"როდესაც ვიღაც ურევს, სჯობს, ახლოს გყავდეს..." - ივანიშვილი საკუთარ საყრდენად კახა კალაძის ჯგუფს ირჩევს? - კვირის პალიტრა

"როდესაც ვიღაც ურევს, სჯობს, ახლოს გყავდეს..." - ივანიშვილი საკუთარ საყრდენად კახა კალაძის ჯგუფს ირჩევს?

საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პირველი შედეგები უკვე ცნობილია. დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 15 წევრამდე შემცირდა.

სხდომას მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტსაბჭოს გამოეთიშნენ საზოგადოებისთვის ცნობილი დეპუტატები, მათ შორის: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, თემურ ჭკუასელი, სოფიო კილაძე და ა.შ.

პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე "საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორ ჩანს, პოლიტსაბჭოს უმეტესობა ე.წ. კალაძის ფრთით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ.

- კალაძის ჯგუფი არის ფაქტორი, მაგრამ ამას უფრო სხვანაირად შევხედავდი. საერთოდ როდესაც ვიღაც ურევს, ჯობია, ახლოს გყავდეს ვიდრე შორს გაუშვა, ჯობია, რომ მოათვინიერო და თავის ადგილზე მოსვა. ამ შემთხვევაში, რაღაც ზომების მიღება არ იქნებოდა სწორი და ამ ახალგაზრდებს უფრო აქვთ შანსი რაღაც ისწავლონ და იმედია, ასე უფრო გაიგებენ რაღაცას. პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ძალთა გადანაწილების კუთხით არ შევხედავდი, თავი რომ გავანებოთ ჯგუფური გადანაწილების პერიპეტიებს, მე უფრო ვისურვებდი, რომ პოლიტსაბჭო რაღაცით დამსგავსებოდა სახელმწიფო საბჭოს.

მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის მმართველობითი სისტემის კრიზისი, ანუ მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს და ჩემი აზრით, სახელმწიფო მანქანა რომ ამუშავებულიყო და თუ პოლიტსაბჭო დაკომპლექტდებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებით, ეს მმართველობითი კრიზისის გადასალახად უფრო ეფექტური სისტემა იქნებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ფაქტობრივად, არავინაა წარმოდგენილი, ვგულისხმობ, საკვანძო მინისტრებს, თუმცა ამასაც არ შევხედავდი დრამატულად, მაინც პროცესში უნდა ვნახოთ ყველაფერი. მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა თავისი პასუხისმგებლობის ფორმალიზება, შესაბამისად, რადგან პირველი ნაბიჯი გადადგა, ვალდებულია მეორე ნაბიჯიც გადადგას, სხვა გზა არ აქვს. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მმართველობითი სისტემის შეცვლა, ეფექტურობის შეძენა და პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირება ქვეყანაში.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)