"ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის დაბრუნება ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის"

"ქართული ოცნების" მიღწევები რეალურად მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია და ეს ივანიშვილმა იცის, უბრალოდ, ჯოხი საჯაროდ არ გადატეხა მათზე"

ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ, ოფიციალურად ჩაერთო პოლიტიკაში. თუმცა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და რა ტიპის რეორგანიზაცია დაიწყება პარტიაში, არ დაუკონკრეტებია, ითქვა მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება და არც თავად აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლაზე"ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- რა ითქვა ყრილობაზე, ვფიქრობ, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ფაქტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში რეინტეგრაციის პროცესია. მან პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით, დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაერთ პრობლემას ხედავს, რომლის გადაჭრაც მისი პირადი, ინტენსიური მართვის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში, ასეთი პრობლემა არსებობს მმართველობითი სისტემის მოდელში. რაც შეეხება მის გამოსვლას, ძირითადად გაჯერებული იყო უკვე 2013 წელს გაჟღერებული ნეგატიური გზავნილებით ოპოზიციის, ექსპერტებისა და მედიის მიმართ. თუმცა მისი ნაბიჯი მეტყველებს, რომ სამივე ფაქტორს და მათი მხრიდან კრიტიკას სერიოზულად ეკიდება. მეტიც, ივანიშვილმა აღიარა "ქართული ოცნების" წარუმატებლობა, როდესაც სიტყვით გამოსვლამდე რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა - არ მინდოდა ამ ტრიბუნასთან ისევ დადგომა - თუმცა საკუთარ თავთან გაჯიუტება არ ჩათვალა მართებულად. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს შეუძლია წარუმატებლობის აღიარება და პასუხისმგებლობის აღება ვითარების შესაცვლელად.

- არადა, ივანიშვილმა სამწლიანი დუმილის შემდეგ პირველ გამოსვლაში ძირითადი დრო სწორედ "ქართული ოცნების" მიღწევებს დაუთმო. რა გამოდის, ერთი მხრივ იწონებს "ოცნების" მმართველობას და პოლიტიკაში მხოლოდ შიდაპარტიული დაპირისპირების გამო დაბრუნდა?

- მიღწევებზე იქ შეკრებილთა დასამშვიდებლად ისაუბრა - კარგად ჩანდა, რამდენად დაძაბული იყვნენ მმართველი პარტიისა თუ მთავრობის წევრები, როდესაც ტრიბუნაზე ბიძინა ივანიშვილი ავიდა. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური რიტორიკა გახლდათ, ვიდრე რეალობის აღწერა, რომელსაც ყველაზე ადეკვატურად ისევ ბიძინა ივანიშვილი აფასებს. გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" ბევრად ჰუმანურია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდა?! "ქართული ოცნების" მიღწევები რეალურად მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია და ეს ივანიშვილმა იცის, უბრალოდ, ჯოხი საჯაროდ არ გადატეხა მათზე. მისი დაბრუნება ცივი შხაპია""ქართული ოცნებისთვის", რადგან იციან, რომ "სახლობანას" თამაში დასრულებულია.

- საზოგადოება ელოდა, რომ ივანიშვილი ცვლილებებს დააანონსებდა, მათ შორის, პარტიის რეორგანიზაციის თვალსაზრისით, თუმცა მხოლოდ ორი კონკრეტული ფრაზა მოვისმინეთ: არ აპირებს პრემიერის შეცვლას და არ იყრის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭს.

- დღეს პრემიერის შეცვლაც კი არ არის მთავარი, ივანიშვილის ნდობის ლიმიტი, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს. შესაბამისად, მას მოქმედების დროც მცირე აქვს - შიდაპარტიული დაძაბულობა, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების თანხვედრაში მოყვანა, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, მთლიანად სისტემის გადახალისებას მოითხოვს. პრობლემაა ისიც, რომ ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციური ცენტრები, რის გამოც ძალაუფლება მონოპოლიზებულია და მართვის ბერკეტების უზურპაციას მოასწავებს. ასეთ დროს, ივანიშვილს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან მას გვერდით ჰყავს გუნდი, რომელსაც არათუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, კინკლაობასაც კი ვერ აგვარებს პარტიაში.

- მეტიც, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ჩართულობის გარეშე, პარტიაში კრიზისი შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავებულიყო.

- ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის პარტიაში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად დაბრუნდა, ეს ივანიშვილს კულისებიდანაც შეეძლო, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია, რის გამოც მას როგორც პიროვნულად, ისე "ქართულ ოცნებაზე" პასუხისმგებელ პირს დისკომფორტი შეექმნა.

- ოპოზიციის შეფასებით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაზე გადმორთვას, მის შესაძლო დაბრუნებასა და ივანიშვილისთვის ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება.

