"აღმაშფოთებელი იყო მარგველაშვილის გაქცევა პარლამენტიდან, ეს სააკაშვილსაც კი არ უქნია" - კვირის პალიტრა

"აღმაშფოთებელი იყო მარგველაშვილის გაქცევა პარლამენტიდან, ეს სააკაშვილსაც კი არ უქნია"

"პარლამენტში მომხდარით წააგო ქართველმა საზოგადოებამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი პარლამენტი და პრეზიდენტი ჰყავს"

"ქართული ოცნების" ადგილზე, საპრეზიდენტო კანდიდატად წამოვაყენებდი სრულიად აპოლიტიკურ ფიგურას. ადამიანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ ექნება, მაგრამ იქნება საქართველოს სახე... და რომელიც აუცილებლად გადაიტანს საპრეზიდენტო რეზიდენციას ორბელიანების სასახლეში

სკანდალური გამოდგა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა, რასაც კრიტიკული დებატებიც მოჰყვა, თუმცა მათი ნაწილი გიორგი მარგველაშვილს არ მოუსმენია - მან პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რეგლამენტის შეცვლაზე უარი თქვა და პრეზიდენტს ყოველი გამომსვლელისთვის პასუხის გაცემის საშუალება სხდომის მსვლელობისას არ მისცა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ მმართველი გუნდი აკრიტიკებდა არა მოქმედ პრეზიდენტს, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატს, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მის საანგარიშო გამოსვლას კი წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ივანიშვილის პოლიტიკურ "მეორედ მოსვლაზე" საუბრით დავიწყეთ...

- დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ანუ არც პარლამენტსა და არც მთავრობაში, არ მოსულა, ის დაბრუნდა თავისი შექმნილი პარტიის ხელმძღვანელად...

- მოდი, დავაზუსტოთ - პარტიისა, რომელიც ხელისუფლებაშია და პირდაპირ თუ არა, ირიბად ეს ხელისუფლებაში დაბრუნებაც არის...

- მე ასე არ ვიტყოდი. მიმაჩნია, რომ მაინც პრინციპული განსხვავებაა პარტიულ ლიდერობასა და ხელისუფლებაში ყოფნას შორის. ის არის პარტიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს თავისივე შექმნილ პარტიას. როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის ლიდერები ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან, ამჯერად ბიძინა ივანიშვილს პარტიის სათავეში ჩადგომისთვის სულ სხვა მიზეზები ჰქონდა.

ჩემი აზრით, მას შეეშინდა იმ აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესების, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში ნინია კაკაბაძის გამო დაიწყო. ამ ყოვლად გაუგებარ და უაზრო დაპირისპირებას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეეძლო არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქვეყნისთვის.

ბიძინა ივანიშვილმაც, როგორც ჩანს, ეს საფრთხე დაინახა და გადაწყვიტა, პარტიულ საქმიანობას ჩასდგომოდა სათავეში. სიმართლე რომ ვთქვათ, ის პოლიტიკური პროცესებისგან მაინცდამაინც შორს არასდროს წასულა. ივანიშვილი აქამდეც მუდმივად მონაწილეობდა პარტიულ თავყრილობებში, ბოლო არჩევნების გარდა, ყველა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული და ა.შ.

ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ის არ მონაწილეობდა ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში.

პარტიას სჭირდება პარტიული ცხოვრების აწყობა, რაც "ქართულ ოცნებაში" ვერა და ვერ მოხერხდა.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ვერ უვლიდა. პრემიერ-მინისტრობა ადვილი არ არის, პარტიისთვის მას დრო ვერ დარჩებოდა.

მერად არჩევის შემდეგ პარტიისთვის აღარ ეცალა არც კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მეტისმეტად ხისტი, გამოუცდელი და არცთუ ჭკვიანია. ამ ყველაფერმა განაპირობა ივანიშვილის ნაბიჯი.

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილს ჩრდილიდან ბევრი საკითხის გადაწყვეტაში უწევდა მონაწილეობა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს სურდა, არამედ იმიტომ, რომ ის აღმოჩნდა სიტუაციის მძევალი, რადგან ეს პოლიტიკური ელიტა ვერ გაიზარდა, ვერ განვითარდა, ვერ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ივანიშვილი გამუდმებით ცდილობდა ძალაუფლების დათმობას, მაგრამ პოლიტიკური ელიტა ამ ძალაუფლებას ისევ და ისევ უკან უგდებდა"...

- ვისი ბრალია მერე ეს? ვინ შეარჩია ეს გუნდი? - ბიძინა ივანიშვილმა! სწორედ მან შეკრიბა ადამიანები, რომელთაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მართლაც ძალიან უჭირთ და ივანიშვილს მუდმივად უწევდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. მოკლედ, მან, როგორც ჩანს, იგრძნო ეს პასუხისმგებლობაც და ახლა თვითონ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა.

ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდები მოდიან პოლიტიკაში - მათ ახალი და ძლიერი ენერგეტიკა მოაქვთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან კონგლომერატად, სადაც გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი ერთმანეთს დააბალანსებს. არ შეიძლება ასაკოვანი ხალხის შესაძლებლობასა და გამოცდილებაზე უარის თქმა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს იყო სააკაშვილის ტრაგიკული შეცდომაც. დღესაც ძალიან ბევრი საჭირო ადამიანი თამაშგარე მდგომარეობაშია. ჩემი აზრით, შემდეგი არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილმა ეს უნდა გამოასწოროს - განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ. მიმაჩია, რომ "ქართულ ოცნებას" სწორედ ამ არჩევნებისთვის დასჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, თუ მისი მოგება უნდა.

- "ქართულ ოცნებაში" გაჩაღებულ ბოლოდროინდელ დაპირისპირებაზე დაკვირვების შედეგად ჩვენში ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ერთ მხარეს იყო ე. წ. ახლების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია კობახიძე-კალაძესთან, მეორე მხარეს კი ე,წ. ძველების ჯგუფი, რომლის უკან პრემიერი კვირიკაშვილი მოიაზრებოდა. ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მართვიდან რამდენიმე ე.წ. ძველი სახე გაისტუმრეს, მათ შორის - ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძეც... ეს ხომ არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ივანიშვილი კობახიძე-კალაძის ჯგუფს უფრო სწყალობს...

- ძალიან პირობითი მგონია დაპირისპირებული ჯგუფების ასეთი დიფერენციაცია. ვითომ კალაძისა და კობახიძის გუნდი ერთი გუნდია? ძალიან მეეჭვება. როგორც წესი, პარტიულ და, ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში არის დროებითი ალიანსი, დროებითი კავშირი, რომელიც ზოგჯერ მყარდება, ზოგჯერაც წყდება. მე "ქართულ ოცნებაში" უფრო მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას ვხედავ. როგორც უკვე ვთქვი, ეს პარტია ჯერჯერობით სწორედ მსოფლმხედველობრივ ერთიანობად ვერ ჩამოყალიბდა.

მიმაჩნია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის არჩევისას გედევან ფოფხაძის ქმედება აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაადეკვატური იყო.

ჩვენ თუ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს, მაშინ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ თუ რომელიმე ორგანოში არსებობს კვოტები უმრავლესობისა და უმცირესობისთვის, მაშინ უმრავლესობამ უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი მას, ვისაც უმცირესობა ირჩევს...

ყველაზე ამაზრზენი კი იყო ის ბოდიშები, ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემის გამო სოფო კილაძემ და უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა რომ იხადეს. ადამიანს საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება უნდა შეეძლოს და გადაწყვეტილებები ასე იოლად არ უნდა გადათქვას.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილს აქვს რაღაც სტრატეგია, როგორ აპირებს პარტიის მართვას. "ქართულ ოცნებას" დასჭირდება განახლება, ამ ცვლილებებს კი განახლებას ვერ დავარქმევთ. ეს არც იყო ცვლილება - შეამცირეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და იქ ახალი ჯერ არავინ მოსულა. ვერ ვიტყოდი, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა, თითქოს ივანიშვილი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იზიარებს.

ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო პოლიტსაბჭოდან ირაკლი სესიაშვილის გაყვანა. ის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას - თავდაცვასა და უსაფრთხოებას კურირებს, შესაბამისად, პარტიის მართვაში მისი მონაწილეობა საჭიროდ მიმაჩნია, თუმცა ეს მათი პარტიული ცხოვრების სტრატეგიისა და ტაქტიკის საქმეა და თვითონ გაარჩიონ თავიანთი პრობლემები.

- საზოგადოება ელის, რომ შეიცვლება აღმასრულებელი ხელისუფლებაც...

- 2012 წლიდან რასაც ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს განახლება და თანამდებობებზე ადამიანების გადათამაშება უყვარს, მაგრამ არა მგონია, სამთავრობო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორციელდეს; ვფიქრობ, მთავრობის განახლებას სწორედ არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ.

სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილი მაინცდამაინც ცუდ პრემიერად არ მიმაჩნია, მაგრამ პროცესების ანალიზი მკარნახობს, რომ პრემიერობისთვის გიორგი გახარიას ამზადებენ, თუმცა ამას გარედან დაკვირვების შედეგად ვამბობ და არა - რაიმე ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა რომელიმე ოფიციალური პოსტი დაიკავოს, ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებდეს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს იმის კეთება, რაც ძალიან არ უყვარს - ეს არის მოგზაურობა.

"ქართული ოცნების" ადგილზე, საპრეზიდენტო კანდიდატად წამოვაყენებდი სრულიად აპოლიტიკურ ფიგურას. ადამიანს, რომელსაც დიდი პოლიტიკური ამბიციები არ ექნება, მაგრამ იქნება საქართველოს სახე... და რომელიც აუცილებლად გადაიტანს საპრეზიდენტო რეზიდენციას ორბელიანების სასახლეში.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიში საშინაო და საგარეო პოლიტიკის არაერთ საკითხს შეეხებოდა, თუმცა, წინა ანგარიშებთან შედარებით, აშკარად ნაკლებკრიტიკული იყო, თუმცა ამით ვერც უმრავლესობის და ვერც უმცირესობის გული ვერ მოიგო...

- სიმართლე გითხრათ, ეს მოხსენება ჩემთვის ძალიან უინტერესო აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, არ ილაპარაკა.

მისი გამოსვლით მართლაც ყველა უკმაყოფილო დარჩა, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მარგველაშვილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს არ მიჰყვება.

აღმაშფოთებელი იყო ჯერ მისი მოთხოვნა, პარლამენტს დაერღვია რეგლამენტი და ყველა გამომსვლელი დეპუტატისთვის მაშინვე ეპასუხა, მერე კი მისი გაქცევა პარლამენტიდან. ეს მიხეილ სააკაშვილსაც კი არ უქნია "ქართული ოცნების" პარლამენტის დროს.

- გიორგი მარგველაშვილი არ არის აფექტური ადამიანი, რომელიც სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებს. რით ახსნით პარლამენტიდან მის წასვლას?

- ეს სრულიად გააზრებული და, ვფიქრობ, დაგეგმილი ნაბიჯი იყო. მას, როგორც ჩანს, არ სურდა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამიტომ გამოვიდა ასეთი დემარშით.

- "ქართული ოცნება" უკეთეს პოზიციაში ხომ არ აღმოჩნდებოდა, თუ პრეზიდენტის შეთავაზებას დასთანხმდებოდა, მით უფრო, რომ აქამდე ამ პარლამენტს რეგლამენტის დარღვევა არ უჭირდა?

- ეს მათი პოლიტიკური გამჭრიახობის საქმეა. რა თქმა უნდა, შეეძლოთ, ასეც მოქცეულიყვნენ. იქნებ მათთვის უკეთესიც ყოფილიყო, თუმცა არც ეს გადაწყვეტილება მგონია დიდი პრობლემა. საბოლოოდ ამ პროცესის გამო წააგო ქართველმა საზოგადოებამ, რომელმაც დაინახა, როგორი პარლამენტი და როგორი პრეზიდენტი ჰყავს.

პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება, წესით, სულ სხვა მიზნებისკენ უნდა იყოს მიმართული. მარგველაშვილს უნდა ელაპარაკა იმ ძირეულ პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, მის ადგილს რეგიონში, ქვეყნის განვითარებას და პერსპექტივებს.

