"ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწ­ოდოთ!" - კვირის პალიტრა

"ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწ­ოდოთ!"

"კვირის პალიტრას" ყოფილი პარლამენტარი და უფლებადამცველი ელენე თევდორაძე ესაუბრა:

- პრეზიდენტი კონსტიტუციურ უფლებას იყენებს, როცა მსჯავრდადებულს იწყალებს და იმის მტკიცება, რომ დამნაშავეა, სამართლებრივად უსაფუძვლოა. თუმცა, მორალური პასუხისმგებლობა აკისრია - როცა შეწყალებულები დანაშაულს კვლავ სჩადიან, ეს კატასტროფულ შედეგზე მიგვანიშნებს. რატომ იწყალებენ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წარსულშიც ნასამართლევია?! ეს ხომ იგივეა, დამნაშავემ გაისროლოს და ტყვია ასცდეს, ჩვენ კი მას ახალი მივაწოდოთ! ბარნოვის ქუჩაზე ამაზრზენი ფაქტი მოხდა. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ დაუშვებელია არაერთი დანაშაულის ჩამდენი პატიმრის შეწყალება.

- ვეფხვია ბაქრაძის ოჯახის წევრი თავად ითხოვდა პატიმრის შეწყალებას. ეს რამდენად ამართლებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

- არანაირად. ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულში და ა.შ. არასდროს ვიძლეოდით რეკომენდაციას. მით უფრო, თუ საქმე მეორე ნასამართლობას ეხებოდა. სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულების შეწყალების გამო გაასამართლეს, რაც სამართლებრივად აბსურდულია, თუმცა მორალურად უპასუხისმგებლო ქმედებაა. თავად მოვინახულე ავჭალის კოლონიაში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები, გავაფრთხილე, კომისიას განცხადებითაც კი არ მომართოთ-მეთქი! პრეზიდენტმა ისინი მაინც შეიწყალა.

- გვახსოვს თქვენს კარზე წარწერა, "ია ვზიატკი ნე ბერუ" (ქრთამებს არ ვიღებ). რატომ გაჩნდა ასეთი წარწერა კარზე?

- არასამთავრობოებმა დამიტოვეს და მეც კარზე გავაკარი. ამით ვაფრთხილებდი ყველას, რომ ქრთამი არ შემოეთავაზებინათ.

- გვახსოვს, სააკაშვილმა იმდენად შეგზღუდათ, რომ თქვენ მიერ გადაცემულ სიებს არც ითვალისწინებდა...

- ჩვენი სია პროკურატურაში იგზავნებოდა. იქ სიიდან ამოიღებდნენ ზოგიერთ გვარს, ჩაამატებდნენ სხვა მსჯავრდადებულებს და გაუგზავნიდნენ პრეზიდენტს. თვალში საცემი იყო, რომ კომისიის მიერ რეკომენდებულები არასდროს ბრუნდებოდნენ ციხეში, პრეზიდენტის შეწყალებულები კი ხელახლა სჩადიოდნენ დანაშაულს.

- ახლახან ინტერნეტფორუმზე გავრცელდა, რომ მარგველაშვილი ახალ სკანდალში გაეხვია, შეიწყალა პირი, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

- მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს, რადგან დაკავებულის (რომელსაც პირის დაჭრაში ედება ბრალი) ბებია ჩემი ახლობელია. მის შვილიშვილს წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი და ოჯახი ითხოვდა შეწყალებას. მოგვიანებით გაიგეს, რომ პროკურატურას გაუსაჩივრებია სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში. გაირკვა, რომ ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომაც არაფერი იცოდა, არადა, პროკურატურა ვალდებულია, განაჩენის გასაჩივრების შესახებ აცნობოს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. რასაკვირველია, პრეზიდენტს არა აქვს იმ პირის შეწყალების უფლება, რომელიც ბრალდებულია და არა მსჯავრდადებული. დავრეკე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მითხრეს, რომ მათ არ ჰქონდათ პროკურატურიდან გამოგზავნილი ცნობა - დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა, რომ შეწყალებული პირი ბრალდებული იყო და არა მსჯავრდადებული. ასე რომ, ამ სკანდალურ საქმეში პროკურატურის შეცდომებთან მივდივართ.

- მარგველაშვილზე არაერთი სხვა ბრალდებაც მოგვისმენია. მაგალითად, შეიწყალა ცოლისძმა, ასევე, ნარკობარიგა და ა.შ.

- მკვლელობა, ნარკოტიკების გასაღება, ჯგუფური ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება - ძალიან მძიმე დანაშაულებია. ჩვენ ამ მუხლებით გასამართლებულებს არასდროს ვაძლევდით რეკომენდაციას. ბოლო დროს, როცა ქვეყანაში კრიმინალმა აშკარად მოიმატა, შეწყალებულთა დიდი რაოდენობაც, ცოტა არ იყოს, საჩოთიროდ მიმაჩნია.

ეკა ასათიანი