ტყის ხანძრებს ახლა მომზადებული ვხვდებით?!
14-05-2018
ტყის ხანძრებს ახლა მომზადებული ვხვდებით?!
"ბიუჯეტის გაზრდის შემდეგ თანხები­ უპირველესად ტყეში ხანძრების პრევენციისკენ მივმართეთ"

პირველ მაისს ბორჯომის რაიონის სოფელ­ საკირეთში ცეცხლი დაახლოებით ექვს კვმ ტყის ფართობს მოედო. მართალია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ხანძარი სწრაფად ჩააქრო, თუმცა­ ფაქტია, ტყის ხანძრები, განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ისევ მწვავე პრობ­ლემაა. როგორ ემზადებიან მოსალოდნელი ხანძრებისთვის, "კვირის პალიტრის" კითხვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე შალვა­ ხუციშვილი პასუხობს:

- საკირეთში ხანძრის თაობაზე მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შემიძლია, რაც საგანგებო სიტუაციების
მართვის თანამშრომლებმა ნახეს - წინასწარი მონაცემებით, ეს იყო ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

- გამოძიება რომ ეფექტიანად არ მუშაობს, იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე არ არის დადგენილი, რატომ დაიწვა 2017 წლის აგვისტოში 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
- ხანძარი შარშან ბევრად მასშტაბური იყო და არათუ ხანძრის
გაჩენის კერა, მიმდებარე ტერიტორიაც განადგურდა. ასეთ ვითარებაში რთულია მტკიცებულებების შეგროვება. 1-ლ მაისს ხანძრის დროულად ლოკალიზების შემდგომ ვნახეთ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ნიშნები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ტყის ხანძრები სახელმწიფოსთვის მწვავე პრობლემაა.

- ვერსიაც გაჩნდა - ტყეს ცეცხლი დანაშაულის კვალის დასაფარად წაუკიდეს, რადგან აქ ტყის მასივი მასობრივად იჩეხება.
- ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შარშანდელ ხანძარს მაღალი ტემპერატურაც­ უწყობდა ხელს. სანამ ძალების მობილიზება მოვახერხეთ, ხანძარი ფართოდ გავრცელდა.

- როგორ ემზადებით ზაფხულისთვის?
- ბიუჯეტის გაზრდის შემდეგ თანხები­ უპირველესად ტყეში ხანძრების პრევენციისკენ მივმართეთ. მალე დასრულდება ტენდერი სპეციალური ტექნიკის შეძენაზე, რომელიც უფრო მოქნილად მოქმედების შესაძლებლობას მოგვცემს. 19 სპეციალური მანქანა უნდა შევიძინოთ. ვაპირებთ ვერტმფრენების ყიდვასაც. გვინდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თითო ვერტმფრენი მაინც განთავსდეს. უნდა დაიხვეწოს მეხანძრეების აღჭურვილობაც, მათ შორის, კავშირგაბმულობის სისტემა, ასევე წყლის სატუმბი სახელურები... ვმუშაობთ ჯგუფების გადამზადებაზეც. როგორც კი მოსამზადებელ სამუშაოებს დავასრულებთ, სატყეო სააგენტოსთან ერთად მონიტორინგის გაძლიერებაზეც დავიწყებთ ზრუნვას, რათა ხანძრის კერები დროულად აღმოვაჩინოთ.

- მონიტორინგის სისტემაზე ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულხართ?
- პრობლემაა ისიც, რომ არ არის კეთილმოწყობილი გზები და მონიტორინგის­ გაძლიერება ამ მიმართულებითაც დაგვჭირდება. აქცენტს ძირითადად ტექნოლოგიების­ გამოყენებაზე ვაკეთებთ. მაგალითად, დრონებზე. ასევე, მოლაპარაკება გვაქვს სპეციალური დირიჟაბლის შეძენაზე, რომელიც დიდ ფართობზე ახდენს მონიტორინგს და ცენტრს სიგნალს დროულად გადასცემს.

- თუ გაქვთ განსაზღვრული სტრატეგიულად სარისკო ადგილები?
- ბორჯომი მაღალი რისკის არეალია. ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარა, მესტია და თუშეთი, აღჭურვილობის მობილიზებას ვგეგმავთ - სანამ დამხმარე ძალა ადგილზე ჩავა, მათ უნდა შეეძლოთ დროული რეაგირება. ნახანძრალ და წიწვოვან ადგილებში რისკი მაღალია.
ავსტრიულ კომპანია "როზენბაუერთან" უკვე გვაქვს ცალმხრივი შეთანხმება, რათა სამაშველო მანქანები""დელტამ" საკუთარ ბაზაზე ააწყოს. საუბარია სწრაფი რეაგირების მულტიფუნქციურ მანქანებზე, რომლებშიც გაერთიანებულია როგორც სამაშველო, ისე სახანძრო მანქანები. წლის ბოლომდე გვე­ყოლება რამდენიმე ათეული ასეთი მანქანა. ზაფხულისთვის ორ პროტოტიპს­ გამოვცდით, შემოდგომიდან კი გვსურს მათი სერიული წარმოება საქართველოში დაიწყოს.

- სააგენტო მუშაობს ადამიანური რესურსის ალტერნატიულ მობილიზებაზეც - სამხედრო გაწვევის ნაცვლად შესაძლოა ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სავალდებულო სამხედრო სამსახური თქვენთან­ გაიარონ.­
- რესურსების ნაკლებობა ნამდვილად გვაქვს, ამიტომ სამხედრო სამსახურის ხარჯზე ზოგიერთ რეგიონში შევძლებთ ამ დანაკლისის შევსებას. ახალი, არასამხედრო ტიპის სამსახური ნატოს პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით შეიქმნება. ამ სამსახურის მეშვეობით ადამიანური რესურსის დანაკლისსაც შევავსებთ და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ტენდენციაც შეჩერდება - ახალგაზრდებს,­ რომლებსაც არ სურთ სამხედრო სამსახურის გავლა, ექნებათ ალტერნატივა - ჩვენთან სამსახურის დაწყება. ეს იქნება ორგანიზებული, ბევრად ახალი სტანდარტების მომზადების პროგრამა, რითაც ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას ემსახურონ ქვეყანას. შსს-მ გადმოგვცა თბილისის ზღვა­ზე არსებული ბაზა, სადაც პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, შეზღუდული რაოდენობით მივიღებთ ახალგაზრდებს. მსურველებს მუნიციპალიტეტებშიც შეეძლებათ მომზადების გავლა. ვაპირებთ ასევე მოხალისეების პროექტის განხორციელებას. ვინც უკვე დასაქმებულია, მაგრამ სურს საჭირო­ების შემთხვევაში ემსახუროს ქვეყანას, გადავამზადებთ, მივცემთ აღჭურვილობას და ომსა თუ სხვა საგანგებო ვითარებაში ჩავრთავთ ქვეყნის სამსახურში.

- ლაპარაკია რეზერვის შექმნაზე?

- ეს არ იქნება რეზერვისტების ჯგუფი, ეს არის შესაძლებლობა, მსურველებმა კრიზისულ ვითარებაში ქვეყანას დაეხმარონ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით