"გერმანია საქართველოს მალე უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადებს" - რა ელით უვიზო რეჟიმის დამრღვევ ქართველებს? - კვირის პალიტრა

"გერმანია საქართველოს მალე უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადებს" - რა ელით უვიზო რეჟიმის დამრღვევ ქართველებს?

გერმანულ ჟურნალ Bayernkurier-ში ("ბავარიის კურიერი") დაიბეჭდა სტატია, რომელიც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებულ ვიზალიბერალიზაციასთან - ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს (ავტორი - ანდრეს ფონ დელხას-ჰიუნტერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

"ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის იოაჰიმ ჰერმანის თქმით, საქართველო მალე მიიღებს უსაფრთხო ქვეყნის კატეგორიას, რაც შეამცირებს გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობას. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში უვიზო რეჟიმის წყალობით ჩამოსული ქართველები სულ უფრო ხშირად და მზარდი რაოდენობით ითხოვენ თავშესაფარს, რაც ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევაა.

იოაჰიმ ჰერმანს ეთანხმება გერმანიის შინაგან საქმეთა ახალი ფედერალური მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიეცემა, უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია უფრო ადვილად განხორციელდება. აქვე ვიტყვით, რომ ქართველები საკმაოდ ბევრ დანაშაულსაც სჩადიან.

ექსპერტთა აზრით, გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა ასეთი სწრაფი ზრდა განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის დუხჭირი მდგომარეობით, სიღარიბით და უმუშევრობის მაღალი დონით. ასეთი ქვეყნიდან გერმანიაში ჩამოსვლისა და თავშესაფრის მიღების თხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან ბინით, კვებით და ტანსაცმლით, ეძლევათ "ჯიბის ფულიც" - თვეში 135 ევროს ოდენობით, პირადი ხარჯებისათვის.

სხვათა შორის, იოაჰიმ ჰერმანი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი წევრის, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის (რომელიც დღეს გერმანიის პრეზიდენტია - ს.კ.) მიერ გატარებულ პოლიტიკასაც აკრიტიკებს: "იგი ჩვენს პოზიციას ყურადღებას არ აქცევდა, იგნორირებდა ჩვენს ეჭვებს და საგარეო პოლიტიკას ჩვენი უსაფრთხოების საზიანოდ ახორციელებდა", - გაღიზიანებული ტონით ამბობს იოაჰიმ ჰერმანი, - "არადა, ჩვენ უკვე გვქონდა ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი ბალკანეთის ქვეყნების სახით, რომ უვიზო რეჟიმის დროს თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა სწრაფად მატულობს".

იოაჰიმ ჰერმანის განცხადებით, საჭიროა უვიზო რეჟიმის დამუხრუჭების მექანიზმი ამოქმედდეს, რომელიც ევროკომისიის პრეროგატივას წარმოადგენს. თავის მხრივ, ევროკომისია აღიარებს პრობლემის არსებობას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