რევოლუცია სომხურად?! - კვირის პალიტრა

რევოლუცია სომხურად?!

"ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის მოსაზრებებს იზიარებს და ამბობს, რომ პრემიერი უნდა იყოს ის, ვისაც ხალხი აირჩევს"

ორ კვირაზე მეტია, სომხეთში დემონსტრაციები გრძელდება. გამოსვლები პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის პრეზიდენტის პოსტიდან პრემიერის თანამდებობაზე გადასვლას მოჰყვა და ერევნის გარდა, სომხეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ცვლილებების მოთხოვნა წამოაყენა, ერევნის ქუჩებში მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა. არის თუ არა სომხეთი ახალ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, შემცირდება თუ არა მასზე რუსეთის გავლენა, რა შეიცვლება დემონსტრაციების შედეგად სომხეთში, ამ თემებზე მსჯელობა არ წყდება. ოფიციალურმა მოსკოვმა მხოლოდ რამდენიმე განცხადება გააკეთა, თუმცა ჟურნალისტების თქმით, მას მუდმივი, ფარული კავშირი აქვს სომხეთის მმართველ ძალასთან.

რუზან გიშიანი, ჟურნალისტი: "აქციების მონაწილეთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უნდა გახდეს, რადგან მან დემონსტრაციების ორგანიზება შეძლო. ვინც რესპუბლიკურ პარტიას თვლის გავლენიან ძალად, ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა უნდა აირჩიოს. არჩევნებს 1-ლი მაისისთვის აპირებენ, თუმცა გამოკვეთილი კანდიდატურა ჯერ არ ჰყავთ. ამ სიტუაციაში ერთადერთი ლიდერი ფაშინიანია. მისი თქმით, ეს პროცესები სომხეთის საშინაო საქმეა და მასში ჩარევის უფლება რუსეთს არა აქვს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფაშინიანის მოსაზრებებს იზიარებს და ამბობს, რომ პრემიერი უნდა იყოს ის, ვისაც ხალხი აირჩევს. დემონსტრაციები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, მთელ ქვეყანაში გაიშალა. ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და შემდეგ ხელისუფლებაზე. რაც შეეხება კარენ კარაპეტიანს, მან ფაშინიანთან ჟურნალისტებისა და კამერების თანდასწრებით შეხვედრაზე უარი განაცხადა. ის ღელავს, რადგან იცის ხალხის განწყობა. თუმცა, თუ გადაწყდა, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, მას შანსი აქვს, რადგან იქ მმართველ ძალას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს და ისინი ფაშინიანს არ აირჩევენ. ვითარება დაძაბულია. ხალხი დაიღალა უსამართლობით, გაჭირვებით და ადვილად არ დათმობს პოზიციებს. სერჟ სარგსიანმა 2015 წელს განაცხადა, რომ არ აპირებდა პრემიერ-მინისტრობას და შემდეგ როგორ მოიქცა? ამას ემატება ყარაბაღთან დაკავშირებული შეცდომები, კორუფცია და ა.შ. მისი პრემიერად არჩევა ბოლო წვეთი იყო!"

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის, გიორგი კანაშვილის აზრით, სომხეთში რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა პროცესებს შესაძლოა დემოკრატიის ოდნავი გაუმჯობესება მოჰყვეს და ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

- ვიღაცებს ეგონათ, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტია უფრო ადვილად დათმობდა პოზიციებს, ამის იმედი ჰქონდა ოპოზიციასაც. დეზორიენტაციული პროცესები რესპუბლიკელებშიც დაიწყო, თუმცა 27 აპრილს კარენ კარაპეტიანი პუტინს ესაუბრა, რის შემდეგაც ნაკლებად დამთმობი გახდა.

- პუტინის მხარდაჭერა მიიღო?

- სავარაუდოდ... თუ რუსეთი აქამდე მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა, ახლა ეტყობა, ხელისუფლებას რაღაცებს დაჰპირდა, რადგან მათი პოზიციები უფრო შეურიგებელი გახდა... ახლანდელი ოპოზიცია რომც გაერთიანდეს - "ელკის", გაგიკ წარუკიანის პარტია (სომეხი ოლიგარქი, პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი, რომლის ბლოგის ნახევარმა პრემიერის პოზიციაზე სარგსიანის კანდიდატურას მისცა ხმა) და "დაშნაკციუტუნიც" - მაინც ცოტანი იქნებიან, ვიდრე რესპუბლიკელები.

- შესაძლებელია თუ არა დაბალანსებული ძალა მიიღონ?

- ფაქტია, რომ გარე ძალის პოზიცია ასეთია - შეთანხმდით ისეთ ვარიანტზე, როდესაც 100%-იანი გამარჯვება არც ერთ მხარეს არ დარჩება. ამ ბრძოლის საფუძველი რეალურად ძალაუფლების შენარჩუნებაა. მმართველ ძალას უნდა, რაც შეიძლება მეტი წევრით დარჩეს ძალაუფლებაში.

- გაისმის ანტირუსული მოწოდებები, თუმცა ფაშინიანის თქმით, აქციებზე ანტირუსული განწყობა არ არის.

- თავის დროზე ფაშინიანი უარყოფითად იყო განწყობილი ევრაზიულ კავშირში გაწევრებაზე, ეკონომიკა და გიუმრის ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ყველა სომხური ძალა ეთანხმება და ყველანაირ დათმობაზე მიდიან - ეს არის ყარაბაღი. აზერბაიჯანისათვის რუსული შეიარაღების მიყიდვამ, რომლის შედეგებიც 2016 წლის აპრილის ესკალაციისას ნათლად გამოჩნდა, რუსეთის, როგორც სანდო პარტნიორის სტატუსი ძალიან შეარყია, თუმცა სომხეთის ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე, ადრე თუ გვიან, დაისმება კითხვა - ვინ არის სხვა, იდეალური პარტნიორი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთისთვის სასარგებლო სტატუს კვოს გარანტირებას შეძლებს? ამგვარი მოთამაშე არც რეგიონში, არც მის გარეთ ჯერ არ ჩანს. ასე რომ, რაც უნდა დემოკრატიულად განვითარდეს მოვლენები, სომხეთს ჯერჯერობით მოსკოვის ორბიტაზე დარჩენა მოუწევს.

- საქართველოზე როგორ შეიძლება აისახოს იქ მიმდინარე პროცესები?

- ქართულ-სომხურ ურთიერთობაში ეს ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა ჩვენს სამეზობლოში თუ მეტი დემოკრატია იქნება, კარგია ჩვენთვისაც. დეფიციტური ხილია დემოკრატია რუსეთში, თურქეთშიც სავალალო ვითარებაა. ვიცით, რა ხდება აზერბაიჯანში და ახლა გამოცოცხლება თუ შეეტყო სომხეთს, ეს ძალიან კარგია.

ლალი პაპასკირი