"ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს"

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები კვლავ მთავარი პოლიტიკური თემაა. ვინ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერის დაპირისპირებაზე ლაპარაკობს, ვინ კიდევ "ქართულ ოცნებაში" შიდაპარტიული წესრიგის დასამყარებლად სანქციების შემოღებაზე.

ამ თემებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ადამიანს პროტესტი უჩნდება მაშინ, როდესაც მას მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერად მიიჩნევენ და დირექტივებს აძლევენ, რაზეც "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი დაუფარავად ამბობს კიდეც. მოკლედ,

პარლამენტი იქნება თუ სხვა ორგანო, ადამიანს თავისი მნიშვნელობა, ფასი უნდა აგრძნობინო. როგორც ვხედავ, სწორედ ეს არის ამჟამინდელ პარლამენტში პრობლემა. ამ ყველაფერს სჭირდება ხელმძღვანელების პოლიტიკური გამოცდილება, კულტურა, ალღო.

შორს რომ არ წავიდეთ, წინა პარლამენტი გავიხსენოთ, სადაც გაცილებით დიდი იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ გაჩენილა. დავით უსუფაშვილი ახერხებდა ვითარების დაბალანსებას, ის ყველას პატივისცემით ექცეოდა და მის მიმართაც ასეთივე განწყობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ირაკლი კობახიძის მიმართ. აშკარაა, რომ ის გუნდში ავტორიტეტად ვერ ჩამოყალიბდა.

სანქციებისა და სადამსჯელო ღონისძიებების დაწესებაზე ფიქრს, მგონი, სჯობს, ურთიერთობის უმარტივესი ხერხები გამოიყენონ და ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის მოსმენა დაიწყონ. ეს უფრო მოიტანს შედეგს.

- მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებაში" ვითარება აირია, დაიწყო ლაპარაკი, რომ პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი.

- ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძალიანაც არ უნდა, მაგრამ უნდა ჩაერთოს, ეს აუცილებლად მოუწევს, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს გუნდის მთლიანობა. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც დაიშალოს უმრავლესობა.

"ქართულ ოცნებაში" ივანიშვილის სიტყვას ნამდვილად აქვს დიდი გავლენა, შესაბამისად, მისი ჩარევა განმუხტავს სიტუაციას, თუმცა თუ არ შეიცვალა მართვის სტილი, სავარაუდოდ, პრობლემები არსად გაქრება და უფრო მძაფრად იჩენს თავს.

ივანიშვილს ბოლო ხანს ასეთი პოზიცია უკავია - მე გავედი პოლიტიკიდან და თქვენ მოუარეთ ახლა ქვეყანასო. თუმცა აშკარაა, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება "ქართულ ოცნებაში" ძალიან უჭირთ და ისევ ივანიშვილის მითითებას ელოდებიან. ვფიქრობ, ახლაც ასეა. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ივანიშვილი თუ არ ჩაერთო, მაშინ უმრავლესობა შეიძლება მართლაც დაიშალოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად