"მე მაგათ კოლექტიურ ზარდიაშვილებს ვეძახი და კობახიძეს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველანი" - კვირის პალიტრა

"მე მაგათ კოლექტიურ ზარდიაშვილებს ვეძახი და კობახიძეს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველანი"

საპარლამენტო უმრავლესობაში "ძველებისა" და "ახლების" ჯგუფს შორის დაპირისპირება ბოლო ხანს ძალიან გამწვავდა. მოგეხსენებათ, ყველაფერი გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლის მუქარას მოჰყვა, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა და ამასთანავე განაცხადა, რომ უმრავლესობაში არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მისი საყრდენია, მისი თქმით, ეს "არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი არ უნდა გახდეს".

საბოლოოდ გედევან ფოფხაძე არსად წავიდა, თუმცა დაპირისპირება გრძელდება. ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც ირაკლი კობახიძეს ღიად დაუპირისპირდა დავით ჭიჭინაძეა:

- როცა ადამიანი თვითონ იძახის, მყავს ვიღაცა საყრდენიო, მე რაღა ვთქვა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე მაგათ კოლექტიურ ზარდიაშვილებს ვეძახი და კობახიძეს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველანი, დაეყრდნოს და იყოს, ძალიან შორს წავა მაგით, დიდ სიყვარულს მოიპოვებს ქართველ ამომრჩეველში.

- შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში?

- დღეს გამოვრიცხავ, ხვალ ვნახოთ, რა იქნება. პოზიციები უნდა შეჯერდეს, რომ გავაგრძელოთ ერთობლივად მუშაობა. თვითმიზნად არავის ჰქონია ვინმესთვის ხელის შეშლა, პირიქით იმას ვითხოვთ, რომ მაგათაც ისე აზრიანად შეხედონ პრობლემას, როგორც ჩვენ ვუყურებთ. გაითავისონ, მარტო ეგენი არ არიან უმრავლესობაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის პრინციპები, რომელიც არსებობს გუნდური თამაშის დროს, იყოს დაცული, ანუ ერთი - ორი ადამიანი კი არ წარმოადგენდეს გუნდს, დანარჩენი კი დანამატს.

- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მონაწილეობით, რეალურია ეს ინფორმაცია?

- არა მგონია, ვინმე საღად მოაზროვნე ადამიანს "ევროპულ საქართველოსთან" გაერთიანება მოუნდეს. მაგ უმრავლესობაში ჩემ თავს ვერ ვხედავ. თუ ვიღაცა მაგ ნაბიჯს გადადგამს, ჩათვალეთ, რომ ის საქართველოს მოსახლებას, ჟარგონულად რომ ვთქვათ, "გადააგდებს", არა მგონია "ქართულ ოცნებაში" ვინმეს ასეთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი ჰქონდეს.

- რამდენიმე დღის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩში კახა კალაძესთან ერთად გამოჩნდნენ უმრავლესობის ე.წ. ახალი ფრთის წარმომადგენლებიც, გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი არიან კალაძის საყრდენები პარლამენტში...

- რას ნიშნავს კალაძის საყრდენი? კალაძის საყრდენი ვართ ყველა, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარები. მეც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ კახისთან არა მარტო პარლამენტში, ისედაც. არ მიმაჩნია, რაღაც კონკრეტულ ჯგუფს მოისაზრებს საყრდენად. ვინც იცის ფეხბურთი, ის თამაშობს, ჩვეულებრივი ამბავია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი აქცია იყო...

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)