"ბიძინა ივანიშვილთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ ..." - რას ამბობს პაპუაშვილი უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილის მისვლის საკითხზე? - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ ..." - რას ამბობს პაპუაშვილი უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილის მისვლის საკითხზე?

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ასეთია - მე ამ ადამიანს ვიცნობ, მაქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება, აზრიც მიკითხავს, აზრიც უკითხავს და მაქვს შესანიშნავი ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ არ ვართ და არც უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნის მოსახლეობა, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ, მე ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"უფრო მეტს გეტყვით, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც, ასეთივე ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან, ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობები, მაგრამ უნდა შევძლოთ, რომ ცხოვრება გაგრძელდეს ინსტიტუციურად. ნუ გგონიათ, რომ სხვა ქვეყნებში ასე მშვიდად მიდის ურთიერთობა, ნუ გგონიათ, რომ ყველა მთავრობაში თუ პარლამენტში ისე დავარცხნილად და ვაგნერის მუსიკის ქვეშ მიდის და ჩვენც რუსთაველის ენით უნდა ვილაპარაკოთ. ასე არ არის. იქ ვიღაცის ემოციური მხარე ჭარბობს, იქ არგუმენტაციის ნაკლებობა თუ სიჭარბეა და ასე შემდეგ. ასე რომ, მე ასე საკითხის დაყენება არ მიმაჩნია სწორად, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდება, ქვეყანა უნდა დაიღუპოს. არც ის უყურებს ამ პრობლემას ასე. თუ გუნდში, რომელმაც იბრძოლა და ეს რეალობა დააყენა, იყო კონსულტაციები და საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, მე ამაში ხარვეზს ვერ ვხედავ", - აღნიშნა ზაზა პაპაუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"