ვის ებრძვიან მელიები ანუ "სიბრიყვე სიცრუისა"
ვის ებრძვიან მელიები ანუ "სიბრიყვე სიცრუისა"
დადასტურებული სიცრუის კორპორაცია, ანუ ფაროსანას ნაამბობი

გაფუჭებული იმიჯის აღდგენა ბევრად რთულია (და ზოგჯერ შეუძლებელიც), ვიდრე იურიდიული პასუხისმგებლობისგან თავის დახსნა. ეს, ალბათ, პირველ რიგში,­ მედიასაშუალებებმა უნდა იცოდნენ, თუმცა... აზიურმა ფაროსანამ მხოლოდ ყანები კი არ გადახრა, ზოგიერთი მედიასაშუალების თუ პოლიტიკოსის იმიჯიც გადაჭამა.


ძალიან მარტივად ავხსნით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს უნდა გამოევლინა კომპანია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას უზრუნველყოფდა.

კანონის თანახმად, ეს ტენდერი იყო NAT, ანუ მონაწილეების რაოდენობის, ვინაობის, შეთავაზებული
თანხებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. კანონი ამას იმიტომ ითხოვს, რომ გამოირიცხოს კორუფციული გარიგ­ებები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან, ცნობილი ხდება ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და ვინაობა. მონაცემები ქვეყნდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ტენდერის დეტალები

(მონაწილეთა­ რაოდენობა,­ ვინაობა და შეთავაზებული თანხები) 4 მაისს გახდა ცნობილი. ტენდერში გაიმარჯვა "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალმა სარეკლამო კომპანია "ედლაინმა", რომელმაც საწყის ფასზე (887.000 ლარი) 177.399 ლარით ნაკლები შესთავაზა - სულ 709 601 ლარი. მისი კონკურენტი იყო შპს "სვოტ პროდაქშენი" - 887.000 ლარი. თუმცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, პოლიტიკოსმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ 4 მაისამდე, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე დაიწყო წერა და ლაპარაკი იმაზე, რაც მათ შეუძლებელია სცოდნოდათ. ამას ჰქვია ტყუილი!

ზოგიერთი მედიასაშუალება ტყუილის შეფუთვაზე თავს არ იწუხებს. მაგალითად­, 1-ლ მაისს, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, სტუდია "მონიტორმა" გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანახმად, თურმე ტენდერი, რომელშიც "ედლაინი" მონაწილეობდა, უკონკურენტო იყო. იქვე მიუთითა, რომ "ედლაინის" დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია. ვიდეოში არ იყო მითითებული წყარო, თუ საიდან ჰქონდა "მონიტორს" ინფორმაცია ტენდერის­ უკონკურენტობის შესახებ - ოფიციალური ინფორმაციაა, სარწმუნო წყარომ მიაწოდა თუ ფაროსანამ უამბო. რაც მთავარია, "მონიტორს" დაავიწყდა ჟურნალისტიკის მთავარი კანონი, ანუ მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 4 მაისს, საღამოს, "მონიტორმა" შეასწორა თავისი ინფორმაცია და მიუთითა, რომ ტენდერი კონკურენციით ჩატარდა. შეცდომის აღიარება და გასწორება სულაც არ არის სათაკილო და პირიქით, იმის წინა პირობაა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვა.

1-ლივე მაისს, ანუ ტენდერის დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "TV პირველის" ეთერში ნიკანორ მელია ამტკიცებდა (ციტატა): "გამოაცხადეს რაღაცა, მილიონ ლარამდე ტენდერი... და ვინ მოიგო ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ჰყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი?.. ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილმა". დაახლოებით იგივე გაიმეორა მან "რუსთავი 2"-ის ეთერში და პარლამენტის ტრიბუნიდან.

სამწუხაროდ, ნიკანორს არ ჰკითხეს "რუსთავი 2"-ში, საიდან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჯერ ცნობილი არ იყო. მეტიც, "რუსთავი 2"-ის წამყვანი ტენდერზე საუბრისას შეფასებებით ნიკანორს არ ჩამოუვარდებოდა. ნიკანორის სიცრუის აქცენტები გააძლიერეს ნაკლებად ცნობილი და "ალიას" საყვარელი არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენლის, ქეთი ენუქიძის კომენტარით, რომელიც ძალიან კი იყო მონდომებული, კორუფციაში "ემხილა" "ედლაინი" და ქუმსიშვილი, მაგრამ ვეჭვობთ, მისი საუბრიდან მაყურებელს რაიმე აზრი გამოეტანა. კორუფციასთან "მებრძოლი" ეს "არასამთავრობო" ("შეაჩერე კორუფცია") უნიკალურია იმით, რომ მისი სამი დამფუძნებლიდან ორი ნასამართლევია, მათ შორის კორუფციის ბრალდებით(!). თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.

ნიკანორი რომ შეგნებულად ცრუობს, ეს ისახება მის რეიტინგზე, ამომრჩევლის მისდამი ნდობაზე და ფაქტი სახეზეა. თუმცა უფრო მძიმე სანახავია, როცა მედია პოლიტიკოსს ტოლს არ უდებს სიცრუის ტირაჟირებაში. 1-ლივე მაისს, ანუ ტენდერების დეტალების გარკვევამდე 3 დღით ადრე, "ალიამ" თავის საიტზე განათავსა ნიკა მელიას განცხადება "TV პირველის" ვიდეოთურთ და აღნიშნა, რომ იმ ფაქტზე, რაზეც ნიკა მელია სკანდალის ატეხას აპირებს, "შეაჩერე კორუფციის" წარმომადგენელმა ქეთი ენუქიძემ მასალები ექსკლუზიურად მიაწოდა. გაგეცინებათ და­, ეს "ექსკლუზიურად მიწოდებული­ მასალები" ("ედლაინის" შესახებ, ტენდერის პირობების შესახებ და ა.შ) არის ის, რის ნახვასაც ინტერნეტში შეძლებდა ნებისმიერი, ვინც კლავიატურის გამოყენება­ იცის. ჟურნალისტიკის მთავარი კანონი "ალიასაც" დაავიწყდა - მეორე მხარეს არ შეხმიანებია.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ - ჟურნალისტიკის მთავარი კანონის დავიწყებამ შესაძლოა ცუდი შედეგები მოუტანოს მის დამვიწყებელს. თუმცა "ალია" ამას რამდენჯერმე გადაურჩა. მაგალითად, 7 წლის წინ, მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა "პარაფსიქოლოგიის მამად" წოდებული ირაკლი ლომაიას მამხილებელი ჟურნალისტური გამოძიება, თუ როგორ ატყუებდა გაჭირვებულ ადამიანებს, "ალიამ" გამოაქვეყნა ლომაიას ინტერვიუ, სადაც ის "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს თითქოსდა ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა."კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან კომენტარისთვის არ დაურეკავთ! "პალიტრამედიამ" სასამართლოში სარჩელი შეიტანა ლომაიას წინააღმდეგ, "ალია" კი დაინდო. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, "პარაფსიქოლოგიის მამამ" "კვირის პალიტრის" ჟურნალისტზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ბოდიშიც მოიხადა და ამით დასრულდა საქართველოში მისი "პარაფსიქოლოგობა".

6 წლის წინ "ალიამ" გამოაქვეყნა შალვა­ ნათელაშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის "პალიტრამედიას" ცრუ ბრალდებებს უყენ­ებდა, რომელთა შორის მარგალიტია ის, რომ თურმე "კვირის პალიტრამ" ბავშვებს­ სკოლა წაართვა. "ალიას" კომენტარისთვის "პალიტრამედიაში" არ დაურეკავს, თუმცა მედიასახლმა კვლავ დაინდო გაზეთი და მხოლოდ ნათელაშვილის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.

"ალიას" კომენტარისთვის არც მაშინ დაურეკავს, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ზემოხსენებული "შეაჩერე კორუფ­ციის" წარმომადგენლის, ვატო გელაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც სიცრუეს ავრცელებდა "პალიტრამედიის" ერთ-ერთ ბიზნესსუბიექტზე და კვლავ მანიპულირებდა ნათესაობის თემით.

"პალიტრამედია" არ აპირებს "ალიასთან"­ ან სხვა რომელიმე მედიასაშუალებასთან პოლემიკას, ამის აზრს ვერ ვხედავთ. თუმცა მისი და იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც ურცხვად ავრცელებენ სიცრუეს, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.

