ნათია მეზვრიშვილი: "დიახ, სამართლებრივი ჯაჭვი რაღაც ეტაპზე წყდება..."
23-04-2018
ნათია მეზვრიშვილი: "დიახ, სამართლებრივი ჯაჭვი რაღაც ეტაპზე წყდება..."
ბარნოვის ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ, სადაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხვია ბაქრაძემ გერს ყელი გამოსჭრა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა შეკითხვა, რამდენად ეფექტიანად იცავს სახელმწიფო მსხვერპლს მოძალადეებისგან, რამდენად სწრაფად მოახდინეს რეაგირება კონკრეტულად ვეფხვია ბაქრაძის დანაშაულზე სამართალდამცავებმა, რომლებთანაც მკვლელობამდე სულ რაღაც ორი საათით ადრე 24 წლის თაკო გამრეკელაშვილი ჩიოდა, რომ მამინაცვალი მათ ავიწროებდა და საერთოდ, რამდენად კოორდინირებულად მოქმედებენ სახელმწიფო ინსტიტუციები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლაში, "კვირის პალიტრის" კითხვებს შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პასუხობს:

- შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი ტიპის შემთხვევებზე, მათ შორის, ბარნოვის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას არ გაურბის. მოცემულობა ასეთია - დასახვეწი გვაქვს მონიტორინგის სისტემა შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ და საერთოდ არ გაგვაჩნია რისკის შეფასების მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე დიდი
ხანია საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს რეალობა დაგვხვდა და მის გამოსასწორებლად მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ - უკვე დავასრულეთ რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის კონცეფციის შექმნა, რომელიც მაისიდან ამოქმედდება და რომლის ფარგლებშიც გამომძიებლებიც გადამზადდებიან.

- კონკრეტულად, რას გულისხმობს მონიტორინგისა და რისკის შეფასების ახალი მექანიზმი?
- რისკის შეფასების სისტემა გულისხმობს, რომ როდესაც მსხვერპლი სამართალდამცავთან განცხადებით მოვა და მოძალადის სხვადასხვა ტიპის ზეწოლაზე ინფორმაციას შეატყობინებს, გამომძიებელმა სწორად უნდა შეაფასოს რისკები, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით გათვალოს, რამდენად არსებობს ძალადობის განმეორების საფრთხე... სწორდ დაიგეგმება, რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინოს - სისხლის სამართლის წესით დააკავოს მოძალადე, თუ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ შემდგომში მძიმე ძალადობის ფაქტები თავიდან ავირიდოთ.
რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმს, მას შემდეგ, რაც შემაკავებელი ორდერი გაიცემა, პოლიციელს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მსხვერპლთან. თუ მსხვერპლი იტყვის, რომ ძალადობის რისკი არსებობს, ან მოძალადემ სცადა მასთან მიახლოება და თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს, სამართალდამცველმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

- მხოლოდ 2017 წელს გამოცემულია სამი ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი. აქვს დღეს უწყებას თუნდაც იმდენად მასშტაბური ადამიანური რესურსი, რომ თითოეულ მსხვერპლთან ინდივიდუალურად იმუშაოს?
- რესურსის პრობლემა არის, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრასაც ვგეგმავთ. კერძოდ, ერთ ან ორ თვეში თბილისში საპილოტე რეჟიმში გამოჩნდებიან მართლწესრიგის ოფიცრები. ძალადობის ფაქტების სიხშირით სწორედ თბილისი გამოირჩევა, შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცრებს, სხვა ფუნქციებთან ერთად, ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია დაევალებათ. რა თქმა უნდა, პოლიცია მოძალადეს ნაბიჯ-ნაბიჯ ვერ გაეკიდება, ამიტომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტეთ ელექტრონული სამაჯურების სისტემა დაგვენერგა - თუ გამომძიებელი დაასკვნის, რომ ათიდან ერთი მოძალადე განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია და მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ იქნება პრევენციული ზომა, ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ სამაჯურს გამოვიყენებთ, რომლის მონიტორინგს შსს-ს მართვის ცენტრი უხელმძღვანელებს. როგორც კი დავინახავთ, რომ მოძალადე მსხვერპლს უახლოვდება, პოლიცია მაშინვე ჩაერევა საქმეში. სამაჯური ყველა მოძალადეს ვერ ექნება, რადგან ჯერჯერობით შესაბამისი რესურსი არ გაგვაჩნია, თუმცა ყველა მათგანს რომ ჰქონდეს, არც ამის აუცილებლობაა.

