"საქართველოში ჩამოსულმა ყველა დიპლომატმა დაგვიტოვა საშინაო დავალება" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ჩამოსულმა ყველა დიპლომატმა დაგვიტოვა საშინაო დავალება"

"შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ხათუნა ოჩიაური წყვეტს, დარჩება თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში"

"სააკაშვილმა თუ პუტინობა გადაწყვიტა, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგვეხმარება"

გასულ კვირას უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების საქართველოში მოზღვავება ხელისუფლებამ თავისი პოზიციის გამყარებად მიიჩნია, ოპოზიციის ნაწილმა კი - სააკაშვილის არაადეკვატური ქმედებების პრევენციად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სხვა ოპოზიციონერებთან ერთად  ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი:

- ცივილიზებული სამყარო ცდილობს აგვისტოს ომის დროს გაცივებული და განულებული ურთიერთობა აღადგინოს რუსეთთან. გადატვირთვისა და ევროკავშირის ახალი პოლიტიკის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, ერთი მხრივ, გაარკვიონ, რა გეგმები აქვს საქართველოს ხელისუფლებას და მეორე მხრივ, მიიღონ  გარანტიები (თუკი ეს შესაძლებელია სააკაშვილისაგან), რომ სიურპრიზებს  აღარ შესთავაზებს.

ჰილარი კლინტონმა თქვა, იმედია, საქართველო მეზობლების პროვოცირებას აღარ მოახდენსო. ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ასახსნელად, თუ რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში. ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა კუშნერმა, როცა თქვა, რუსეთთან უნდა აღადგინოთ ურთიერთობაო. ამ ვიზიტებს არ ჰქონია შიდაპოლიტიკური კონტექსტი. ეს პოლიტიკოსები იმისთვის არ ჩამოსულან საქართველოში (როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ), რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიელოცათ სააკაშვილის გუნდისთვის. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გვითხრეს, - ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ, მხარს გიჭერთ, მზად ვართ თქვენი ინტერესები დავიცვათ, ოღონდ ამის საშუალება მოგვეცითო.

- ჰილარი კლინტონის ნახსენები ოკუპაცია აღარ გაიმეორა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

- ჰილარი კლინტონი პასუხისმგებელი არ არის 12 აგვისტოს ხელშეკრულების ვალდებულებათა შესრულებაზე. საფრანგეთი კი, როგორც ამ ხელშეკრულების მხარე, ცდილობს, იყოს გაცილებით დიპლომატიური, რომ რომელიმე მხარეს (საქართველოს ან რუსეთს) მასთან პრეტენზია არ ჰქონდეს. კუშნერმა მართებულად განაცხადა, - მთავარი ტერმინი კი არა, შინაარსი და მიზანია, რომლისკენაც მივისწრაფვითო. კუშნერმა ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად მოითხოვა რუსეთისგან 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა. რუსეთს თან ოკუპანტი ეძახო და თან სთხოვო მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა, რთული იქნება.

ბატონი კუშნერი  შიდა საკითხებით დაინტერესდა და ბევრი კითხვაც დაგვისვა. საქართველოში ჩამოსულმა ყველა დიპლომატმა დაგვიტოვა  საშინაო დავალება, - ააშენეთ ქვეყანა, შექმენით სტაბილური სახელმწიფო, განავითარეთ ეკონომიკა და ამის შემდეგ დაიწყება თქვენი პრობლემების მოგვარებაო. როგორ გამოიყენებს ამ რჩევებს ხელისუფლება, მომავალში ვნახავთ.

კარგია, თუ სააკაშვილმა კარგად გაიგო, რა უთხრეს პარტნიორებმა. თუ მიხვდა, რომ ძალადობით ხელისუფლების გადარჩენა შეუძლებელია და მით უმეტეს, ძნელი იქნება ძალადობით ქვეყნის გადარჩენა. რას მიხვდა სააკაშვილი, ვნახავთ პირველივე შესაძლო ტესტის დროს, რომლის ჩაბარებაც  მოუწევს.

- ხელისუფლებას უახლოეს გამოცდებში ჩაჭრა კი არა, 60-წლიანი მმართველობის პრეტენზია აქვს.

- სააკაშვილი არც ფიქრობს ხელისუფლებიდან წასვლას. ხათუნა ოჩიაურმა ტელეეთერში განაცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი ახალგაზრდა, ენერგიული კაცია და ხელისუფლებიდან რომ წავიდეს, რა უნდა აკეთოსო? შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ხათუნა ოჩიაური წყვეტს, დარჩება თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ოჩიაურმა გაახმაურა ის განწყობა, რაც აქვს პრეზიდენტს. ეჭვიც არ მეპარება, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას ფიქრობს და საამისო გზებსაც ეძებს, მაგრამ მეორე საკითხია, დაუშვებს თუ არა ამას  საზოგადოება. სააკაშვილმა თუ პუტინობა გადაწყვიტა, საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგვეხმარება.

- "ალიანსის" ყოფილმა წევრებმა  ("ახლებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა") საკრებულოში ფრაქცია შექმნეს. თქვენ რატომ არჩიეთ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა?

- მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, "ალიანსის" წევრებს ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვქონოდა და ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო "ალიანსის" თავმჯდომარემ. ამიტომაც გაუგებარი იყო ჩემთვის სატელევიზიო მომართვები, ქალბატონი თინასთვის ჩვენი ფრაქციის კარი ღიააო.