თუ ეს კამპანია უშუალოდ "პალიტრამედიის" წინააღმდეგ არის მიმართული, მაშინ ჩვენს კოლეგებს ვურჩევთ - ტყუილად ირჯებიან, ვერანაირი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები ვერ მიაწვდიან კომპრომატს მედიასახლზე. "კომპრომატად" იმის გამოყენება, რომ თურმე "პალიტრამედიის" დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია, სირცხვილია და ამას კარგად ხვდება მკითხველიც და მაყურებელიც. თუ ამ კამპანიის მიზეზი ის არის, რომ ნაკლებად წარმატებული მედიასაშუალებები გულს იოხებენ წარმატებულ მედიასახლზე შეტევით, ვაფრთხილებთ - ასე უფრო ნაკლებად წარმატებულები გახდებიან. როდესაც მეზობელს აქვს კარგი სახლი, შენ უფრო უკეთესი ააშენე, იმას კი არ უნდა ეცადო, მეზობელს სახლი დაუნგრიო.

თუ ეს დიმიტრი ქუმსიშვილზე შეტევაა და მთავარი "კომპრომატი" ის არის, რომ თურმე ბიზნესმენი ჰყავს ნათესავი, მაშინ არც ამ კამპანიის დამკვეთს და არც შემსრულებელს საქმე კარგად არ ჰქონიათ. თუმცა კარგად არის შესასწავლი, თუ ვინ არის დამკვეთი...

შესაძლოა მესამე ვერსიაც - ერთმანეთს დაემთხვა იმათი ინტერესებიც, ვისაც "პალიტრამედიაზე" შეტევა სურს და მეორე მხრივ იმათი, ვისაც ქუმსიშვილზე­ სურს დარტყმა, და ანსამბლი შექმნეს.
ეტყობა, მათ არ იციან, რომ სიცრუეზე აგებული კამპანია ძალიან სწრაფად ინგრევა და ნანგრევებში იყოლიებს სწორედ სიცრუის კორპორაციის ბინადრებს.

მელიების საკითხავი


როდესაც კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული, შენი ე.წ. არგუმენტები შენს წინააღმდეგ მუშაობს და რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო მდგომარეობაში ვარდები. სანამ რამეს იტყოდნენ ან დაწერდნენ, ნიკანორ მელიას, ზოგიერთ მედიასაშუალებას თუ "პალიტრამედიაზე" დაგეშილ უცნაური შემადგენლობისა და წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" კარგად რომ ეფიქრათ, ელემენტარული ჭეშმარიტების უცოდინრებად არ წარმოჩნდებოდნენ.

უპირველესად ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდ­ერში "პალიტრამედიის" კომპანია "ედლაინს" საქმე რომ ჩაეწყო, 20%-ით ფასს დააკლებდა?!

რომ არა ტენდერში "ედლაინის" მონაწილეობა, ბიუჯეტს მოუწევდა 177.000 ლარით მეტის გადახდა, ანუ ამ ორგანიზაციის ტენდერში მონაწილეობით ბიუჯეტმა დიდი თანხა დაზოგა.
ეს მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა და ჩაიხედონ ხოლმე, სანამ კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდებიან.

"პალიტრამედიის" ბიზნესწარმატების დაკავშირება იმასთან, რომ თურმე მედიასახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია, ისევე აბსურდულია, როგორც ზემოხსენებული ტენდერის "უკონკურენციოდ" წარმოჩენა, რომელიც საბოლოოდ კონკურენტული გამოდგა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ნიკანორი ისე ემალება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებს, როგორც მელია - მონადირეებს.

ესეც მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა - "პალიტრამედია" 23 წელია, არსებობს, ის წარმატებული ბიზნესორგანიზაცია იყო დიმიტრი ქუმსიშვილის გამინისტრებამდე დიდი ხნით ადრე, წარმატებული იქნება მას შემდეგაც, როცა ქუმსიშვილი მინისტრი აღარ იქნება.

მინისტრის ნათესავი ბიზნესმენებისთვის ტენდერებში მონაწილეობა და მოგება თუ "კომპრომატია", მაშინ "ვაღიარებთ", რომ 2017-2018 წლებში "პალიტრამედიის" სხვადასხვა კომპანიამ 426 ტენდერში მონაწილეობა მიიღო და 171-ში გაიმარჯვა.

რაც მთავარია, კოლექტიურმა ნიკანორებმა დაიმახსოვრონ, რომ ტყუილს მართლაც ძალიან, ძალიან მოკლე ფეხები აქვს და სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია. ისე, ნიკანორს ამომრჩეველთა უმრავლესობაში სახელი კარგა ხანია გატეხილი აქვს. თუმცა, თუ ცილისწამებას გააგრძელებენ, თავის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელზე გასატეხი "ადგილი" აღარ შერჩებათ.

"პალიტრამედია" ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას ითხოვს


"4 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ. გაიმარჯვა სარეკლამო კომპანია "ედლაინმა" ("პალიტრამედია"), რომელმაც მრავალფეროვან დოკუმენტაციასთან ერთად, ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა. "პალიტრამედიამ" შეძლო დაბალი ფასის დაფიქსირება იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს საკუთარი მედიაპლატფორმები. ვიდრე "პალიტრამედიასთან" გაფორმდებოდა ხელშეკრულება, სხვადასხვა პირმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. კერძოდ, გავრცელდა არაერთი განცხადება, სადაც აღინიშნა, თითქოს ტენდერი იყო "უკონკურენტო", რასაც კორუფციული ხასიათი ჰქონდა. რეალურად კი კომპანიამ მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვა გამარჯვება. ამას ადასტურებს საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზეა განთავსებული. გამარჯვების მოსაპოვებლად "პალიტრამედიას" 177.399 ლარით ნაკლები თანხის დაფიქსირებამ მოუწია. რეალურად, "პალიტრამედიის" მონაწილეობით სახელმწიფომ 177.399 ლარით ნაკლები უნდა გადაიხადოს საჭირო მომსახურების მისაღებად. სწორედ იმიტომ, რომ გავრცელებული ცრუ ცნობები ლახავს კანონიერ ინტერესებს, უფლებათა დაცვის მიზნით, "პალიტრამედია" სასამართლოს მიმართავს. თემის შესახებ სადავო ინფორმაცია გაავრცელეს ნიკანორ მელიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "შეაჩერე კორუფცია", "სტუდია მონიტორმა" და გაზეთმა "ალიამ". "პალიტრამედია" მიმართავს ყველას, ვინც მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, უარყონ ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში "პალიტრამედია" ცრუ ინფორმაციაზე რეაგირებას სასამართლოს გზით გეგმავს".

"შესაძლოა, ეს მინისტრზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"


რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: -
კორუფციასა და გარიგებებზე საუბარს საფუძველი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თვალსაჩინო იქნებოდა, რომ კონკრეტულ ტენდერს ერთ კომპანიას მოარგებდნენ, ამით მოსპობდნენ კონკურენციას და კომპანია გაიმარჯვებდა ზუსტად იმ ფასად, რაც გამოცხადებული იყო ტენდერის საწყის ღირებულებად. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტულად ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებულ ტენდერში კონკურენცია იყო, სახელმწიფომ "ედლაინის" გამარჯვებით 177 ათასი ლარი დაზოგა, სურათი იმდენად ნათელია, რომ სრულიად არალოგიკური და აბსურდულია გარიგებებსა და შეთქმულებების თეორიებზე ლაპარაკი. ამას ცოტა სხვა სუნი დაჰკრავს...

- რას გულისხმობთ და თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს "პალიტრამედიის" წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს?

- თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ამ კამპანიაში სხვა მედიასაშუალებების მონაწილეობა შურითაც იყო გამოწვეული - "პალიტრამედია", უკვე ორი ათეული წელია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რაც, ბუნებრივია, ბევრ მის კოლეგას, რომელმაც ანალოგიურ წარმატებას ვერ მიაღწია, არ მოსწონს. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ამ კამპანიაში პოლიტიკური კონტექსტი უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, დარტყმის მთავარი ობიექტი დიმიტრი ქუმსიშვილი იყოს.