- დავუბრუნდეთ ბარნოვის ქუჩის ტრაგედიას. მოკლულის ოჯახი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებენ, რომ მკვლელობამდე ორი საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში მივიდა და განცხადება დაწერა, რომ მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან, რაც ვიცით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია. თქვით, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ, მაგრამ კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი ეს პოზიცია - არავინ უნდა აგოს პასუხი, რომ პოლიციაში დაწერილი განცხადებიდან ორ საათში გოგონა მოკლეს?
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. რეალური სურათი ასეთია - ვეფხვია ბაქრაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან, მას შემდეგ, რაც შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა. მისი გათავისუფლების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში არც დედისგან და არც შვილისგან არ შემოსულა განცხადება. შსს-ს მსხვერპლებისგან არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე ტიპის ზეწოლაზე, მაგრამ როგორც კი მოვიდნენ, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ლაპარაკია ერთ საათზე, რაც ნორმალურ პირობებში სამართალდამცველს სჭირდება მას შემდეგ, რაც მოქალაქე მასთან განცხადებით შედის. განცხადების ავტორი დაუყოვნებლივ გამოჰკითხეს, თუმცა მათი ინფორმაცია არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მსხვერპლი ასეთ არჩევანს აკეთებს სხვადასხვა მოტივაციით, ზოგჯერ ეშინია, ზოგჯერ გულწრფელი არ არის და არ განმარტავს, რაში მდგომარეობს პრობლემა. რაც მათ უთხრეს პოლიციას, ამის საფუძველზე დაუყოვნებლივ გამოიცა ორდერი. ვიმეორებ, დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით.

- თუ თაკო გამრეკელაშვილსა და მის დედას პოლიციისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია სიცოცხლის ხელყოფის მუქარის თაობაზე ან სხვა ტიპის ძალადობის ფაქტებზე, რის საფუძველზე გაიცა შემაკავებელი ორდერი დაუყოვნებლივ?
- მხოლოდ სიცოცხლის მუქარა არ არის შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი. მაგალითად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთი ფაქტიც შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი გახდეს. სწორედ ზეწოლასა და სტრესზე ლაპარაკობდა დედა-შვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემაკავებელი ორდერი გაიცა დედის მიმართ, რადგან შვილმა პოლიციის შენობა პირადი საქმეების მოტივით მალევე დატოვა. დაახლოებით ერთ საათზე მეტი იყო გასული, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შეტყობინება რომ შემოვიდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ ინფორმაციის ფარგლებში, რაც მსხვერპლისგან მივიღეთ. ამიტომ აუცილებელია მსხვერპლმა მაქსიმალურად ითანამშრომლოს პოლიციასთან. მარტივ მაგალითს გავიხსენებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა - მამამ შვილზე იძალადა, შემოვიდა შეტყობინება და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამა დააკავეს. მეორე დილით დაზარალებული მოვიდა და ჩვენების შეცვლა მოითხოვა, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ხშირად მსხვერპლი ჩვენებას ცვლის, სასამართლოში არ მოდის, რადგან საქმეში ერთვება ბრალდებული. თავად მსხვერპლის ოჯახიც "წარმატებით" ახერხებს დაზარალებულის გადარწმუნებას, თანაც, მსხვერპლს უფლება აქვს ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს.

- გასაგებია, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ თუ ისევ ბარნოვის ქუჩის ტრაგედიას დავუბრუნდებით, ამ ფაქტმა მხოლოდ ის გამოავლინა, რომ მსხვერპლები სრულად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან? ბოლო წლების სტატისტიკითაც კარგად ჩანს, რამდენად სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე - 2016 წელს გამოიცა 2566 შემაკავებელი ორდერი, მხოლოდ თბილისში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე 10 ქალი მოკლეს, სხვადასხვა სახის ძალადობის 480 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი 3 137 შემაკავებელი ორდერია გაიცა, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე მსხვერპლთა რაოდენობა კი 20-მდე გიზარდა.
- თუ მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევას წინ შემაკავებელი ორდერი უსწრებდა. შემაკავებელი ორდერი არ არის ფარატინა ფურცელი, რომელიც ვერ აკავებს მოძალადეს. ასე რომ იყოს, ყველა შემთხვევაში, რომლებისთვისაც ორდერი გაიცა, მძიმე შედეგი გვექნებოდა. ბარნოვის ქუჩის ტრაგედიამ გამოავლინა, რომ როდესაც კონკრეტული დანაშაულის ტიპი წარმოადგენს ქვეყნისთვის გამოწვევას, თითოეულმა უწყებამ, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაზეა დღეს პასუხისმგებელი, საკუთარი ვალდებულებები და ფუნქცია სრულად უნდა გააცნობიეროს. ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს დააკავებს, არ არის საკმარისი, რადგან დაკავების შემდეგ ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა პროკურატურამ და არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების მძიმე სახე, პირობითად, პატიმრობა, ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა სასამართლომ და სასჯელის ზომად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის ნაცვლად არ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის გამოტანის შემდეგ ასეთივე მკაცრი მიდგომა თუ არ გამოიჩინა, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყალების უფლება აქვს, ხაზგასმით ვაცხადებ, მსგავსი ტიპის დანაშაულთან ბრძოლა უშედეგო იქნება.

- სად წყდება დღეს ეს სამართლებრივი ჯაჭვი?

- ფაქტია, რომ რაღაც ეტაპზე წყდება და ეს კონკრეტული შემთხვევაც ამის დასტურია. ვერავინ იტყვის, რომ ძალადობრივ დანაშაულზე პროკურატურა ლმობიერებას იჩენს, რადგან საერთოდ აღარ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ოჯახური ძალადობის დანაშაულზე. ამ მხრივ პატიმრობის მოთხოვნაც გაზრდილია, თუმცა რაღაც ეტაპამდე რომ მივდივართ, ჯაჭვი წყდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ როდესაც ლაპარაკია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ეს ერთიანობა სადღაც გაწყდა, კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტიანად ვერ ვიმოქმედებთ. ბარნოვის ქუჩის ტრაგედიაში ასეთი რგოლი გამოიკვეთა და ვიღაცამ ლმობიერება გამოიჩინა იმ ადამიანთან, რომელმაც თავში ქვა ურტყა მეუღლეს.

- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პირიქით, თქვენ მოგიწოდებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღიაროთ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღკვეთაში შსს-მ სისტემური კრახი განიცადა.

- გავეცანი ანა ნაცვლიშვილის განხცადებას, თუმცა ვიმეორებ, სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ ადამიანები რაღაცებს შეუშინდებიან, სისხლის სამართლის დევნა უშედეგო იქნება. ეს ინიციატივა უფლებადამცველებმაც უნდა გამოიჩინონ, როდესაც მსხვერპლს იცავენ, მათ უნდა მოუწოდონ პოლიციასთან მაქსიმალურად თანამშრომლობისკენ. სხვათა შორის, კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ზვიად დევდარიანის საქმე - ადევნების მუხლით დავიწყეთ გამოძიება, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით არავინ მოსულა, არადა, ინფორმაციას ფლობენ უფლებადამცველებიც.

- რადგან ზვიად დევდარიანის საქმე გაიხსენეთ, როდის გახდება გამოძიების შედეგები ცნობილი ან როგორ აპირებთ საერთოდ გამოძიების გაგრძელებას, თუ სავარაუდო მსხვერპლები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ?