- ყველას აქვს რაღაც შიშები, მაგრამ არა მგონია ივანიშვილი სააკაშვილის გამო დაბრუნებულიყო. მთავარი მიზეზი ისევ უუნარო "ქართული ოცნებაა".

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დაემთხვა მასშტაბური სპეცოპერაცია "ბასიანში". თქვენ როგორ აფასებთ შსს-ს ამ სპეცოპერაციას?

- ეს არასასიამოვნო სანახავი იყო, არ გამოვრიცხავ ძალის გადამეტებასაც, საინტერესოა, ვის ტვინში მოიხარშა სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება?! ეს იგივეა, კალიებთან ბრძოლის მიზნით, ბოსტანში ტანკით შევარდე და მიანგრიო იქაურობა. თუმცა ის, რაც მეორე მხარეს ხდება, ასევე გაუგებარია - აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, შსს-მ რა მტკიცებულებებიც უნდა გამოაქვეყნოს, ავტომატურად ფალსიფიცირებული იქნებაო. მუდმივად ცხოვრება პრინციპით: თავი ჩემია, მაგრამ ტანი - არა, შორს ვერ წაგვიყვანს. პრობლემას ვერც კლუბში შევარდნით მოვაგვარებთ, რადგან მთავარი ნარკოტრაფიკის საბითუმო ქსელის განადგურებაა და არა დისტრიბუცია. დღეს იქმნება აზრი, რომ ჯოხს გამსაღებლებზე ტეხს სახელმწიფო, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ ნარკომაფიის ხელმძღვანელები სწორედაც რომ სისტემაში არიან ჩაბუდებული. ამ კითხვებს სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. შესაძლოა, პრევენციის მიზნით სპეცოპერაციები ტარდებოდეს, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამით ნარკოტრაფიკს აღმოფხვრის, უბრალოდ, შტერია. როგორ მიაღწია ნარკოტიკმა "ბასიანის" კარამდე, აქ არის მთავარი შეკითხვა.

- წამოაყენეს კონკრეტული მოთხოვნები - გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი და მმართველმა ძალამ სპეცოპერაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. რა შედეგით შეიძლება დასრულდეს პროტესტი?

- ორი ვერსია მაქვს - ან ამ აქციას მართავდა თავად ხელისუფლებაში არსებული გარკვეული ჯგუფი და საქმე გვაქვს შიდაინტრიგასთან - კონკრეტული პირების "გაშავებასთან", ან რევანშისტული ძალები შეეცადნენ პროცესის მართვას. რევანშისტულ ძალებში ვგულისხმობ ოპოზიციას ან სხვა, ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებს. ორივე შემთხვევაში წარუმატებელი ჩანაფიქრია. პრინციპში, ეს პროტესტი ხელისუფლებისთვისაც არ იყო პრობლემა, ხელისუფლებაში კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, რადგან მის გარდა, დღეს არავინაა მმართველ პოზიციაზე ისეთი, ვინც რაიმე ტიპის პოლიტიკურ გათვლას გააკეთებს. თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კარგი გამაფრთხილებელი სიგნალია - ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ საზოგადოებაში დაგროვდა საპროტესტო მუხტი და მას ახლა მხოლოდ იმიტომ უმართლებს, რომ საპროტესტო ტალღას ლიდერი არ ჰყავს, ის კი მომავალში აუცილებლად გამოჩნდება.

- დაანონსდა კონტრაქციაც - აქვს დღეს ხელისუფლებას სამოქალაქო კრიზისის თავიდან ასაცილებელი რესურსი?

- ხელისუფლების ერთადერთი პასუხი ასეთი უნდა იყოს - თუ ძალა გამოიყენეს, უნდა გამოიძიონ და კონკრეტული პირები დასაჯონ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ჩაუშხამეს სასიამოვნო საღამო. როგორ უნდა ტრანსფორმირდეს ეს პირადი დისკომფორტი პოლიტიკურ მოთხოვნასა და პრემიერის გადაყენების მოთხოვნად, სრულიად გაუგებარია. ამიტომაც ვფიქრობ, საპროტესტიო ტალღის გაგრძელება თუ კონტრაქციის დაანონსება უკვე ჩავლილი მატარებელია. შესაძლოა 17 მაისს კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ქუჩაში, სხვა გაგრძელება ამას არ ექნება. ეს ახალგაზრდები სულაც არ მიმაჩნია უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გულანთებულ პატრიოტებად - არ გვინახავს ისინი ქუჩაში მაშინ, როდესაც საარჩევნო, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უფლებები ირღვეოდა ან სიტყვის თავისუფლებას ექმნებოდა საფრთხე.

თუმცა ვიმეორებ, ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ პროტესტი არსებობს და როგორც კი ლიდერი და ალტერნატიული ძალა გამოჩნდება, რუსთაველის პროსპექტზე აუცილებლად გამოვა უამრავი ადამიანი.

რუსუდან შელია