ვიცით, რომ "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია და დიმიტრი ქუმსიშვილი წლების წინ ამ კომპანიაში მუშაობდა კიდეც. შესაბამისად, მისი ოპონენტები "კომპრომატად" ამ კავშირს იყენებენ. ეკონომიკის სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ კამპანიის უკან ქუმსიშვილზე განაწყენებული ზოგიერთი "რუხი კარდინალი" იდგეს და ეს მათი შურისძიება იყოს. თუმცა ძალიან სუსტი არგუმენტები ჰქონიათ, თუ სხვა ვერაფერი უპოვეს მინისტრს იმის გარდა, რომ მისი ნათესავი წარმატებული ბიზნესმენია...
ვფიქრობ, საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ კამპანიის დამკვეთთა გამოაშკარავება.

"შეაჩერე კორუფციის" სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი (!)


ამ ორგანიზაციის მესვეურები ბოლო რამდენიმე კვირაა, ძირითადად, "ალიას" და "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ავრცელებენ შეცდომაში შემყვან, დამახინჯებულ ინფორმაციას "პალიტრამედიის" ხელმძღვანელების შესახებ. ყველა ამ ინფორმაციაში "კომპრომატად" მოყვანილია ის ფაქტი, რომ მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2011-12 წლებში მუშაობდა "პალიტრამედიაში" და რომ მისი მეუღლე არის "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბიძაშვილი.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფცია" საჯარო რეესტრში 2017 წლის 26 ივნისს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან ორი - ქეთევან ენუქიძე და გიორგი ბაჯელიძე - აღმასრულებელი დირექტორია, დირექტორის პოზიციაზეა რეგისტრირებული ვალერიან (ვატო) გელაშვილი. "კორუფციასთან მებრძოლი" ორგანიზაციის ორი ხელმძღვანელი ნასამართლევია და რაც უნდა უცნაური იყოს, ერთი - კორუფციისთვის. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჯელიძე შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თუმცა 2014 წლის თებერვალში ქრთამის აღებისა და სახელმწიფო ტენდერის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება ვალერიან გელაშვილს, ნასამართლევია ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით. "შეაჩერე კორუფციას" საკუთარ ვებგვერდზე არ აქვს მითითებული დაფინანსების წყაროები, რის გასარკვევადაც ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ენუქიძეს დავუკავშირდით:

- დაფინანსება საერთოდ არ გვაქვს, ამიტომაც დაფინანსებაზე არაფერია არსად მითითებული.

- ორგანიზაცია ენთუზიაზმზე მუშაობს?

- დიახ. ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე ვარ. ჩემი სურვილი იყო, ენთუზიაზმით გამეკეთებინა ეს საქმე. არ მჭირდება დაფინანსება, თავად ვაფინანსებ ჩემს საქმეს.

- მოქმედი ფილოლოგი ხართ?

- დიახ, სამეცნიერო ნაშრომები მაქვს, ვმუშაობ, ძირითადად, მოდერნისტებზე; პაოლო იაშვილზე მაქვს დაწერილი სამეცნიერო ნაშრომი. ამავე დროს, ლიტერატურის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ. პერიოდულად ვიკვლევ პოეტების შემოქმედებას, შემიძლია ნაშრომებიც გამოგიგზავნოთ...


"სტუდია მონიტორმა" ცრუ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო


"სტუდია მონიტორმა" 1-ლ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის მედიაჰოლდინგ "პალიტრაში" შემავალმა კომპანია შპს "ედლაინმა" ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, თუმცა, ეს ინფორმაცია 4 მაისს უარყვეს და მათ მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია შეასწორეს.
"ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტენდერში შპს "ედლაინს" კონკურენტი ჰყავდა, რის გამოც ამ მასალაში შესაბამისი შესწორება შევიდა," - ნათქვამია "სტუდია მონიტორის" საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლევან რაზმაძე
რუსუდან შელია
meri
10 მაისი 2018 21:54
ასეთი მსგავსება არსად მინახავს
გუჯა
10 მაისი 2018 15:18
რა ლამაზია ეს დასაღუპავი.
გიო
10 მაისი 2018 00:57
ნიკანორ ცრუმელიას, ნიკანორის გარეშე ცრუმელია ჯობია, უკეთესათ ჟღერს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები