"ან ივანიშვილი წაიყვანს ქვეყანას დემოკრატიისკენ, ან ქვეყანა წაიყვანს მას პროკურორისკენ!"
07-05-2018
"ან ივანიშვილი წაიყვანს ქვეყანას დემოკრატიისკენ, ან ქვეყანა წაიყვანს მას პროკურორისკენ!"
"აშკარაა, რომ ივანიშვილმა საფრთხე სრულად და ადეკვატურად გაიაზრა და ამიტომაც წავიდა პერსონალურ ვა-ბანკზე - დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა გასარკვევი ის არის, პრობლემის არსებობის სწორად დანახვასთან ერთად, ასევე­ სწორად ხედავს თუ არა მის გამომწვევ მიზეზებს"

პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა­ ივანიშვილმა "ქართული ოცნების" პოლი­ტსაბჭო განაახლა - ახლა მმართველი პარტიის პოლიტიკურ მომავალს, 21-ის ნაცვლად, 15 წევრი განსაზღვრავს. რა იქნ­ება ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი, რა იცვლება პოლიტიკაში მისი "მეორედ მოსვლით", პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელი, დავით
უსუფაშვილი
გვესაუბრება:

- მინდა მჯეროდეს, რომ ივანიშვილი 2018 წელს იმიტომ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, რომ ქვეყნის განვითარების გამრუდებული ვექტორი საწყის, 2012 წლის სწორ პოზიციაზე დააბრუნოს. ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს პრობლემათა პრობლემა - სახელისუფლებო გუნდის ნომერი პირველი ამოცანა
უნდა გახდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ამ ამოცანის პრიორიტეტებს უნდა დაექვემდებაროს საკუთარი საარჩევნო წარმატების­ რიგით მეორე ამოცანა. ამ ორ ამოცანას შორის ურთიერთმიმართების მცდარად განსაზღვრა იყო დღემდე არსებული ყველა­ ხელისუფლების პოლიტიკური კრახის მთავარი მიზეზი. "ქართული ოცნებაც" მათ გზას დაადგა და პოლიტიკური კრახის წინა პერიოდში - პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. აშკარაა, რომ ივანიშვილმა საფრთხე სრულად და ადეკვატურად გაიაზრა და ამიტომაც წავიდა პერსონალურ ვა-ბანკზე - დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა გასარკვევი ის არის, პრობლემის არსებობის სწორად დანახვასთან ერთად, ასევე­ სწორად ხედავს თუ არა მის გამომწვევ მიზეზებს. თუ პრობლემების მიზეზად თანამდებობებზე მოყვანილი არასწორი პირები,­ დესტრუქციული ოპოზიცია ან მოუმწიფებელი ხალხი ჩაითვალა, მაშინ­ ივანიშვილის დაბრუნებით "ოცნება" უფრო სწრაფი ტემპით გააგრძელებს სვლას არასწორი მიმართულებით და უფრო მალე გადაიზრდება კრიზისი კრახში.

- "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში­ ყოფნის მეექვსე წელს, ალბათ, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ პრობლემის მიზეზები.

- სინამდვილეში, შექმნილი პრობლემები არ არის ცუდი ადამიანების ბრალი, ეს არის ცუდი სისტემის მარწუხებში მოქცეული კარგი ადამიანების ცუდი ქმედებების ბრალი. ცუდი სისტემა შენარჩუნდა და პარლამენტი დარჩა მთავრობასთან ანგარიშვალდებული. ცუდი სისტემა შენარჩუნდა და პარლამენტში შეთავსებით მომუშავე ბიზნესმენები უფრო მომრავლდა. ამიტომაცაა, რომ კარგი ბიზნესმენები ბიზნესს ვერ ღალატობენ და პარლამენტში კვლავ კვორუმის ნაკლებობაა, ხოლო ტენდერებში მათი გამარჯვების მეტობაა. ცუდი სისტემა შენარჩუნდა და სპეცსამსახურები იღებენ საკადრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამიტომაცაა, რომ გვიჭირს კვალიფიციური კადრებიც და კვალიფიციური პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც. ცუდი სისტემა შენარჩუნდა და მმართველი პარტია კვლავ სახელმწიფო ორგანოებს შეერწყა. ამიტომაცაა, რომ ერთადერთობისა და შეუმცდარობის ბოლშევიკური მენტალიტეტი­ მორიგ ჯერზე აღორძინდა და 2012 წელს ამ სენთან მებრძოლი კარგი ადამიანებიც უკვე ისე გამოიყურებიან, როგორც მაშინდელი ცუდები.

- იყო კი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წასული და თუ აქამდე ვერ დაინახა ეს სისტემური შეცდომები, ახლა ვინ და როგორ დაანახებს მათ?

- პრობლემის მიზეზის გასარკვევად ბიძინა ივანიშვილს არავისი რჩევა და არავისგან "თვალის ახელა" არ სჭირდება. ამისთვის საკმარისია 2011-12 წლების ვერსიის საკუთარ თავთან დაბრუნება და დღევანდელობისთვის იმ თვალით შეხედვა. მან თავისივე პირველ საჯარო წერილებში და "ოცნების" 12-პუნქტიან სადამფუძნებლო დეკლარაციაში მოხაზული მომავლის სურ­ათი უნდა შეუდაროს დღევანდელ რეალობას და მარტივად აღმოაჩენს 12 მთავარ განსხვავებას. მას საქვეყნო საქმეებზე მსგავსი შედარებითი ანალიზიდან სწორი დასკვნის გამოტანის უნარიც აქვს, ვაჟკაცობაც და გამოცდილებაც. ივანიშვილი "ვარდების რევოლუციისა" და სააკაშვილის ხელისუფლების გამორჩეულად აქტიური­ მხარდამჭერი იყო მთელი 5 წლის განმავლობაში, მაგრამ 2008 წლისთვის ნათლად დაინახა, რა ფორმა და შინაარსი შეიძინა 2003 წლის იდეალებმა და დაპირებებმა, ამიტომაც გაწყვიტა კავშირი "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან. თუმცა 2008 წლისგან განსხვავებით დღეს იგი ვერ გაწყვეტს კავშირს "ოცნების"­ ხელისუფლებასთან, რადგან მიუხედავად მცდელობისა, წასვლა ვერ მოახერხა და დარჩა "ოცნების" მიღწევებზე თუ ჩავარდნებზე მთავარ პასუხისმგებელ პირად. მას უყვარს სიბრძნეების ციტირება ფილმიდან­ "კავკასიელი ტყვე ქალი" და მეც იქიდან ვისესხებ ფრაზას. ახლა საკითხი ასე დადგა: "ან ივანიშვილი წაიყვანს ქვეყანას დემოკრატიისკენ, ან ქვეყანა წაიყვანს მას პროკურორისკენ"!..

- რისი თქმა გსურთ ამ ციტატით?

- კოალიციის 2012 წლის სადამფუძნე­ბლო დეკლარაციით, რომელსაც ხელს აწერდნენ ივანიშვილი, უსუფაშვილი, ალას­ანია და შარტავა, "ოცნება" ხალხს დაჰპი­რდა, რომ "არ დაუშვებს ხელისუფლებაში­ მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, დაამკვიდრებს მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას. დღეს ამ მივიწყებული დანაპირების შესრულებისკენ გადადგმული პრაქტიკული­ და თან სიმბოლური ნაბიჯები იქნებოდა, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემის შემოსაღებად; საარჩევნო კოდექსში ცვლილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების შემთხვევით შერჩეული 10%-ის სავალდებულო გადათვლის შესახებ; კვალიფიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ბიზნესწრეებთან და პოლიტიკური დაფინანსების თავისუფლების ქარტიის მიღება.

- პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციისთვის იყო მოსაწონი. მეტიც, მოვლენები ისე განვითარდა, რომ პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა. რა ტიპის პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა მარგველაშვილი და განიხილავს თუ არა მას საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტად "ქართული ოცნება"?

- "ქართული ოცნების" სახელისუფლებო სისტემა 2013 წელს მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ორიოდე კვირაში გამოვიდა მწყობრიდან. მაშინ დაირღვა­ და აღარასოდეს აღდგენილა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სისტემა. ქვეყანა ისე შევიდა ერთმანეთთან არმოლაპარაკე პრეზიდენტ მარგველაშვილ-პრემიერ ღარიბაშვილის ეპოქაში, რომ ვერც კი მოასწრო ერთმანეთთან არმოლაპარაკე პრეზიდენტ სააკაშვილ-პრემიერ ივანიშვილის ეპოქიდან გამოსვლა. ვერც პრემიერ კვირიკაშვილმა შეცვალა ვითარება, რადგან ამასობაში ერთმანეთთან ვერმოლაპარაკე პრეზიდენტ მარგველაშვილ-სპიკერ კობახიძის ეპოქა დაიწყო... მოვლენათა ამგვარი განვითარების მთავარ მიზეზად პროცესის მონაწილეთა არასაკმარის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ გამოცდილებას დავასახელებდი და არა არასაკმარის მამულიშვილობას. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მე ყოველთვის ვცდილობდი პრობლემების დარეგულირებას და ამის გამო ხშირადაც ვხვდებოდი ჯვარედინ ცეცხლში. მგონი, დღემდე ყველა მხარეს აწვალებს კითხვა: "მაინც ვის თამაშს თამაშობდა უსუფაშვილი, მათ შორის კონფლიქტების დროს?" არადა, პასუხი მარტივია - სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ქვეყნის პრესტიჟის დაცვას ვცდილობდი ყოველთვის. იყო უკიდურესად კრიზისული მომენტებიც და მათ განსამუხტავად ბეწვის ხიდზეც მივლია, მათ შორის, საკუთარი პრესტიჟის ხარჯზეც. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში განვითარებული მოვლენებიც უფრო ამით აიხსნება. კონსტიტუციით, 365 დღიდან დადგენილია ერთი დღე, როდესაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი საერთო სამშობლოს შვილებად და ჩვენი საერთო სახელმწიფოს მოქალაქეებად უნდა ვიგრძნოთ თავი. ამ დღეს ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში მიდის და მთავრობის თანდასწრებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აკეთებს მოხსენებას. ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის დღე, როდესაც ერთად ვუკრავთ ტაშს მიღწევებს და ერთად ვუღრმავდებით პრობლემებს. ჩვენ კი რა შემოგვთავაზეს? პირადი ემოციების, ვნებების და ნერვების მდგომარეობის შესახებ ტელესპექტაკლი. პრეზიდენტის მოხსენება კარგი იყო, შესრულება უკეთესი შეიძლებოდა.

მართალია, რომ პრეზიდენტიც ადამიანია, მაგრამ მისი საქმე არაადამიანური ამტანობის ადამიანობას მოითხოვს. თუ სხდომის დატოვება სპონტანური­ იყო, არ ვარგა; თუ დაგეგმილი იყო - კიდევ უფრო არ ვარგა... პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლო და უნდა მოეძებნა გამოსავალი. პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის 3 ნაწილად დაყოფა არაფრით არ იქნებოდა რეგლამენტის იმაზე მეტად დარღვევა, ვიდრე თავად პრეზიდენტის საბოლოო სიტყვის დაშვებაა. მაგრამ ამისთვის საჭირო და აუცილებელია იმის განცდა, რომ საერთო საქმეს ვემსახურებით და მსგავსი გაჯიუტებით ქვეყანასთან ერთად ორივე მხარე ზარალდება.

- თქვენ კონსტიტუციის დამტკიცებამდე მარგველაშვილს პირველმა მოუწოდეთ გადადგომისკენ, თუმცა ფაქტია, თქვენი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის. ახლა, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, ფიქრობთ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება?
- ჩემი აზრით, პრეზიდენტს აქვს არა ორი, არამედ სამი არჩევანი. პირველი არჩევანია "ადამიანური" - საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა და სხვა საქმისთვის ხელის მოკიდება. მისი დიდწილად აპოლიტიკური ბიოგრაფიის გათვალისწინებით ეს ვერსია სულაც არ იქნებოდა მოულოდნელი,­ რომ არა პოლიტიკური კონიუნქტურა, რაც მის საპრეზიდენტო და პიროვნულ ღირსებას დიდი საფრთხით ემუქრება. ამიტომ ეს ვერსია თითქმის გამორიცხულია.

მეორე არჩევანია "გლადიატორული" - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ეს ვერსია ყველაზე ლოგიკურია მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ამდენი რამ აქვს დასამტკიცებელი თითქმის ყველასთვის. თუმცა ისევ და ისევ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ეს მისთვის იქნება არა ბრძოლა "პოლიტიკური გამარჯვებით ან დამარცხებით", არამედ ბრძოლა "პოლიტიკური გამარჯვებით ან სიკვდილით". ამგვარ ბრძოლაში გამარჯვებისთვის იგი ვალდებული და იძულებული იქნება თავი მოუყაროს "ყველას ერთის წინააღმდეგ" და საზოგადოებას დაჰპირდეს "ოცნების" ხელისუფლების მყისიერ შეცვლას და არა 2020-მდე ორწლიან ახალ კოაბიტაციას. თუ ამ ვერსიას აირჩევს, მაშინ პრეზიდენტს გასააზრებელი ექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: სჯერა თუ არა მორიგი, თუნდაც ხავერდოვანი, რევოლუციის სარგებლიანობის და არის თუ არა მზად მისი ლიდერობისთვის; ქვეყანაში არის თუ არა "ყველა ერთის წინააღმდეგ" მოდელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური წინა პირობები; როგორ გაუმკლავდება მისი კამპანიის ამსტერდამიდან "სააკაშვილიზაციას"; არის თუ არა ივანიშვილთან პირისპირ შერკინებისთვის მზად და ა.შ. მესამე არჩევანია "პოლიტიკური" - საკუთარი საპრეზიდენტო-პოლიტიკური კაპიტალის მოხმარება ძლიერი პროევროპული პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმირებისთვის, რომელშიც თავს მოიყრიან "ოცნებისა" და სააკაშვილის ორბიტებს მიღმა არსებული პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და ინდივიდები. ამ ვერსიით მარგველაშვილი უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ მისი ცხოვრების მიზანი არც ახლანდელი პრეზიდენტობა ყოფილა და არც მომავალია. მისი მიზანი ყოველთვის იყო თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო, მხოლოდ ამიტომ გულშემატკივრობდა ცვლილებებს 2003-შიც და 2012-შიც და ამ გზიდან გადახვევის გამო ჩამოსცილდა სააკაშვილის გუნდსაც და ივანიშვილის გუნდსაც. ამ შემთხვევაში, იგი ხელს შეუწყობს ამ ორი მნიშვნელოვანი ცვლილების საწყისი იდეალების ბაზაზე იმ პირთა თავმოყრას, ვინც თვალი გაუსწორა წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და იმათაც, ვისაც სურს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, მაგრამ თავს იკავებს დესტრუქციული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სისტემის გამო. შესაბამისად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში ერთ პარტიად მონაწილეობისთვის მზადმყოფი გუნდი პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად გამოავლენს და მხარს დაუჭერს 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატსაც. ცხადია, პრეზიდენტ მარგველაშვილს შეიძლება ჰქონდეს სხვა ვერსიებიც, მაგრამ ვთვლი, რომ არჩევანის გასაკეთებლად კვირებია დარჩენილი...

- თქვენ უკვე დაადასტურეთ, რომ ჩაერთვებით საპრეზიდენტო არჩევნებში. გრძნობთ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას?

- მე დავიწყე პრაქტიკული მზადება საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის და ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ჩემი გვარი ვერ იხილოთ საარჩევნო ბიულეტენში, ეს იქნება პროევროპული დემოკრატიული ძალების ერთ პარტიად გაერთიანების პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვინმე სხვა იყოს ჩვენი საერთო კანდიდატი. მე 2020 წლისთვის ერთ პარტიად და არა საარჩევნო ბლოკად გაერთიანების საკითხს ძალიან პრინციპულად ვსვამ. ქვეყნის გადარჩენაა დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ თუ ვერა პოსტსაარჩევნო კოალიციებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შექმნას. ერთპარტიული მმართველობა, თავისი 35-პარტიიანი მრავალპარტიულობის "კამუფლაჟით", დამანგრეველია საქართველოსთანა მრავალფეროვანი და დინამიკური საზოგადოებისთვის. აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის გადანაწილება 4-5 მსხვილ პოლიტიკურ სეგმენტად, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ სახელმწიფოს გაძღოლის ადამიანური რესურსისა და ერთმანეთის ჩანაცვლების უნარის მქონე რამდენიმე პოლიტიკური ძალა - ზოგი მმართველ კოალიციაში, ზოგი ოპოზიციაში. "შენების მოძრაობა" იმიტომაც არა არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, რომ ამ პროცესში მონაწილეობისთვის არის მზად.

რუსუდან შელია
daTo
07 მაისი 2018 11:17
თავი და თავი ყველა პრობლემის მაინც ის არის რომ არ მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ძირითადი შემოქმედების უმრავლესობის ნამოქმედარის სრულად და კვალიფიციურად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, სამართლიანობის აღდგენა რეჟიმისაგან დაზარალებულთათვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მახინჯი სისტემის სრულად შეცვლა და სამართლანი თამაშის წესების დამკვიდრება.

რედაქტორის რჩევით