- განხილვის საგნად იქცა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპრეზიდენტო ანგარიშის შემდგომი შეფასებები. მან პრეზიდენტი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით თითქმის აშკარად დაადანაშაულა კორუფციაში. ამას მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება. ისინი ან ამის დამადასტურებელი ფაქტების გამოქვეყნებას, ან კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ...

- სამწუხაროდ, კობახიძე ძალიან ხშირად აჭარბებს, მით უფრო - პრეზიდენტთან ურთიერთობისას. ის აშკარა ზიზღს ვერ ფარავს... ოღონდ რითია ეს ზიზღი გამოწვეული - პოლიტიკური დაკვეთაა თუ პიროვნული დამოკიდებულების შედეგი, არ ვიცი...

უფრო გაუგებარი იყო უმრავლესობის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ თურმე ეს პოლიტიკური შეფასებები იყო და მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არავინ აპირებს. ეს რას ნიშნავს? შეიძლება ადამიანს ასე ხელაღებით დასწამო ცილი და ეს პოლიტიკურ შეფასებად გაასაღო?!

ბევრ ქვეყანაში არსებობს ე.წ. დიფამაციის კანონი. ვფიქრობ, ეს საქართველოშიც შემოსაღებია - მერე კი ყველას მოუწევს საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება! არ შეიძლება ასე რაღაცების დაბრალება... და ეს მხოლოდ პრეზიდენტს არ ეხება.

ჩვენთან ძალიან ადვილია ადამიანისთვის ჩირქის მოცხება და სიტყვაც ფასს კარგავს. ვხედავთ, რამდენს ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, მაგრამ მათი არავის სჯერა. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე სწორედ ის არის, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია, პასუხს კი არავინ აგებს.

- პარლამენტში გამოსვლისას და მას მერე მარგველაშვილის განცხადებების შედეგად რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, აპირებს ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

- არ ვიცი. თუ დაინახავს, რომ რაღაც რეიტინგი აქვს, რასაკვირველია, მიიღებს... გაუგებარია ისიც, ვის წარადგენს "ქართული ოცნება". ჯერჯერობით ვერც პარლამენტში, ვერც ივანიშვილის გარემოცვაში და ვერც მთავრობაში ასეთ ფიგურას ვერ ვხედავ. ერთადერთი გიორგი კვირიკაშვილი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად "ქართულ ოცნებაში" კიდევ დიდხანს მოუწევთ ფიქრი.

- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამში გამართულ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც მიიწვია და მათ საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო გაერთიანება კვლავ შესთავაზა...

- ეს სრულიად არარეალური შეთავაზებაა. დღეს ოპოზიციის გაერთიანების პირობა არ არსებობს, უმთავრესი კი ის არის, რომ არ არის ერთი მკვეთრი, უპირობო ლიდერი, როგორც 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისას მოხდა. უცხოეთში მყოფ სააკაშვილს ოპოზიციის გაერთიანების შანსი და საშუალება არა აქვს.

- ქვეყანაში უმთავრეს პრობლემად რჩება სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ივანიშვილის პოლიტიკაში ხელახალმა გამოჩენამ ბევრს გაუჩინა იმედი, რომ ამ მიმართულებით რაღაც შეიცვლება. თქვენ რას ფიქრობთ?

- სამწუხაროდ, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. სტრატეგია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით აირჩია, სამწუხაროდ, მცდარია, უფრო სწორად, სტრატეგია არც არის. გვახსოვს მათი პროგრამა 20/20, შემდეგ იყო 20/30, მაგრამ, აშკარაა, რომ ეს პიარზე აგებული ეკონომიკა არ მუშაობს!

რაღაცები კეთდება, მაგრამ ძირითად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. თითქოს ბიზნესის ლობირება შეიმჩნევა, საპარტნიორო და თანადაფინანსების ფონდებიც საქმიანობენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ამიტომაც არ იცვლება სიტუაცია ქვეყანაში და არის სრული სტაგნაცია.

ქვეყნის წინსვლას ეკონომიკის ნახტომისებური განვითარება სჭირდება; ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაა აუცილებელი, ჩვენთან კი ეს არ ხდება...

ნათია დოლიძე