- ზვიად დევდარიანი დავკითხეთ და დაკითხვის შემდეგ გარკვული ინფორმაციაც მოვიპოვეთ, მათ შორის საქმესთან კავშირში მყოფ კონკრეტულ პირებზე და, ალბათ, გამოძიება წინ წავა. მალე დავიწყებთ ამ პირების დაკითხვას და დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

- რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს - მხოლოდ მონიტორინგის სისტემა თუ რისკის შეფასება საკმარისია თუ კანონმდებლობაც უნდა გამკაცრდეს?

- რა თქმა უნდა, პარალელურად მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები. საერთოდ, როდესაც პრობლემა არსებობს, გამკაცრების წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არა ვართ, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებები ხომ შინაარსობრივი და კონკრეტულ პრობლემაზე დაფუძნებული უნდა იყოს?! მაგალითად, უკვე ვთქვით, რომ დაზარალებულები მოდიან, ჩვენებას გვაძლევენ, სასამართლოში კი მას ცვლიან - ამიტომ უპირველესად ეს არის შესაცვლელი. ასევე, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში დღეს გათვალისწინებულია ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მეორე დარღვევის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება. პროექტის მონახაზი უკვე გვაქვს და, ალბათ, შემდეგ კვირაში მთავრობას ცვლილებების პაკეტს წარვუდგენთ. ცვლილებების პაკეტის მიხედვით, როგორც კი შემაკავებელი ორდერის პირობებს დაარღვევს, პირს უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მეორე - უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ დაზარალებულებმა ჩვენება ან აღარ შეცვალონ, ან თუ შეცვლიან, მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა პირველადი ჩვენება მტკიცებულებად გამოიყენოს, რათა მოძალადის ციხიდან გამოსვლა თავიდან ავირიდოთ.

- უკვე მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ნორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად გამკაცრდა. რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, ეს ნიშნავს თუ არა აღიარებას, რომ ე. წ. ქურდული მენტალიტეტი უწყებისთვის პრობლემად იქცა?
- ამ კანონის მიღებითა და ამოქმედებით, პირველ რიგში ვთქვით, რომ ე. წ. ქურდული მენტალიტეტისგან საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს. ასევე, ეს იყო სიგნალი, რომ კრიმინალური მენტალიტეტი კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ორგანიზებულ დანაშაულს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ. ეს, ბუნებრივია, უკავშირდება მენტალიტეტთან ბრძოლასაც, რადგან ამ კონტექსტშიც ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა დასჯადად გამოცხადდა, მათ შორის, მატერიალური, ფსიქოლოგიური თუ ნებისმიერი ფორმით სოლიდარობის გამოცხადება. ქურდული მენტალიტეტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემაა, ამიტომაც გახდა კანონის გამკაცრება და გაფართოება აუცილებელი. ის, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა ხდება დასჯადი, ეს პირდაპირ ებრძვის კრიმინალურ მენტალიტეტს. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქურდს უფრო მეტად შეუძლია დავის გადაწყვეტა, ვიდრე სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოს, ან კანონიერსა და არაკანონიერს შორის ირჩევენ დავის გადაწყვეტის არაკანონიერ გზას, ისინი არიან ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები, შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

- არის კი სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები დღეს დავის გადაწყვეტაში ეფექტიანი? სასამართლო გადატვირთულია და წლობით გრძელდება დავები, მაგალითად, ფინანსებთან დაკავშირებით, პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს ჩამორთმეული ქონების საჩივრით შესული განცხადებების დაკმაყოფილებას. ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მესამე ბიზნესმენი მოკლეს სწორედ შესაძლო ფინანსური გარჩევების გამო.
- ვადებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეებში პროცესების ვადები შეზღუდულია, მოსამართლე ერთი კონკრეტული საქმის განსახილველად ცხრათვიან ვადას ვერ გასცდება. დიახ, დღეს გამოძალვის დანაშაულის ზრდა გვაქვს და ესეც კავშირშია კანონმდებლობის გამკაცრებასთან.

- სხვათა შორის, ამ კანონპროექტის განხილვამ პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია თავად მმართველ გუნდში, უმრავლესობის ერთი ნაწილი ცვლილებების დახურულ კარს მიღმა განხილვას ითხოვდა, თუმცა ეკა ბესელიამ სხდომა არ დახურა და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ინიციატივები საჯაროდ განიხილეთ. როგორი იყო ამ დაპირისპირებაში შსს-ს პოზიცია, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეკა ბესელიამ?
- თავდაპირველად, ჩვენც ვუჭერდით მხარს სხდომის დახურვას, რადგან არსებობდა რისკი, რომ მოგვიწევდა ოპერატიულ ინფორმაციაზე საუბარი, რომლის გაშუქებაც დაუშვებელი იყო. თუმცა რადგან პარლამენტმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, მას დავემორჩილეთ. ღია სხდომაზე დაისვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად და ამით დავასრულეთ.

- და კიდევ ერთი საკითხი, რაც სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა - იმატა არასრუწლოვანების მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც. გაქვთ ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვები, როგორ გამოსწორდეს ვითარება?
- ხშირად გვეკითხებიან, ხომ არ უნდა დაიწიოს პასუხისმგებლობის ასაკმა, რადგან მოგეხსენებათ, 14 წლამდე პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა დაიწიოს, რადგან არ შეიძლება 14 წლამდე მოზარდი ციხეში იჯდეს. ლაპარაკია სკოლის მოსწავლეებზე, ამიტომ პასუხისმგებლობის ასაკი კი არ უნდა დავწიოთ, უნდა გავააქტიუროთ საგანმანათლებლო პროგრამები, უნდა შევქმნათ დამატებითი რესურსი, რომ ისეთ აქტივობებში ჩავრთოთ მოზარდები, რაც მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე იქნება ორიენტირებული. უნდა შევქმნათ ისეთი მექანიზმი, როდესაც პროკურორი მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და დაადგენს, რომ დანაშაული ჩაიდინა 14 წლამდე მოზარდმა, ამ მოზარდს კი არ უნდა ვეუბნებოდეთ, შენ არ გეკისრება პასუხისმგებლობა და საქმეს ვწყვეტთო, არამედ ვუთხრათ, რომ ვალდებული იქნება სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთოს, შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მშობელს, მასწავლებელსა და ყველა იმ ადამიანსაც, რომელთაც მოსწავლის აღზრდა ევალება. ეს სისტემა დღეს არ მუშაობს ან არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. ამიტომ როდესაც სისტემა არ მუშაობს, ჩვენი პასუხი ის კი არ უნდა იყოს, მოდი, დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკიო. იმის გამო, რომ სახელმწიფომ სისტემის გამართვა ვერ უზრუნველყო, მოზარდს უსამართლოდ არ უნდა მოვექცეთ. ამიტომ უკვე ვმუშაობთ კონცეფციაზე და იმედია რეფერირების მექანიზმი სისტემურად ამუშავდება.

- და ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა ორგანიზებული ჯგუფი, სრულწლოვანი დამნაშავეები, რომლებიც იყენებენ 14 წლამდე არასრულწლოვანებს დანაშაულის ჩასადენად.

- ამ მიმართულებით ოპერატიულად ვიმუშავეთ და დავადგინეთ, რომ ძირითადად, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან ასევე არასრულწლოვანები, თუმცა პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ახალგაზრდები, ვგულისხმობ 14-დან 18 წლამდე მოზარდებს. საქმეებში, სადაც დადგინდა, რომ ეს მოზარდები იყენებენ უმცროსებს დანაშაულის ჩასადენად, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები მივიღეთ.

- რამდენად მასშტაბური სახე აქვს ამას?

- ზუსტ ციფრებს ვერ მოვიყვან, რადგან სტატისტიკური მონაცემების დათვლის პრობლემაც არის. როდესაც დალაგდება კონცეფცია არასრულწლოვანებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, სტატისტიკური მონაცემებიც დაიხვეწება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით