"ივანიშვილს ყველაფერი არ უთქვამს, მის დაბრუნებას სხვა მიზეზებიც აქვს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ყველაფერი არ უთქვამს, მის დაბრუნებას სხვა მიზეზებიც აქვს"

ტაშით 23-ჯერ შეწყვეტილი სიტყვა და პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზი - ასეთია ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლის პირველი შედეგი. საქართველოს ექსპრემიერი უკვე ოფიციალურად გახდა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ოპონენტების დესტრუქციული მოქმედებები და არაკონკურენტული ოპოზიციის არსებობა და მმართველი გუნდის შიგნით არსებული გაუგებარი მდგომარეობა, - ეს ის ჩამონათვალია, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად დაასახელა.

ექსპრემიერის ყრილობაზე გამოსვლის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ.

- მისთვის პოლიტიკაში მეორედ შემოსვლა, ძალიან რთული იყო, ეს თავადაც აღნიშნა. აშკარა იყო, რომ მისთვის საჯარო გამოსვლა საკმაოდ არაკომფორტული იყო. ის ცდილობდა, რაც შეიძლება მოკლედ ელაპარაკა. ამ ეტაპისთვის ამ ყველაფერს პოზიტიურად, თუმცა ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედავდი. სინამდვილეში რა იქნება, ამას უკვე დრო გვაჩვენებს.

- ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების 3 მიზეზი დაასახელა...

- ეს ლოგიკურიც არის, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რაც ქვეყანაშია და ბუნებრივია, ამას ხაზი გაუსვა, მაგრამ ყველაფერი არ უთქვამს, სხვა მიზეზებიც არის. ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, რომ მან დღეს გადადგა პირველი ნაბიჯი, ფაქტობრივად, გადალახა პირველი ეტაპის კრიზისი, შიდა პარტიული დაპირისპირება მაქვს მხედველობაში, ამის შემდეგ უკვე 3 ძალიან მძიმე ეტაპი აქვს გასავლელი.

მეორე ეტაპის ამოცანაა ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ეს თავისთავში გულისხმობს ინსტრუქციული და ძალის ცენტრების თანხვედრას,  მოგეხსენებათ, აქამდე ეს აცდენილი იყო და  მუდმივად ჩრდილოვან მმართველობაზე იყო ლაპარაკი...

ინსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგეს ქვეყანაში იმისათვის, რომ ხელისუფლება გახდეს ფუნქციონალური. ამის ბაზაზე მესამე ეტაპის ამოცანა გახლავთ მმართველობითი სისტემის კრიზისის გადალახვა, როდესაც ინსტიტუტები მოწესრიგდება, საჭიროა, აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული რეფორმა იმასათვის, რომ ის გახდეს ეფექტიანი.

უკვე ამის შემდეგ, ივანიშვილის ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოებრივი კრიზისის გადალახვა - უნდა დაიწყოს ეკონომიკური, სოციალური და საგარეო თუ საშინაო რისკების პრევენცია. ეს ნამდვილად არ არის ადვილი ამოცანა.

- "ქვეყნისთვის დამაზიანებელი გაუგებრობა", - ასე შეაფასა ივანიშვილმა მმართველი გუნდის შიგნით არსებული ვითარება...

- თვალნათლივ ჩანდა, რომ ეს სიტუაცია ქვეყანას მართლაც აზიანებდა და ხელისუფლებასაც უქმნიდა საფრთხეს. საქმე ისაა, რომ როდესაც ქვეყანაში ალტერნატიული ძალის ცენტრები  არ არსებობს და ვიცით, რა მდგომარეობაშია დღეს პოლიტიკური ოპოზიცია, სახელისფლებო ძალის შიგნით დესტაბილიზაცია ავტომატურად სახელმწიფოებრივ დესტაბილიზაციაში გადადის. როდესაც არავინ ჩანს, ვინც ხელისუფლებას გადაიბარებს, ეს ვაკუუმი თავისთავად უკვე იწვევს ქაოსს...

- ივანიშვილის დღევანდელმა გამოსვლამ როგორი წარმოდგენა შეგიქმნათ - ეს იყო მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის მოხსენება თუ უფრო შორსმიმავალი გეგმების მქონე პოლიტიკოსის?

- ვისურვებდი, რომ უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს. თუ ის სახელმწიფოებრივი ამოცანებით დაბრუნდა, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ეტაპი უნდა გაიაროს, თუ ის გაჩერდა პარტიის სტაბილიზაციაზე, პარტია დაასტაბილურა და მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესით შემოიფარგლა, მაშინ აქედან არაფერი გამოვა და ეს დაბრუნება შეიძლება უკან ცუდად მიუბრუნდეს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)