რა ვერ გაიყო უმრავლესობამ
რა ვერ გაიყო უმრავლესობამ
მამუკა მდინარაძე: "სამწუხაროდ, პარტიაში არსებული უთანხმოების ტირაჟირება ხდება"

"ქართულ ოცნებაში" დაწყებული პოლ­იტიკური დაპირისპირება პიროვნულ კონფლიქტში გადაიზარდა - დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გია ვოლსკიზე განაცხადა, დაგვიბერდაო და ის "მაუგლის" პერსონაჟ აკელას შეადარა. თავის მხრივ, ჭიჭინაძეს კაბინეტში მწვავე კითხვებზე პასუხის გასაცემად იბარებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მოკლედ, საქმე ისე მიდის, მმართველმა პარტიამ თუ ამ ტემპით გააგრძელა, კონფლიქტს დაანონსებული პარტიული ქცევის კოდექსი ვეღარ უშველის. საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე "კვირის პალიტრა" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს,
მამუკა მდინარაძეს
ესაუბრა:

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, პარტიაში არ არის ისეთი დაპირისპირება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეხვედრებს გავმართავთ და თუ ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მალე ყველ­აფერი დალაგდება. დეპუტატები თითქოს უკვე იცავენ შეთანხმებას, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ არ ისაუბრებენ.
შიდა სამზარეულო არც არის საინტერესო
საზოგადოებისთვის, ყველაფერი პარტიის შიგნით უნდა მოგვარდეს.

- ბოლო პერიოდში უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებში არ ჩანს ტენდენცია,­ რომ პარტიის ორ დაპირისპირებულ ფლანგს შორის შეთანხმება დაიდო - უმრავლესობის­ შეხვედრა ჩაიშალა, დავით ჭიჭინაძეს გია ვოლსკი "მაუგლის" პერსონაჟს ახსენებს, არჩილ თალაკვაძე ჭიჭინაძეს კაბინეტში იბარებს...

- უმრავლესობის სხდომა იმის გამო ჩაიშალა, რომ მნიშვნელოვან კანონპრ­ოექტებზე ვმუშაობდით, ქვეყნისთვის სასარგებლო არაერთი კანონი მივიღეთ, თუმცა ზოგიერთისთვის მთავარი საკითხი რატომღაც მაინც პარტიული გაურკვევლობა აღმოჩნდა.

- დიახ, ბევრი თემა გადაიფარა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სუს-ის­ ანგარიში იყო. გრიგოლ ლილუაშვილი (სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე) პარლამენტ­ში ქვეყნის მთავარ საფრთხეებზე სასაუბროდ მოვიდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავარი ურთიერთბრალდებებზე პასუხი აღმოჩნდა...

- დიახ, სამწუხაროდ, პარტიაში არს­ებული უთანხმოების ტირაჟირება ხდება, არადა, კამათი გუნდში ყოველთვის იყო და ეს არასდროს დაგვიმალავს. ცხარედ გვიკამათია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზეც, რომლის მიღება ვერ ხერხდება... საერთოდ, ძნელია, 115 დეპუტატს ერთი აზრი ჰქონდეს, თუმცა ჩვენი სიძლირე სწორედ ის არის, რომ ამ კამათში ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებებს­ ვიღებთ.

- მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა... თქვენი კოლეგა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კოლექტიური ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა; მოგიხსენიეს "პორტირებულებად"; ითქვა, რომ ვინც 2012 წლამდე იღებდა გუნდის მართვის ინიციატივას, სადავეები ისევ მათ ხელში უნდა აღმოჩნდეს... რა ვერ გაიყო უმრავლესობამ - ინიციატივა და გავლენა?

- როდესაც აზრთა სხვადასხვაობამ პარტიის გარეთ გამოჟონა, განცხადებებიც უფრო ხისტი გახდა. დიახ, ჩვენი გუნდის სიძლიერე მისი მრავალფეროვნებაა; გვყავს­ კონსერვატიულად განწყობილი ფრთა, რომელსაც საკუთარი არგუმენტები აქვს, და გვყავს ლიბერალებიც. მათ შორის აზრების შეჯერება ყოველთვის რთულია. კონსტიტუციაზეც ბევრი ვიკამათეთ და ვიმსჯელეთ, თუმცა ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე და დარწმუნებული ვარ, ახლანდელი დაპირისპირებაც მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს პარტიას.

- ითქვა, რომ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ­ მაჟორიტარები, მეორე ჯგუფში თქვენ, პარლ­ამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით; საკითხი ასეც დაისვა - თქვენ უნდა გადა­დგეთ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებებს ეწინააღმდეგებით. მოიხსნა ეს საკითხი დღის წესრიგიდან?

- როცა პოლიტიკაში ხარ, გუნდის ნებისმიერ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად უნდა იყო. დიპლომატიის ხელოვნებაც ეს არის, თანაც, ვიცი, რომ ახლა ემოციებს არ უნდა ავყვე და პასუხის პასუხი შევაგებო ვინმეს. მთავარია, ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყოს და შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებები დასრულდეს.

- რას შეცვლის ამ კვირას დაანონსებული შეხვედრა, ან ვინ დაესწრება მას?

- საზოგადოებას არ უნდა გავუჩინოთ მოლოდინი, რომ ყველაფერი უცებ მოგვარდება. ეს ცოცხალი პროცესია და უმრავლესობას აქვს რესურსი, პრობლემები მოაგვაროს. ეს გახლავთ ერთგვარი სტრესტესტი ჩვენთვის, რომელიც გუნდის გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ.

დიდხანს ლოდინს არ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია და შეხვედრას უახლოეს პერიოდში ითხოვს:
- შეხვედრა, რომელიც უნდა გამართულიყო წინა კვირას, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო - ზოგი ამბროლაურშია პარტიის დელეგატების არჩევაზე, ზოგიც ბათუმში აპირებს გამგზავრებას, მაგრამ დრო არ უნდა გაიწელოს - შეხვედრა და საქმიანი საუბარი აუცილებელია.

- რა საკითხი დადგება დღის წესრიგში - როგორ დაიცვათ პარტია "კოლექტიური ზარდიაშვილებისგან", როგორც დავით ჭიჭინაძე აცხადებს?

- ძირითადი მიზანია ამ ენერგიის დადებითი პროცესებისკენ მიმართვა. ამომრჩეველი ჩვენგან რაციონალურ გადაწყვეტილებას ელოდება. შეთანხმება აუცილებელია. რაც შეეხება ჭიჭინაძის განცხადებას, ახლა არ არის დრო, ერთმანეთის ასაკი ვიანგარიშოთ. უნდა შევთანხმდეთ ისე, რომ ყველას პოზიცია იყოს გათვალისწინებული.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები