუშალოთ და მათ მაპ-ი ვერ მიიღონო. იმავდროულად, საქართველოშიც კეთდებოდა განცხადებები, დეკემბრამდე ამ კონფლიქტებს რაღაც უნდა მოვუხერხოთ, რათა დაბრკოლებად არ გვექცეს და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეკითხვები აღარ ჰქონდეთო. მე ჩავედი საქართველოში ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ და მოვინახულე ცხინვალი, თამარაშენი, ქურთა - ის ტერიტორიები, რომლებსაც ქართველები აკონტროლებდნენ, შევხვდი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს და ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სანაკოევსაც. მეორედ ივლისში ჩამოვედი... თანდათან ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა. მახსოვს, ხალხი ამბობდა, რომ...

- ფიქრობდით, რომ ამ ყველაფერს შეიძლებოდა ომი მოჰყოლოდა?

- დიახ. ეს გამახსენეს კიდეც ბრიუსელში, ომიდან ექვსი თვის შემდეგ. ერთ-ერთმა დიპლომატმა მითხრა, გახსოვს, ომი იწინასწარმეტყველეო. ეს იგრძნობოდა. ზოგი ამბობდა, რომ პრევენციული თავდასხმა იყო საჭირო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, ზოგი აცხადებდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთს უნდა შეთანხმებოდით და სააკაშვილი მართლაც გაფრინდა ივნისში სოჭში, სადაც მედვედევს შეხვდა, სავარაუდოდ, აფხაზეთზე მოსალაპარაკებლად. იმ აზრმა, რომ დაგპირდნენ წევრობას და დეკემბერში ხელახლა განიხილავდნენ მაპ-ის საკითხს, საქართველოში შექმნა განცდა, რომ დრო ცოტა იყო და რამე უნდა გეღონათ. ასე რომ, ორივე მხარეს არსებობდა მსგავსი განწყობა...

- დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, დასავლეთი სწორად მოიქცა, მაპ-ი რომ არ მოგვცა? და იყო თუ არა შეცდომა მხოლოდ დაპირება, რომ ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა?

- ბუნებრივია, საქართველოს სურს, ნატომ დაიცვას. მეც, როგორც თქვენი ქვეყნის გულშემატკივარს, მსურს, საქართველო დაცული იყოს, მაგრამ ვფიქრობ, 2008 წელს უკრაინასა და საქართველოს მაპ-ი არ მისცეს არა მარტო საგარეო, საშინაო პოლიტიკის გამოც. ნატოში დარწმუნებული არ იყვნენ, რომ საქართველოში ნატოსთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდა და მაგალითად, ხუთი წლის შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზად არ მიიღებდნენ ახალ მთავრობას, რომელიც ნატოთი არ იქნებოდა დაინტერესებული. სწორედ ასე მოხდა უკრაინაში - წარმოიდგინეთ, უკრაინისთვის მაპ-ი რომ მიეცათ და შემდეგ იანუკოვიჩი გამხდარიყო პრეზიდენტი, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა. საქართველოსა და უკრაინისთვის 2008 წელს მაპ-ი რომ მიეცათ, 2010 წელს იანუკოვიჩის არჩევით მთელი ეს პროცესი საეჭვო გახდებოდა. ეს გამოთიშავდა უკრაინას და საქართველოსაც საქმეს გაურთულებდა.

- მაგრამ საქართველოში ასეთი პრობლემა არ არსებობდა. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, არავინ დაიჯერებდა, რომ ხუთი წლის შემდეგ ის მთავრობა ოპოზიციაში იქნებოდა... ამასთან, მოგეხსენებათ, ახალ მთავრობას დასავლური კურსი არ შეუცვლია....

- მე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი... იმ პერიოდში საქართველოში მთავრობის დემოკრატიულად შეცვლის პრეცედენტი არ გქონდათ. 2008 წლამდე საქართველოში ძალაუფლება გადაეცემოდა რევოლუციის ან სამოქალაქო ომის გზით, დაწყებული გამსახურდიათი, გაგრძელებული შევარდნაძით და დამთავრებული სააკაშვილით. ასე რომ, არსებობდა კითხვები სტაბილური მომავლის შესახებ. ნატოში დარწმუნებული არ იყვნენ, რომ საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად არჩევნების გზით შეიცვლებოდა და ახალი მთავრობა ისეთივე ერთგულებას გამოიჩენდა ნატოსა და დასავლური კურსის მიმართ, როგორც სააკაშვილი.

- მაინც გამიჭირდება დაგეთანხმოთ. საკმარისი პრეცედენტია საიმისოდ, როცა დასავლეთი გრძელვადიან გათვლებს აკეთებდა და მხარს უჭერდა პროდასავლური კურსის, თუმცა გარკვეულწილად ავტორიტარულ მთავრობებს, თუნდაც ბალკანეთში. ნატოში არ ჰქონდათ საფუძველი, ეფიქრათ, წლების შემდეგ ვინც სააკაშვილს შეცვლის, ნატოში შესვლა არ ენდომებაო. სააკაშვილის დროს ნატოს ჰქონდა გარანტია, რომ ქვეყანა პროდასავლურ კურსს არ გადაუხვევდა.

- დიახ, მაგრამ საქართველოს ჰქონდა კონფლიქტების პრობლემაც, რომელიც მაგალითად, მონტენეგროს უკვე აღარ აქვს. საქართველო გარკვეულწილად მიბმული იყო უკრაინაზეც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქვეყანა მათზე უფრო წარმატებით ახორციელებდა რეფორმებს, თქვენ და უკრაინა დასავლეთისთვის ერთი პოლიტიკური პაკეტის ნაწილი იყავით. არსებობდა რუსეთის ფაქტორიც. ასე რომ, მთავრობის შეცვლა არ იყო ერთადერთი მიზეზი, 4-5 არგუმენტი არსებობდა და დღესაც არსებობს, რის გამოც უფრო რთული სიტუაცია გაქვთ, ვიდრე ბალკანეთს.

- 2008 წელს შეიძლება გულუბრყვილოდ, მაგრამ ერის უმრავლესობას სჯეროდა, რომ მალე მაპ-ს მოგვცემდნენ, თუმცა... ისიც ვნახეთ, ვინ იყო საქართველოს ნატოს წევრობის მომხრე და ვინ - წინააღმდეგი. დღესაც საფრანგეთი და გერმანია სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებად მიიჩნევიან. როგორ მოვიგოთ მათი გული?

- სამწუხაროდ, დღეს დიპლომატიური კუთხით საქართველოს თითქმის არ აქვს შესაძლებლობა, დაარწმუნოს ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, რომ მის გაწევრებას მხარი დაუჭირონ. არა იმიტომ, რომ რამეს არასწორად აკეთებთ, არამედ ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, იმ ომების გამო, რაც გარშემო ხდება, და, რა თქმა უნდა, რუსეთის გამო. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთოთ, არის ის, რომ მზად იყოთ შესაძლებლობის ფანჯრისთვის. თუმცა, არ ვიცით, როდის გაიღება ის. ამისთვის რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში გარდამტეხი ცვლილებები იქნება საჭირო. მაგრამ გაქვთ ალტერნატივა, ხელიდან გაუშვათ შანსი, როგორც 90-იან წლებში მოხდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს პერიოდი კარგად გამოიყენეს, საქართველომ, მოლდოვამ, უკრაინამ და ბალკანეთის ქვეყნებმა კი კონფლიქტებისა და დესტაბილიზაციის გამო ამ ფანჯრის გამოყენება ვერ მოახერხეს... როდესაც ფანჯარა ისევ გაიღება, მზად უნდა იყოთ - უნდა გქონდეთ სახელმწიფო, მუშა პოლიტიკური სისტემითა და თავდაცვის სექტორით, რათა ამ ფანჯარაში შეხტომა მოახერხოთ.

- ზემოთ უკრაინა ახსენეთ. ფიქრობთ, რომ ისევ მიბმული ვართ მათზე?

- ახლა საქართველოსთვის უფრო დიდი პრობლემა თურქეთია. დაძაბულობა, რომელიც იზრდება თურქეთსა და შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებს შორის, საქართველოსთვის პრობლემაა. თუ თეორიულად საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატოში აშშ-ისა და საქართველოს ინტერესები თურქეთის ინტერესებს დაემთხვევა როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური, განსაკუთრებით კი - საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოების კუთხით.

როგორ შეგვიძლია გავგზავნოთ დანაყოფები საქართველოში, თუკი საჭირო იქნება? შეგვიძლია კი ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამერიკისა და ევროპის სამხედრო სტრატეგია და სურვილი, რუსეთისაგან დაიცვან საქართველო, თურქეთისას დაემთხვევა?! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინი ახლახან იყო ანკარაში, დაესწრო სამიტს თურქეთსა და ირანთან ერთად, სადაც განიხილეს სირიის მომავალი. ამ სამიტს დასავლეთი არ ესწრებოდა. სირიის პრობლემასთან დაკავშირებით თურქეთისა და ნატოს სხვა წევრების ხედვა ძალიან განსხვავდება. თუ საქართველოს დაცვა გახდება საჭირო, არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან სახმელეთო გზით უნდა გაიგზავნოს ძალები, ან - საჰაერო, ბოსფორის გავლით, რაც ასევე თურქეთზეა დამოკიდებული. ასე რომ, სამხედრო გადმოსახედიდან, ურთიერთობის გართულება თურქეთსა და ნატოს სხვა წევრებს შორის, დაპირისპირება სირიის საკითხზე, თურქეთ-ირანისა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები უფრო ართულებს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ეს უმარტივესი სამხედრო გათვლებია და როდესაც ხარ ნატო, არ გინდა, გასცე ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები, თუკი ხედავ, რომ მის დასაცავად საჯარისო ნაწილების გაგზავნას ვერ მოახერხებ. ეს ყველაფერს აზრს უკარგავს.

ვაჟა თავბერიძე

სტატია მომზადდა ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის, "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში