"ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა " - კვირის პალიტრა

"ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა "

ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი დაბრუნდა, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას.

"სიახლე არაფერი არაა, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება. მას არ აქვს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა, არ იცის როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც მის გამო მოვხვდით. “ევროპული საქართველო“ არაფერს სასიკეთოს ამ ცვლილებებიდან არ ელის. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ კაცის და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან, მშვიდობიანად და არჩევნების გზით", - აცხადებს ბოკერია.

მისივე შეფასებით, “ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას, რაზეც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს“.

"ჩვენი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"