"ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების გამოძახილი?!" - კვირის პალიტრა

"ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების გამოძახილი?!"

"ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს - ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?!"

ბიძინა ივანიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. ყველა დიდი ინტერესით ელოდა მის პირველ საჯარო სიტყვას. ივანიშვილის 23-წუთიანი მოხსენება "ქართული ოცნების" მიღწევების აღნიშვნით დაიწყო და იმ მიზეზებზე საუბრით გაგრძელდა, რამაც აიძულა ექსპრემიერი, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ოპონენტების დესტრუქციული მოქმედებები და გუნდში არსებული გაუგებრობები - შეიძლება ასე მოკლედ ჩამოყალიბდეს ივანიშვილის მიერ დასახელებული სამი მიზეზი.

შეიძლება ითქვას, "ქართული ოცნების" საეტაპო ყრილობა თითქმის გადაფარა მეორე დღეს თბილისის ღამის კლუბებში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეგიდით ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რაც ზოგიერთმა ივანიშვილის დაბრუნებასაც კი დაუკავშირა.

როგორ შეიძლება შეფასდეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლა, მის მიერ დასახელებული ამ ნაბიჯის განმაპირობებელი მიზეზები და ექსპრემიერის პირველი განცხადებები? - ამ საკითხებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება:

- ბოლო ორ კვირას ივანიშვილის დაბრუნების მიზეზებზე არაერთი ვარაუდი გამოითქვა, მათგან ორი ექსპრემიერმა თვითონვე დაასახელა: პირველი ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ივანიშვილის გარეშე აშკარად ვერ გაუმკლავდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს და მეორე - დაპირისპირება პარტიის სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომელსაც ივანიშვილმა გაუგებრობები უწოდა.

თუ გავიხსენებთ 2014-15 წლებში გაკეთებულ მის განცხადებებს, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნებას მხოლოდ დიდი უბედურების შემთხვევაში განიხილავდა, გვეძლევა საშუალება დასკვნისთვის, რომ მან დაინახა სიმპტომები იმისა, რომ პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით შეიძლება წასულიყო და როგორც ჩანს, ივანიშვილს ინტუიციამ არ უმტყუნა: ის, რაც თბილისში 12 მაისს განვითარდა, სწორედ ამის დასტურია.

- დიდი ხმაური მოჰყვა 12 მაისის ღამეს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას. საზოგადოების ნაწილი ამას ძალიან კრიტიკულად აფასებს და თვლის, რომ ნარკორეალიზატორების დაკავებისთვის არ იყო საჭირო კლუბებში შეჭრა.

- დავიწყოთ იმით, რომ ნარკორეალიზატორები უნდა დააკავონ კლუბებშიც, ოჯახებშიც, ქუჩებშიც - დანდობა არ შეიძლება. ვერანაირი ღამის ეკონომიკა ვერ შედგება, თუ თაობა ამოწყდა - ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს - ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?! ვინ თქვა, რომ კლუბები ხელშეუხებელია ან ქართული ტურიზმის საძირკველია და ვინმე საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იმიტომ იტყვის, რომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას ებრძვიან? თუ გვინდა, რომ ტურიზმი საქართველოში მსოფლიო ნარკომანიის მოზიდვის ხარჯზე გავზარდოთ? ისიც ცხადია, რომ სამართალდამცავებს სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი მომავლის განადგურებისგან დაცვის საქმეში.

იმავდროულად, ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით - სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ? ამ ტიპის ოპერაციებით ნარკობარიგებისგან ხომ არ ვქმნით ჩაგრულისა და ახალი თაობის "გმირების" იმიჯს? ხომ არ იყო ეს საჩვენებელი აქცია მაშინ, როცა ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება ლამის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - მათ შორის, მეტროებში?! ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი?! - იმიტომ, რომ ამ აქციით დაზარალდა "ქართული ოცნების" მინიმუმ სამი ლიდერის იმიჯი - თავად ივანიშვილით დაწყებული, კალაძისა და გახარიას ჩათვლით. ან რატომ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის დღეს? ანუ მაშინ, როცა ოფიციალურად კვლავ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუ ვინმემ იფიქრა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალის დემონსტრირებას უნდა დაჰკავშირებოდა?

ამ კითხვებზე პასუხი, მგონი, საზოგადოებაზე მეტად თავად ხელისუფლებას სჭირდება.

ერთ პარალელსაც გავავლებ: შევარდნაძის ხელისუფლების კრახი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და შემდგომ განვითარებული პროცესებით დაიწყო.

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის - პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდობას არ სჯერა ხელისუფლების: ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ კონტაქტი დაკარგა საზოგადოებასთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან. ხელისუფლებას არა აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა, არ იქმნება ახალი ფასეულობები და მოძრაობები.

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის ტრაგედიის მერე, როცა ხელისუფლებამ პირველად იხილა ახალგაზრდობის ძალა, იმის ნაცვლად, ეს მუხტი სახელმწიფოს და ამ თაობისავე სასიკეთოდ მიემართა, სირაქლემის პოზა არჩია და ახალგაზრდები კლუბებისა და ნარკოტიკების ამარა დატოვა,

ნაცვლად იმისა, ხელი შეეწყო ახალი ლიდერების წარმოჩენისთვის. ეს წლები ხელისუფლება ავტორიტეტების განადგურებით იყო დაკავებული. ვინ არის ისეთი, ვინც დღეს ახალგაზრდებს მოუწოდებს დიალოგისკენ და მას ნდობის ვოტუმი ექნება? არავინ. სად არის ალტერნატიული ახალგაზრდული მოძრაობები, გარდა სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფებისა? არსად.

ჰოდა, მაშინაც კი, როცა ხელისუფლებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანი აქვს - ნარკოტიკების გასაღებასთან ბრძოლა - ის თავად საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობას აწყდება და დიდწილად აგებს საინფორმაციო სივრცეს. ამაზე უნდა დაფიქრდნენ "მეოცნებეები".

ნარკომაფიასთან ბრძოლაში მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნება. საინფორმაციო კამპანიებს "ოცნება" ტროლებით ვერ მოიგებს, საზოგადოების რეალური მხარდაჭერის და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ჩართულობის გარეშე. ასე რომ, არჩევანი მათზეა - ან საზოგადოებასთან ერთად, ან მის პირისპირ... რაც შეეხება პოლიციას, მას ახლა მძიმე დღეები უდგას. არაპროპორციული ძალის გამოყენების შემდეგ, ისე ზუსტად და ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ მცირე შეცდომაც არ დაუშვას და სიტუაცია ყოველმხრივ უსწრაფესად დაასტაბილუროს, რათა ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, რასაც ასე მოუთმენლად ელოდება არაერთი ჩასაფრებული ძალა შინ თუ გარეთ.

ივანიშვილმა აღიარა ისიც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ოპოზიციურ საინფორმაციო ნაკადთან გამკლავება. ის, რომ ქვეყანაში ოპოზიციური აზრი არსებობს, არსებობს ოპოზიციური ტელევიზიები და ყველას შეუძლია განსხვავებული აზრის გამოთქმა, ეს ნამდვილად ამ ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ ერთია ოპოზიციური აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება და მეორე, როდესაც ხელისუფლება ამ საინფორმაციო ნაკადს ვერაფერს უპირისპირებს. ხელისუფლება ეფექტიანი პოლიტიკით უნდა ადგენდეს საინფორმაციო დღის წესრიგს. მხოლოდ ასე შეძლებს გამარჯვებას საინფორმაციო ველზე კონკურენციის პირობებში და არა 12 მაისის მსგავსი აქციებით.

- ის, რაც ივანიშვილმა თქვა, ვფიქრობ, ეს მიზეზები ისედაც ჩანდა. რა შეიძლება გამხდარიყო მისი დაბრუნების სხვა ფარული ფაქტორები?

- კიდევ ერთი, უმთავრესი ფაქტორი, რომელზეც მან არ ილაპარაკა, არის დასავლეთისა და უშუალოდ, აშშ-ის გავლენა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გაიმართა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. იქ შეიკრიბა ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქართველოს თემაზე მუშაობენ, მათ შორის საქართველოში აშშ-ის 5 ყოფილი ელჩი.

ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში ძველების დრო წავიდა, მეტიც, ასეთი ფრაზაც გაისმა, რომ "წავიდა არაორდინარული ლიდერების დრო და პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს".

იმავდროულად, იწყება პროდასავლური ახალი თაობის, დასავლეთთან ურთიერთობაში გამოცდილი ახალგაზრდების მთელი არმადის მობილიზება და ეს იქნება უაღრესად საინტერესო ინტელექტუალური რესურსი, თავისი თანამედროვე მიდგომებითა და აზროვნებით.

ასევე აქტიური კომუნიკაცია შეინიშნება აშშ-სა და პროდასავლური კავშირებისა თუ ინტერესების მქონე მსხვილ ქართულ ფინანსურ ჯგუფებს შორის.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საქართველოს მიმართ გატარებული თითქოსდა ფრაგმენტული პოლიტიკისა, სერიოზული მუშაობაა დაწყებული, რათა ჩვენს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდეს და მას უშუალოდ საქართველოში იმ ფინანსური ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერაც ჰქონდეს, რომლებიც აშშ-ისთვის საინტერესო და ძალიან მსხვილ პროექტებს ახორციელებენ. ეს ყველაფერი ერთიან კომპლექტში მიანიშნებს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი ტენდენციების გაჩენაზე.

თუ მართლაც დაიწყო დასავლური ქოლგით ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება, ამ პროცესის გულშემატკივრად უნდა ვიგულოთ "ქართული ოცნების" იმ საპარლამენტო ფრთის წარმომადგენლებიც, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში წლების განმავლობაში მუშაობდა.

ასევე ახალი პოლიტელიტის რიგებში შეიძლება აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" ის პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც კარიერის დასრულებას "ქართულ ოცნებასთან" ერთად არ აპირებენ. უფრო მეტიც, 12 მაისის კვალობაზე განვითარებული მოვლენები "ქართულ ოცნებაში" მომავალი ფრაგმენტაციის მაპროვოცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

მოკლედ, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

პროცესის განვითარების ამგვარი პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ შანსს უტოვებს, რომ დაასწროს თუ გადაასწროს რეფორმატორობით აშშ-ს, რითაც შეძლებს საზოგადოების კრიტიკული მასის მხარდაჭერის მობილიზებას კვლავ საკუთარი პერსონისა და პარტიის გარშემო. მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს ივანიშვილი დგას, ის არის, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში რეფორმატორი. ამისთვის მან უარი უნდა თქვას მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ ლოზუნგზე - "შუა უნდა გაიკრიფოს" და დაიწყოს საზოგადოების გაერთიანებაზე ზრუნვა.

კალაძემ ყრილობის დასაწყისში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ხელახლა გამაერთიანებლის ფუნქციით ბრუნდებაო, მაგრამ თავის გამოსვლაში ამის თაობაზე ივანიშვილს არაფერი უთქვამს. მეტიც, ის საზოგადოების გაყოფის მის მიერ დამკვიდრებულ კლიშეს, რომელმაც 2012 წელს ნამდვილად გაამართლა, ახლაც ვერ ასცდა და კვლავ დაყო საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ახსენა ოპოზიციური პარტიების მართული ჟურნალისტები, ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ცარიელ ადგილებად მოიხსენია და ა.შ. არადა, ივანიშვილმა ახლა მთავარი სიახლე, რაც უნდა შემოიტანოს, ისაა, რომ დაინახოს საზოგადოების ყველა ფენაში პარტნიორი. მიუხედავად საზოგადოებაში მისი ნდობის მნიშვნელოვნად გაფერმკრთალებისა, ჯერჯერობით კიდევ არის რესურსი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, პარტნიორული დამოკიდებულების შემთხვევაში, მას და ხელისუფლებას ასევე თანამშრომლობით უპასუხონ.

- ბრძანეთ, რომ ივანიშვილმა უნდა მოახერხოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება, არის კი ამის რესურსი "ქართულ ოცნებაში"?

- "ქართულ ოცნებაში" არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ნამდვილად არის.ასევე არის საქართველოს ფარგლებს გარეთაც იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ახლა უცხოეთში მოღვაწეობენ. ძალიან საინტერესო ახალი თაობა შემოვიდა ასპარეზზე, ვინც უკვე იგემა წარმატების გემო. მან როგორმე უნდა უზრუნველყოს ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა. ამისთვის აუცილებელია, რომ მათ იდეების ხორცშესხმის თავისუფლება მიეცეს, თუმცა პირველი რიგის ამოცანაა საკადრო ცვლილებები, ანუ ადამიანები შეირჩნენ არა მორჩილების, არამედ ინოვაციურობის პრინციპით.

ამასთანავე, აუცილებელია ეფექტიანი რეფორმა იმ სფეროებში, სადაც აშკარად ჩავარდნაა. ეს არის უპირველესად სასამართლო ხელისუფლება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ "ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემის ხელიდან გაშვების არ ეშინია.

ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაძლიერება. "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებისთვის გვპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მრავალპარტიული სისტემის ფორმირებისთვის, რისთვისაც საჭიროა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა, რაც არ გაკეთებულა.

სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებია გასატარებელი განათლების სფეროში. ცალკე განსახილველი თემაა კრიმინოგენულ ვითარებასთან გამკლავება, თავისი ნარკოტრაფიკების გადაკეტვის აუცილებლობით.

ქვეყანამ უნდა გამონახოს თანამედროვე გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელი ფუნქცია, რაც იქნება ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ხაზი უახლოესი წლების განმავლობაში. საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ლოზუნგი ვერ იქნება, საჭიროა გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი უნდა იყოს ძალიან მკვეთრად ფორმულირებული. ამ კუთხით ივანიშვილის გამოსვლაში ხაზგასმული იყო საქართველოს, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური ცენტრის როლი და ტურისტული პოტენციალი.

- ამბობთ, რომ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა ნამდვილად აღარ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც 2012 წელს იყო. შესაბამისად, მას სწრაფად მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ კიდევ მეტად არ დაკარგოს საზოგადოების მხარდაჭერა.

- დღეს ბიძინა ივანიშვილს დასაკარგი ნდობის რესურსი ნამდვილად აღარ აქვს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რადიკალურ ცვლილებებს ჯერ ვერ მოახდენს. მისი პირველი რიგის ამოცანა იყო სიტუაციის დაშოშმინება პარტიაში, შემდეგი ამოცანაა ძალთა ბალანსის აღდგენა. ხომ ცხადია, რომ ყველას ერთად ვერ დაუპირისპირდებოდა... როგორც კი ამას დაარეგულირებს, წესით, მალევე უნდა დაიწყოს საკადრო ცვლილებებიც და თანმდევი რეფორმებიც...

ვფიქრობ, რესურსი ამ რეფორმებისთვის არის მთავრობაშიც, მაგალითად, ბოლო ხანს ძალიან საინტერესო რაკურსით გამოჩნდა მამუკა ბახტაძე.

ასევე საინტერესო ფიგურაა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ის ივანიშვილის ხელისუფლებაში, გუნდში, ერთ-ერთი გონიერი და გამოცდილი კადრია.

- ბევრი ვარაუდი გამოითქმოდა პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლის თაობაზე, თუმცა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ხანმოკლე გასაუბრებისას კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს კვირიკაშვილის შეცვლას.

- ეს იყო 12 მაისამდე, 12 მაისის შემდეგ პროცესები შეიძლება დაჩქარდეს. ცვლილებები აუცილებლად იქნება... ივანიშვილს სჭირდება ახალი სახეები, ახალი ძალები პარტნიორებად, ძლიერი დასაყრდენი როგორც პარტიაში, ისე საზოგადოებაში და საზღვარგარეთაც. ძველი სახეებითა და მორჩილი, გარინდებული კადრებით ის ქვეყნისა და მმართველი პოლიტიკური ძალის წინაშე მდგარ გამოწვევებს ვერ გაუძლებს.

- ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, მას მერე, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, გადაწყდა, მასში აუცილებლად გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, ვინც უნდა იყოს ის.

- ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვეტილი იყო ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გარეშეც. თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ისე არ დაჭამდნენ ერთმანეთს "ქართულ ოცნებაში", რომ მათ ბუმბულს ყვავ-ყორნებივით ქარი არ წაიღებდა... მოკლედ, თუ ხელისუფლება მინიმალურ დონეზეც კი შეძლებდა არჩევნების ორგანიზებას, მას აუცილებლად მოიგებდა "ქართული ოცნების" კანდიდატი, უპირველესად ოპოზიციის უკიდურესი სისუსტის გამო. ოპოზიციამ იმ დროსაც კი ვერ შეძლო ერთიან პოზიციაზე ყოფნა, როდესაც "ქართულ ოცნებაში" აშკარად ვერ იყო საქმე კარგად.

მთავარ ინტრიგად ჯერ კიდევ რჩებოდა ის, ჩაერთვებოდა თუ არა საარჩევნო პროცესში გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ერთიერთზე რჩებოდა ბიძინა ივანიშვილთან.

დღეს რამდენად ისურვებს პრეზიდენტი ამას, არ ვიცი. მით უფრო, რომ მოულოდნელობები არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგალითად, 12 მაისს და შემდეგ დღეებში თბილისის ქუჩებში გამოსული ახალგაზრდობა დიდწილად ზურაბ ჯაფარიძის ელექტორატია მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რაც მარგველაშვილისთვის დაკარგული ხმებია. ამიტომ უშუალოდ მარგველაშვილისთვის მეორე ტურიც კი შეიძლება მიუღწეველი გახდეს.

მაგრამ პროცესები ფორსირებულად ვითარდება და ორი დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ - ოპოზიციის მიერ ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში - გაჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებში გარანტირებული მეორე ტურისა და ხელისუფლებასთან თანაბარი ბრძოლის შანსი.

ნათია დოლიძე