"ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს"

"გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის გარდაუვალი კრიზისი, არამედ ჩნდებოდა სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც"

"ღმერთმა ნუ ქნას ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება. ამას მეორედ მოსვლას ვადარებ", - ასე უპასუხა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს ჟურნალისტის შეკითხვას პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ, თუმცა მას მოუწია ერთ მდინარეში მეორედ შესვლამ. ის აქტიურ პოლიტიკას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ უბრუნდება - ეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აცნობა. რა ფაქტორებმა მიაღებინა ბიძინა ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება? გვესაუბრება ექსპერტი გია

ხუხაშვილი, რომელმაც კარგა ხნით ადრე ივარაუდა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა.

- ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება რომ მოუწევდა, ჩემი აზრით, აშკარა იყო. პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ მთავარი, რამაც ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მმართველობითი სისტემის კრიზისია. ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი დარღვეულია, ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები აცდენილია ერთმანეთს. დღემდე ყველაფერი ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იდგა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა, ფაქტობრივად, ქმედუუნაროა... იმის შიშით, რომ რამე არ გაეფუჭებინათ, არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. ეს იმდენად სერიოზულ პრობლემად იქცა, რომ ხელისუფლების ქმედუნარიანობაზე აისახა. ივანიშვილმა პირველ რიგში ეს უნდა "დაალაგოს".

როგორც კი მკვებავი სხეული - ივანიშვილის რესურსი - დროებით ჩაAმოშორდა ამ პროცესებს, მაშინვე ვიხილეთ დაპირისპირებების კასკადი უმრავლესობის შიგნით, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ა.შ. პრობლემა ის არის, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა კი არ აერთიანებს, არამედ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი.

ამ ყველაფერმა უკვე ისეთ სახიფათო ზღვარს მიაღწია, რომ შეიძლებოდა მალე პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. შეეძლო, ხელი დაებანა, მაგრამ ის გრძნობს პასუხისმგებლობას.

დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, არანაკლებ მძიმე, ვიდრე 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა.

კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.სხვა შემთხვევაში გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის კრიზისი, არამედ ჩნდებოდა სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც.

როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალაში იწყება ქაოსი, ქვეყანაში კი არ არსებობს სხვა პოლიტიკური ცენტრები, რომელთაც შეუძლიათ, გადაიბარონ პასუხისმგებლობა, უდიდესია საფრთხე, რომ პარტიის კრიზისი სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდოს.

ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს საფრთხე დაინახა და მიიღო მისთვის ძალიან არაკომფორტული გადაწყვეტილება.

პროცესების განვითარების კანონზომიერება მეტისმეტად თვალში საცემი იყო, ამიტომაც მოვუწოდებდი პოლიტიკაში დაბრუნებისკენ.

- ჯერჯერობით "ქართულ ოცნებაში" დიდი დაბნეულობაა. დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობს. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც გადაწყვეტილი აქვს?

- მე ადრეც მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგი იქნება.

ის პოლიტიკაში დაბრუნდა და, კი ბატონო, დაალაგებს შიდაპარტიულ ქაოსს, მაგრამ აქ ვერ გაჩერდება - დაბრუნებით მან კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა იმ გამოწვევების გადასალახავად, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ეს არის სოციალური, ეკონომიკური და ა.შ. პრობლემები და სერიოზული რეფორმის ჩაAსატარებლად მას სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია. პირდაპირ ვთქვათ - ამ მიმართულებით ბევრი კითხვაა. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მას საზოგადოება ისე აღარ ენდობა, მაგრამ ამის გარკვევის ერთადერთი გზა არჩევნებია. თუ ის საარჩევნო გზით ლეგიტიმაციას მიიღებდა, ეს უფრო გააძლიერებდა და ქვეყანაში რეფორმების გატარების მეტ ბერკეტსაც მისცემდა, მაგრამ ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა, ალბათ, ის შეარჩევს კანდიდატურას, რომელსაც გამარჯვება სწორედ ივანიშვილის ფაქტორით ექნება გარანტირებული... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარეობაც იკმარებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად და არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკიც დასრულდება...

- აქამდეც ცხადი იყო, რომ ის მთლად არ ჩამოშორებია პოლიტიკურ პროცესებს. ბევრს დღესაც სწამს, რომ ქვეყანას კულუარებიდან სწორედ ის მართავდა. ისმის კითხვა: რატომ ვეღარ მოხერხდა იმავე რეჟიმით ვითარების კონტროლი?

- გეთანხმებით, მას ჩრდილიდან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში უწევდა მონაწილეობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ის აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რადგან ეს

პოლიტიკური ელიტა ვერ გაიზარდა, ვერ განვითარდა, ვერ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ივანიშვილი გამუდმებით ცდილობდა ძალაუფლების დათმობას, მაგრამ პოლიტიკური ელიტა ამ ძალაუფლებას ისევ და ისევ უკან უგდებდა.

ეს ჩრდილოვანი მართვა აზიანებდა ქვეყანასაც, ამიტომ აუცილებელიც კი იყო ივანიშვილის გავლენის ფორმალიზება. განცდა, რომ ისევ ივანიშვილი იყო ქვეყნის მმართველი, იყო ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი კვლევები და ანგარიშები. საბოლოოდ ყველაფერი მაინც ყოფილ პრემიერს ჰბრალდებოდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა - გააჩაღეს სახლობანა და საკუთარი ბოსტნების შემოღობვა...

ვფიქრობ, ივანიშვილის გადაწყვეტილების ერთ-ერთი კატალიზატორი ესეც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით აღდგა ინსტიტუციური წესრიგი.

- "ქართულ ოცნებაში" გაჩაღებული ბოლოდროინდელი დაპირისპირებებით გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ე.წ. ახლების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო კობახიძე-კალაძესთან, უპირისპირდებოდა ე,წ. ძველების ჯგუფს, რომლის უკანაც პრემიერი კვირიკაშვილი მოიაზრებოდა..

- ეს პროცესის ძალიან გამარტივებული სურათი მგონია. ვიღაც შეიძლება ცდილობდა, ეს ვითარება წარმოეჩინა, როგორც "ბნელებისა" და "პროგრესულების" დაპირისპირება, თუმცა ასე არ არის. ეს ახალგაზრდებიც, ჩემი აზრით, პროგრესისგან კარგა შორს არიან და ამის ბევრი არგუმენტი არსებობს, მაგალითად, საკონსტიტუციო პროცესი, მოსმენების კანონმდებლობა და ა.შ. ეს ე.წ. ახლები განსაკუთრებით აგრესიული ავტორიტარული განწყობით გამოირჩეოდნენ და ეს პარლამენტის მართვასაც ეტყობოდა. უმრავლესობის ნაწილის პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მათ არაფერს ეკითხებოდნენ და ერთპიროვნულად ცდილობდნენ გადაწყვეტილებების მიღებას. ვერც იმას ვიტყვი, რომ ის ნაწილი, ვინც ბოლო ხანს პროტესტს გამოთქვამდა, მაინცდამაინც კვირიკაშვილთან ასოცირდებოდა. ჩვენ ვხედავდით ორივე დაპირისპირებული მხარის დაბალი დონის პოლიტიკურ თამაშებს, რაც საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლით, ტრაგიკომედიად გამოჩნდა.

უკვე ვთქვი, რომ "ქართული ოცნების" უმთავრესი პრობლემა იდეოლოგიური სხვადასხვაობაა, ეკლექტიკა, რომლის დაძლევა ვერ მოხერხდა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. მე მათ "გადამწიფებულ თინეიჯერებს" ვეძახი. შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ - ეს პოლიტიკური ტერმინია. ვერ გაიზარდნენ, ვერაფერი ისწავლეს და როგორც კი მასწავლებელი ცოტა ხანს კლასიდან გავიდა, სკოლა დაიმხვეს თავზე.

ბიძინა ივანიშვილის პრობლემა ის იყო, რომ ეგონა, შეკრიბა ვუნდერკინდები, რომლებიც სწრაფად ისწავლიდნენ ყველაფერს და დაიწყებდნენ მუშაობას, მაგრამ სინამდვილეში ხელში ძნელად აღსაზრდელთა ჯგუფი შერჩა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობაა...

სწორედ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო და ამიტომ გადაწყვიტა დაბრუნება. ახლა ივანიშვილი ვიღაცას სკოლიდან "გარიცხავს", ვიღაცას კუთხეში დააყენებს, ზოგიერთს მკაცრად დასჯის, თუმცა შეიძლება ვიღაც შეაქოს კიდეც... ის დაალაგებს ვითარებას და კიდევ ერთხელ ეცდება, ამ ახალგაზრდებს სკოლა როგორმე დაამთავრებინოს...

- ყველა დიდი ინტერესით ელის ამ ცვლილებებს. ფაქტია, რომ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება დასაყრდენი. რომელი ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ეს საყრდენი და არის კი "ქართულ ოცნებაში" განახლების რესურსი, თუ სადმე სხვაგან უნდა ეძებოს?

- გეთანხმებით, რომ საჭიროა რეფორმატორთა გუნდი, რომელშიც ადამიანები ერთი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმისა და სტრატეგიის ირგვლივ იქნებიან გაერთიანებული... ვფიქრობ, ამისთვის რესურსი მცირეა, თუმცა ბოლო პერიოდში რეფორმატორული პოტენციალი გამოჩნდა. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბოსტნის შემოღობვას არ ცდილობდნენ და ამ იწილო-ბიწილოში არ იყვნენ გარეული. ვფიქრობ, ივანიშვილს დასჭირდება შევსება გარედანაც.

ბიძინა ივანიშვილს და ყველას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბევრი დრო არ აქვთ. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება. საზოგადოების იმედგაცრუება დიდია, თანაც ივანიშვილს შეცდომის უფლება აღარ აქვს - პირველივე შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მისთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც".

ვფიქრობ, მთავრობაშიც არის რამდენიმე მინისტრი, რომლებიც ივანიშვილის საყრდენად შეიძლება მივიჩნიოთ...

- ვის გულისხმობთ?

- აი, თუნდაც კახი კახიშვილს, რომელმაც ინტრიგებისა და მამაძაღლობის გარეშე მოახერხა რეფორმის გატარება. ის ამ ხნის განმავლობაში თავის საქმეს აკეთებდა, თანაც - კარგად...

ასევე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გიორგი გახარია, რომელიც ცდილობს, რაღაც შეცვალოს. საინტერესოდ მეჩვენება ბახტაძის ბოლო ინიციატივები, მაია ცქიტიშვილის საქმიანობაც იმედს იძლევა... ეს ოთხი ადამიანი შეიძლება გახდეს "ქართული ოცნების" ძირფესვიანი განახლების ფუნდამენტი.

- თქვენი აზრით, ვის მოუწევს წასვლა?

- გამიჭირდება პერსონალურ საკითხებზე ლაპარაკი, ეს არც მნიშვნელოვანი მგონია, რადგან აშკარაა სისტემური კრიზისი, ამიტომ ადამიანების წასვლა-მოსვლა მთავარი არ არის, მთავარია, მართვის ტექნოლოგია შეიცვალოს.

მარტივ მაგალითს გავიხსენებ: ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებულ ლიდერად იყო შერაცხილი, ერთ დღეს გამოაცხადა "იბერიის გაბრწყინების" გეგმა და სამ დღეში გადადგა, მომდევნო სამ დღეში კი ყველას დაავიწყდა.

- როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ გიორგი კვირიკაშვილი განიხილება?

- ვიცი, რომ ცოტა ხნის წინ განიხილებოდა, მაგრამ უარი თქვა, რაც მცდარი გადაწყვეტილებაა. არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი "ქართული ოცნების" დღის წესრიგში კვლავაც დადგეს.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, პროცესი სწორედ ასე განვითარდეს - კვირიკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელონ, ივანიშვილი კი კვლავ პრემიერი გახდეს...

- არა მგონია, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. მმართველი პარტიის ლიდერობა საკმარისი ინსტრუმენტია სახელისუფლებო ინსტიტუტებზე გავლენისთვის. საბოლოოდ სწორედ პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრსაც. თუ ივანიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სწორად გადაალაგებს და იქ თავს მოიყრიან ქვეყნის მართვისთვის საჭირო ადამიანები, მმართველობის პრობლემაც გადაიჭრება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოში შეიძლება თქვენც გიხილოთ...

- არა, ეს გამორიცხულია. პარტიული საქმიანობა არ არის ჩემი საქმე, თუმცა პარტიის მიღმა თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ. ამაზე ახლა არ ვფიქრობ, თუმცა, თუ საჭიროება იქნება, შეიძლება გარკვეული დროით რაღაც პროცესში ჩავერთო...

- არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა, შესაძლოა, პარტიის მართვისგან ჩააჩოჩოს ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ე.წ. ახლების ზოგიერთი სხვა წარმომადგენელი...

- თუ მათ პარტიაში საკუთარი გავლენის დომინირების ილუზიები ჰქონდათ, ჩემი აზრით, ეს უნდა დაივიწყონ. მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი, რის შანსსაც, ვფიქრობ, ივანიშვილი მისცემს.

რაც შეეხება კალაძეს, მას ქალაქში უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი, მძიმე და პრობლემურ მეურნეობას უნდა გაუძღვეს და ამ პოლიტიკური იწილო-ბიწილოსთვის მაინცდამაინც არ უნდა ეცალოს. მისი პოლიტიკური მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიხედავს ქალაქს.

- ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ გადაწყდა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი და მას აუცილებლად "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს?

- ვფიქრობ, დიახ. გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციაც ძალიან უიმედოდ გამოიყურება. ეს დაკნინების, დეგრადაციის პროცესი მთელ პოლიტიკურ ელიტას შეეხება, როგორც მმართველს, ისე - ოპოზიციურს.

"ქართული ოცნების" გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ თავიანთი ფავორიტების გამოკვეთას და მათ ლობირებას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახლა მოსვლა არის კოშმარი მთელი პოლიტიკური ელიტისთვის, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც... ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უხარიათ, მაგრამ სინამდვილეში მათთვის ეს კოშმარია, რადგან მათ პოლიტიკურ გეგმებს, ბოსტნებისა და გავლენების გაფართოების სურვილს ბოლო მოეღო...

ოპოზიციაც ამ დღეშია - იმედი ჰქონდათ, რომ "ქართული ოცნების" დასუსტების ხარჯზე რაღაცას მოახერხებდნენ, მაგრამ მათი იმედიც დასამარდა. სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ ისევ ორი პოლიტიკური ცენტრი შეგვრჩება ხელთ, არადა, საზოგადოებაში აშკარად ჩანს ახალი, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების სურვილი, ოპოზიცია კი ამ დაკვეთას ვერ ასრულებს.

- საინტერესოა, გიორგი მარგველაშვილს თუ აქვს შანსი, რომ ასეთი ცენტრი სწორედ მის გარშემო შეიქმნას?

- ვფიქრობ, მას ჰქონდა ამის პოტენციალიც და შანსიც, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

- ორიოდე სიტყვით მინდა შევეხოთ სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად პრეზიდენტობიდან პრემიერის სავარძელში გადანაცვლებულ სერჟ სარგსიანს თანამდებობის დატოვება მოუხდა...

- დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად დადებითი პროცესია. მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო სომეხ ხალხს. თუმცა საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ რევოლუციურ ცვლილებებს მაინცდამაინც კარგი შედეგი არ მოსდევს ხოლმე. ჯობს, მოვლენები კონსტიტუციურ ფარგლებში ვითარდებოდეს. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ჭრილს, რაც ჩვენთვის საინტერესოა, აქ დიდ ცვლილებებს არ ველი. განა იმიტომ, რომ სომხეთში ამის სურვილი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათ მანევრის საშუალება არა აქვთ. სომხეთს ჰყავს ოთხი მეზობელი, მათგან სამი მისთვის პოტენციურად ძალიან დიდი საფრთხეა. გეოპოლიტიკურ ჩიხშია სომხეთი, მას რუსეთის გავლენისგან გამოსვლის ფუფუნება არა აქვს. რუსული ქოლგა შეიძლება მისთვის ძალიან არასასურველია, მაგრამ ობიექტურად აუცილებელიც არის.

- ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება კორეის ნახევარკუნძულზე - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრის მოწმენი გავხდით, მანამდე კი კიმ ჩენ ინიმ ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე გააკეთა განცხადება...

- ჩვენ ვხედავთ კეთილგანწყობას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ფასადურია. ნაადრევია დასკვნების გამოტანა და გადაჭარბებული ოპტიმიზმი. აქამდე ჩდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დაცინვას და ქილიკს კი ვისმენდით, მაგრამ ის დახვეწილი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. არა მგონია, ის ამ პარტიას აგებდეს... ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, დიდია აშშ-ის როლი. წინ გველის კიმ ჩენ ინისა და ტრამპის შეხვედრა, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პოლიტიკური ჭადრაკი.

ნათია დოლიძე