"მოტყუებულ მიგრანტთა რიცხვი მართლაც დიდია"
30-04-2018
"მოტყუებულ მიგრანტთა რიცხვი მართლაც დიდია"
დასაქმება ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში წამსვლელს საქართველოს ტერიტორიაზევე უნდა ჰქონდეს სპეციალური ვიზა, დასაქმების ნებართვა და კონტრაქტი დამსაქმებელთან. ამასთან, უცხოეთში საქართველოს მოქალაქის დამსაქმებელი ფირმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა იმყოფებოდეს აღრიცხვაზე. ჯობს უცხოეთში დასაქმების მსურველმა ჯერ დარეკოს სამინისტრის ცხელ ხაზზე და გადაამოწმოს ინფორმაცია ფირმის შესახებ, რომელიც მას უცხოეთში დასაქმებას ჰპირდება... ამგვარად, თაღლითური გზით მოტყუებას ბევრი ადამიანი აცდება

ჯერ იყო და, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე
შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორად მოგვევლინა, შემდეგ კი კანონპროექტზე ხელის მოწერა ინანა და მისი უკან გაწვევა­ მოითხოვა. მოგვიანებით, ისევ დათანხმდა კანონპროექტის ინიცირებას (როგორც ამბობს, რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თურმე სხვა გზა არ ჰქონია), მაგრამ ზოგიერთი რეგულაციის უკეთესი კორექტირების იმედი დღემდე აქვს. როგორ აღმოჩნდა
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ დიდ გაუგებრობაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზვიად კვაჭანტირაძე: - მე ამ კანონპროექტის ავტორი არა ვარ, მაგრამ მას თანაინიცირება გავუკეთე, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ მასში არის პუნქტები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებული, რასაც არ ვეთანხმები. ამიტომ ვიფიქრე, რომ ასეთი ცვლილებების ინიციატორი არ უნდა ვყოფილიყავი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განხილვაში­ მონაწილეობას არ მივიღებდი. მარტო მე რომ ვყოფილიყავი ამ კანონპროექტის ინიციატორი, შემეძლო უკან გამეწვია, მაგრამ სხვებთან ერთად მოვაწერე მას ხელი. ამიტომ რეგლამენტით გათვალისწინებული წესებით ამ კანონპროექტის უკან გამოწვევას მხოლოდ მე ვერ მოვახერხებ.

ცვლილებები და რეგულაცია აუცილებელია, რათა ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას, ოღონდ მიმაჩნია, რომ სს კოდექსთან დაკავშირებული ზოგიერთი­ რეგულაცია არ უნდა იყოს იმ სახით, როგორც არის ასახული კანონპროექტში. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სს პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება (სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა ახალი - სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე). სამუშაო ჯგუფთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ სადავო საკითხებზე, იმედია, კოლეგების დათანხმებასა და რაღაც-რაღაცების შეცვლას შევძლებ.

- საეჭვო ფირმები ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ზონაში დასაქმებას ჰპირდებიან, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კი მათ უმძიმეს პირობებში, ქუჩაში უწევთ ცხოვრება.
- დიახ, უცხო ქვეყნებში დასაქმებას, ოქროს მთებს ჰპირდებიან და უფრო დიდ გასაჭირში აგდებენ. არა მხოლოდ საეჭვო რეპუტაციის ფირმები, თაღლითებიც მრავლად არიან, მხოლოდ ელფოსტით არიან ინტერნეტსივრცეში დარეგისტრირებული.

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი მიგრაციის საკითხებში, ზაალ სარაჯიშვილი ესაუბრა:

- მოქალაქემ, რომელიც შენგენის ზონაში აპირებს გამგზავრებას, უნდა შეავსოს ონლაინაპლიკაცია და გადაიხადოს 7 ევრო. როგორც ვიცი, ევროკავშირმა თავად განგვისაზღვრა ეს რეგულაცია. ევროკავშირში ერთიანი სასაზღვრო სისტემა არ არსებობს, ამიტომ ყველა ქვეყანა თავისებურად არეგულირებს სასაზღვრო კონტროლის ინსტიტუტებს. ჩანს, მათ წინასწარ სჭირდებათ ინფორმაცია ჩვენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც შენგენის ზონაში საზღვრის გადაკვეთას აპირებენ. ონლაინაპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია გარკვევა, მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის უფლება ეძლევა თუ არა. ონლაინრეჟიმში მიღებული უარი ნიშნავს, რომ მას აღარ მოუწევს საზღვრამდე მისვლა და შესაბამისად, ხარჯის გაწევა. ის წინაწარ გაფრთხილებულად ჩაითვლება.

- ადრე საეჭვო რეპუტაციის ფირმები ჩვენს მოქალაქეებს ვიზას და უცხოეთში გამგზავრებას დიდი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. ახლა კი უცხოეთში დასაქმების სანაცვლოდ თანხებს ხომ არ სძალავენ?
- მოტყუებულ მიგრანტთა რიცხვი მართლაც დიდია. დასაქმება ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში წამსვლელს საქართველოს ტერიტორიაზევე უნდა ჰქონდეს სპეციალური ვიზა, დასაქმების ნებართვა და კონტრაქტი დამსაქმებელთან. ამასთან, უცხოეთში საქართველოს მოქალაქის დამსაქმებელი ფირმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა იმყოფებოდეს აღრიცხვაზე. ჯობს უცხოეთში დასაქმების მსურველმა ჯერ დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე და გადაამოწმოს ინფორმაცია ფირმის შესახებ, რომელიც მას უცხოეთში დასაქმებას ჰპირდება... ამგვარად, თაღლითური გზით მოტყუებას ბევრი ადამიანი ასცდება.

- ახალი კანონპროექტით საქართველოში შემომსვლელებისთვის ახალი რეგულაცია დაწესდება, რომლის მიხედვითაც, აეროპორტებს 48 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელთა და გამსვლელთა შესახებ. "ნაციონალური მოძრაობა" თვლის, რომ ამ რეგულაციას დააწესებენ სააკაშვილის გამო, რომელიც საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი ხომ არ დაჰკრავს?
- სააკაშვილი ჩამოსვლას თუ გად­აწყვეტს, არა მგონია, ეს უხმაუროდ გააკეთოს. სანამ აეროპორტამდე მივა, ამ ფაქტის შესახებ მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს ეცოდინება. ყველამ იცით, თუ როგორი პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა, ის დაანონსების გარეშე არ დაბრუნდება.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით