"მეორედ მოსვლის" ამოცანა - კვირის პალიტრა

"მეორედ მოსვლის" ამოცანა

"თუ ივანიშვილმა 2012 წელს შეძლო სააკაშვილის ხელისუფლებაზე გამარჯვება, დღეს მან უნდა შეძლოს "ქართული ოცნების" მანკიერი მემკვიდრეობის დამარცხება"

ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხდება. არადა, ჯერ კიდევ 2015 წელს აცხადებდა, რომ მისი დაბრუნება "მეორედ მოსვლის" ტოლფასი იქნებოდა. "რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში და იმასაც განმარტავდა, თუ რა შემთხვევაში დაბრუნდებოდა: "პოლიტიკაში დავბრუნდები, თუ რაღაც საოცრება მოხდება, თუ მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს და მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც სააკაშვილის დროს მოხდა".

ვისთვის აღმოჩნდება წარმატებული მისი "მეორედ მოსვლა" და ვისთვის, პირიქით, დამარცხების ტოლფასი? - "კვირის პალიტრა" "ქართული ოცნების" წევრებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

"პოლიტსაბჭო განახლდება"

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს გაცილებით მეტ დინამიკას, მეტ კონსოლიდაციას, პარტიის გაჯანსაღებასა და კარგ შედეგებს, რაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიტიურად აისახება. აქედან გამომდინარე, ყველას ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი ემოციები აქვს პარტიაში.

- მაგრამ მას არ სურდა დაბრუნება. რა გახდა ამის მიზეზი?

- მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ კრიზისსა და შიდა დაპირისპირებასთან არ არის დაკავშირებული მისი გადაწყვეტილება.

- პარტიაში დაპირისპირება აშკარაა.

- კი, მაგრამ, სანამ ეს გამოჩნდებოდა, ბევრად ადრე მიმდინარეობდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან. ჯერ კიდევ თვეების წინ გუნდმა შესთავაზა, რომ დაბრუნებულიყო პარტიის ხელმძღვანელად.

ქვეყანაში ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ღარიბი ქვეყანა ვართ და პრობლემა გაცილებით მეტია იმაზე, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის აღმოფხვრის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი შინაგანი და ინტელექტუალური რესურსი, რომ ქვეყნის განვითარების დინამიკა გაძლიერდეს. მას როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა სთხოვს პარტიაში დაბრუნებას და რატომაც არა?!

- ცვლილებები პარტიაში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელია?

- საუბარი, რომ ცვლილებები იქნებოდა აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში, არ ყოფილა. პოლიტსაბჭო კი ის აუცილებლად განახლდება.

"არ დაგვავიწყდეს, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია"

დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას დადებითად ვაფასებ. მნიშვნელოვანია ის, რომ მას პრემიერმა სთხოვა დაბრუნება. არ დაგვავიწყდეს, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. გუნდს დამატებითი სტიმული და წახალისება სჭირდება. ის ხალხი, ვინც 2012 წელს ჩვენ გვერდით იდგა, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. მათთვის დიდი სტიმულია ივანიშვილის დაბრუნება და "ქართული ოცნების" კანდიდატის გამარჯვებისთვის ხელშეწყობა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"დღეს მთავარია ხალხის აპათიიდან და დეპრესიიდან გამოყვანა"

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: - რატომ შეიძლება დაბრუნებულიყო ივანიშვილი, შეგვიძლია ვარაუდები განვიხილოთ. პირველი არის ის, რომ პარტია "ქართული ოცნება" დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ, მოდი, ასე დავსვათ საკითხი - პარტიაში არსებული დაპირისპირებით სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისი მწიფდებოდა თუ არა ქვეყანაში? მე ასე კრიტიკულად ვერ შევაფასებ ვითარებას. რატომ? ოპოზიცია მეტისმეტად სუსტია და "ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირებით სარგებლობაც კი არ შეუძლია. ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავარი ინსპირატორი, ალბათ ის იყო, რომ "ქართული ოცნება" არ არის ერთი სტრატეგიული ხედვით ან იდეოლოგიური ღირებულებებით შეკრული გუნდი და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ მას დიდი საფრთხე შეუქმნა, მარტივ მამრავლებად დაშლამდე მიიყვანა. ამიტომ დასჭირდა პარტიას გამაერთიანებელი ფაქტორი.

მეორე ვარაუდი ნაკლებად საფუძვლიანად მიმაჩნია. კერძოდ, ის, რომ სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი გახშირდა და ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, ხელახლა აეღო ხელში პარტიის მართვის სადავეები. ამ ვარაუდის მაღალ ალბათობას ვერ დავუშვებ, იმიტომ, რომ უკვე მერამდენე არჩევნებია, რაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს და არ ჩამოდის. ივანიშვილმა კი, ფაქტობრივად, პოლიტიკაში მოსვლის ბოლო შანსი გამოიყენა. წარმოუდგენელია, რომ ის კვლავ წავიდეს, მერე დაბრუნდეს და ა.შ.

კიდევ ერთი ვარაუდი - ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. არც ეს ვერსია მიმაჩნია კარგად დასაბუთებულად, ვინაიდან ოპოზიცია სუსტია, ისიც კი არ შეუძლია, რომ გაერთიანდეს და საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს. აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა "ოცნების" ყველაზე ურეიტინგო კანდიდატსაც კი ვერ გაუწევს კონკურენციას. ფაქტია, ივანიშვილმა ძალიან მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკაში დაბრუნებით, რადგან იმ პოზიციაში, სადაც ის იყო, მის გადადგომას ვერავინ მოითხოვდა, პოლიტიკაში მისი შემოსვლა კი ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად მოშიშვლებულია ნებისმიერი დარტყმისთვის. თუმცა ყურადსაღებია ერთი გარემოება - ბატონი ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში არა როგორც რომელიმე ინსტიტუციის ხელმძღვანელი, არამედ როგორც პარტიის თავმჯდომარე, სადაც ის ასევე ხელშეუხებელია. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პრეცედენტს მსოფლიოში, სადაც ხალხი რომელიმე პარტიის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით გამოსულიყო ქუჩაში. ასე რომ, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების ყველაზე უმტკივნეულო ფორმა მონახა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პრემიერობა ან პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა დააპიროს, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარეობა ნიშნავს, რომ მმართველ პარტიასთან ანგარიშვალდებულია როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება და თვით "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პრეზიდენტიც. ამგვარად, ივანიშვილი კვლავ ყველა შტოს ოფიციალურ კონტროლს აიღებს ხელში.

- 2012 წელს მისი მიზანი გასაგები იყო, არსებული ხელისუფლების შეცვლა სურდა. ახლა რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს?

- მართალია, მას კონკურენტი ძალა არ ჰყავს, მაგრამ მაინც დიდი გამოწვევების წინაშე დგას - მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქაოსი სახელმწიფო მართვის სისტემაში, არაეფექტიანი მმართველობა, არაპოპულარული სახელისუფლებო ძალა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მაშინ მას მხარს უჭერდა საზოგადოების დიდი ნაწილი, ახლა ასე არ არის.

მოკლედ, თუ ივანიშვილმა 2012 წელს შეძლო სააკაშვილის ხელისუფლებაზე გამარჯვება, დღეს მან უნდა შეძლოს "ქართული ოცნების" მანკიერი მემკვიდრეობის დამარცხება. მარტივი ამოცანა არა აქვს გადასაჭრელი. სიმართლე გითხრათ, პარტიაში არსებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ვფიქრობ, მათ უნდა მიეცეს კონკურენციის საშუალება, უბრალოდ, თამაშის წესებია შესაცვლელი. ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ სიახლეებზე ფიქრის საშუალება, ძველი თაობიდანაც შესაძლებელია პოზიტიური იდეების წამოღება. ამ ჯგუფებს კონკურენციის საშუალება უნდა მიეცეს, ოღონდ ივანიშვილის გვერდზე, თავისუფალი აზრის დათრგუნვა ვერ იქნება პრობლემებიდან გამოსვლის საშუალება. მეორე - უნდა შეიცვალოს საკადრო მიდგომა. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მორჩილ ადამიანებზე, სწორედ განსხვავებულ აზრს უნდა მიექცეს ყურადღება. პირველი ინდიკატორი, ამ თვალსაზრისით, იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მალე გაირკვევა, ის იმსახურებს საზოგადოების პატივისცემას თუ მორჩილების ნიშნით შეირჩა.

- როგორც ვიცით, პარტიაში უკვე იყო საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი...

- ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან. ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თავად იქნება პასუხისმგებელი იმ კანდიდატზე, რომელსაც "ქართული ოცნება" წამოაყენებს. მნიშვნელოვანი იქნება კორუფციასთან ბრძოლაც. სწორედ მისი პრემიერობიდან წასვლის შემდეგ "ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი გახდა კორუფციასთან დაკავშირებული კომპრომატებით ხალხის მართვა. ამით

დაბრუნდა შევარდნაძის სტილი, სრული განუკითხაობა სუფევდა გუბერნატორებისა და გამგებლების დონეზეც, რაზეც პარტია კი არ წუხდა, პირიქით, კორუფციაში მხილებულ პირებს უფრო იოლად მართავდა.

და რაც მთავარია, აუცილებელია ხალხის აპათიიდან და დეპრესიიდან გამოყვანა: ქვეყანას სჭირდება სტრატეგიული, გამაერთიანებელი იდეა, რომლის გარშემო დაირაზმებიან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლა" შედეგიანი.

- ამ პროცესებს ალბათ, გადაჰყვებიან ბობოლა თანამდებობის პირები...

- წარმოუდგენელია, ივანიშვილმა ხვალვე აიღოს დიდი ცოცხი და გამოგავოს მთლიანად პარტია, მაგრამ თუ დროულად არ შეიცვალა ბევრი რამ და ვიღაცები ამ პროცესს არ გადააყოლა, თავად გადაჰყვება დაჭაობებულ "ქართულ ოცნებას".

"მამათა და შვილთა" დაჯგუფება

დავით ლორთქიფანიძე, "ქართული ოცნების" წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი: - ბიძინა ივანიშვილი რომ არ დაბრუნებულიყო, პარტია ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდოდა. ყველამ იცის, რომ პარტიაში სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფები გაჩნდა და მათ შორის გავლენებისთვის ბრძოლა გაჩაღდა. მათ უკვე "მამათა და შვილთა" დაჯგუფებად მოიხსენიებენ.

ახალგაზრდების ჯგუფში მოიაზრებოდნენ კობახიძე, ზარდიაშვილი, მდინარაძე, სამხარაძე და სხვა; მეორე მხარეს პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებად მოგვევლინენ ქანთარია, ჭიჭინაძე, ფოფხაძე, პაპუაშვილი და ა.შ.

ამ დაჯგუფებაში არიან ადამიანები, რომლებსაც 2012 წელს წვლილი აქვთ შეტანილი "ქართული ოცნების" გამარჯვებაში. მოკლედ, ზემოხსენებულთა შორის თანდათან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა და პოზიციების შეუთავსებლობამ იჩინა თავი, რაც სწრაფად უნდა აღმოფხვრილიყო, ეს საზოგადოების დაკვეთა გახლდათ. კრიზისი განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობოდა, პარტიულ სტრუქტურებს თანდათან ჩამოსცილდნენ ის პირები, რომლებიც 2012 წელს ივანიშვილის მხარდამხარ იბრძოდნენ და მიზეზთა გამო პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდნენ. ამას დაემატა საკადრო პოლიტიკის კრიზისი. ვინ ვის ლობირებდა ამა თუ იმ თანამდებობაზე, გაძნელდა გაგება. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე წარდგენილ სიებსა თუ მაჟორიტარ კანდიდატებზე. ხშირ შემთხვევაში გაოცებას იწვევდა "ქართული ოცნებისთვის" შეუფერებელი კანდიდატების დასახელება და ამის გამართლება იმით, რომ ასე სურდა ბატონ ბიძინას. ამ დროს

ივანიშვილი სულაც არ ერეოდა ამ პროცესში. მისი სახელით სარგებლობდნენ სხვები და საკუთარ ინტერესებს ნიღბავდნენ.

ზემოთ ხსენებულ საკითხებზე გავლენას ვერ ახდენდა პოლიტსაბჭო, რომელიც ქმედუუნარო იყო. ვინ სარგებლობდა ივანიშვილის სახელით? ასეთები ორივე დაჯგუფებაში იყვნენ. ვფიქრობ, ამის შესახებ ინფორმაცია დაუგროვდა ბიძინა ივანიშვილს და ახლა ცოტა დრო აქვს, რომ ყველაფერი დაალაგოს. პოლიტიკაში დაბრუნებით, მის შესახებ ყველა ინსინუაცია დასრულდება.

ეკა ასათიანი