"აკიდებული" პროტესტი?! - კვირის პალიტრა

"აკიდებული" პროტესტი?!

"ბასიანსა" და "გალერიში" 12 მაისს, ღამის პირველ საათზე ხმაურიანი სპეცოპერაცია, ოფიციალური ინფორმაციით, ნარკორეალიზატორების დასაკავებლად დაიგეგმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომლებმაც კლუბებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შეიტანეს. სპეცოპერაციის ჩატარების ფორმებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში კითხვები გაჩნდა. სპეცოპერაციის შემდეგ, ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის" ორგანიზებით ღამის კლუბების სტუმრებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციები დაიწყეს და პოლიტიკური მოთხოვნებიც წამოაყენეს - გადადგეს პრემიერი, შს მინისტრი და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გუნდმა.

მოთხოვნებს თბილისის მერმა დიალოგითა და ნარკოდანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის შეთავაზებით უპასუხა, თუმცა შეთანხმების მიღწევა აქციის მონაწილეებთან ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.

"ეს სპეკულაციაა"

კახა კალაძე, თბილისის მერი: "არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრაფიკს. სპეკულირებენ, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, კლუბურ მუსიკაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა აუცილებლად გაგრძელდება... თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რაც ძალიან სამწუხაროა... ჩვენ გვიკვდებიან შვილები, დები, ძმები, თანამოქალაქეები. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც ახლა პარლამენტთან მართავენ აქციას, გვერდით დაგვიდგებიან და ერთად შევძლებთ დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. მე ვსაუბრობ გუნდის სახელით".

"უმეტესობა კლუბში საცეკვაოდ იყო მისული"

მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერიის პროექტ "ღამის ეკონომიკის განვითარების" ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე: "დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე და ყველაფერი შესაძლებელია... შესაძლებელია ვიღაცამ პროვოკაცია მოაწყოს. ახლა მთავარია, არ მოხდეს დაპირისპირება. სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ორივე მხარე ძალადობას უნდა გაემიჯნოს... დაინტერესებული მხარეები უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, მაგრამ ამდენი ადამიანის რაღაცასა და ნეგატივთან გაიგივება არ შეიძლება, უმეტესობა კლუბში საცეკვაოდ იყო მისული".

ომბუდსმენის პოზიცია

"ბასიანის" სპეცოპერაციას სწავლობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია: "ვაპირებ შევხვდე შს სამინისტროს წარმომადგენლებს. ვსწავლობ იმ პრეტენზიებს, რაც გამოითქვა მოპყრობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვაინტერესებს, საჭირო იყო თუ არა ამ ფორმით სპეცოპერაციის ჩატარება".

"შს სამინისტრო უნდა გავიდეს მთავარ რეალიზატორებზე და ეს იქნება პასუხი ყველა შეკითხვაზე"

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე: - ქვეყანაში ნარკორეალიზაცია რომ აღსაკვეთია, ყველა ვთანხმდებით. მით უმეტეს, ეს მიზანი კიდევ უფრო სასიცოცხლო ხდება, როდესაც ლაპარაკია სინთეზურ, მომაკვდინებელ ნარკოსაშუალებებზე, რასაც ეწირებიან ახალგაზრდები არა წლების შემდეგ, არამედ რამდენიმე საათში, რადგან ზედოზირების საოცრად მაღალი რისკი არსებობს. ასე რომ, მიზანი ყველასთვის მისაღებია, მეტიც, მივესალმები ბოლო თვეებში პროკურატურისა და შს სამინისტროს ნარკორეალიზაციასთან ბრძოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია კითხვა - მიზანი ამართლებს საშუალებას?

- ფიქრობთ, რომ შს სამინისტრომ არასწორი ფორმა და მეთოდი შეარჩია?

- ითქვა, რომ სწორედ პარასკევს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა უწყებას, რომ საშიში ნივთიერების დიდი პარტია იყო შეტანილი ე. წ. კლუბური ნარკოტიკის საფარქვეშ.

კლუბური თუ არაკლუბური ნარკოტიკი არ არსებობს, ნარკოტიკი - ნარკოტიკია, ვიღაცები კი ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ კლუბური ნარკოტიკი ელექტრონულ მუსიკასა და კლუბურ გართობასთან ასოცირდება. ხომ ვნახეთ, რამდენი ახალგაზრდა შეეწირა ამ ნივთიერებას და აზრი, რომ ამას ხელისუფლება მფარველობს, დაიმსხვრა სწორედ შსს-ს სპეცოპერაციის შემდეგ.

- სპეცოპერაციის მიზანი იყო საზოგადოებაში აზრის დამსხვრევა, რომ ხელისუფლება არავის მფარველობს, თუ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა?

- მსგავსი შეკითხვები აღარ გაჩნდება, როგორც კი შს სამინისტრო გააგრძელებს აღებულ კურსს და დააკავებს ნარკოიმპორტიორებსა და მასობრივ მკვლელებს, რომელთა მიზეზითაც დაიღუპნენ ახალგაზრდები.

ნარკორეალიზატორი, რომელიც კლუბში მუშაობს, არ არის ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი, სათავეშია პრობლემა და მათი დასჯაც ასევე მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

- დღეს შსს-სთვის ეს არ არის მთავარი ამოცანა, თუ ე.წ. მეორე ხელთან ბრძოლა უფრო მარტივია უწყებისთვის?

- გულწრფელად ვთქვათ, ვიღაცები ამბობენ, რომ "ბასიანში" სპეცოპერაცია იყო საგამოძიებო ქმედებების ნაწილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მასობრივი რეიდი, რადგან მან დაუცველობისა და პროტესტის შეგრძნება გააღვივა ახალგაზრდებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კლუბური ცხოვრებით მხოლოდ"ბომჟები და მარგინალები ცხოვრობენ, ცდება - ეს არის თანამედროვე საზოგადოებისა და ახალგაზრდული კულტურის ნაწილი როგორც მთელ მსოფლიოში, ისე მთელ საქართველოში. პირიქით, კლუბური სცენა სწრაფად განვითარდა საქართველოში და არაერთ ადამიანს მისცა როგორც ფინანსური, ისე თვითრეალიზაციის საშუალება - ვგულისხმობ არა ნარკოტიკებს, არამედ კლუბურ ტურიზმს.

სამაგალითო ჩვენებამ, რომ ხელისუფლება იქნება შეურიგებელი ნარკორეალიზაციასთან, არ უნდა გამოიწვიოს ახალგაზრდობაში პროტესტი, არ უნდა დავარტყათ მზარდი ეკონომიკის ნაწილს და ამ კულტურის დისკრედიტაციას არ უნდა შევუწყოთ ხელი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აუცილებელია შს სამინისტრო გავიდეს ნარკოტიკების მთავარ რეალიზატორებზე და ეს იქნება პასუხი ყველა იმ შეკითხვაზე, რომლებიც შესაძლოა სპეცოპერაციის შემდეგ გაჩნდა.

"ნაჯამ მეტი ფული რომ იშოვოს, შვილები შევწიროთ?!"

პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, კონტრაქციის მიზანი შს სამინისტროსთვის სოლიდარობის გამოცხადებაა:

- კლუბი "ბასიანი""საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ კლუბურ კულტურას ავითარებს, ახალგაზრდების გართობას ემსახურება, რომ იქ ჩამოდიან ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები, თუმცა შედეგი ამ სიცრუისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ათი დღის განმავლობაში ყოველდღიურად იღუპებოდნენ ახალგაზრდები, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია რამდენიმე და ეს იმიტომ, რომ კლუბებში უცნობი შემადგენლობის საშიში ნარკოტიკული საშუალება გასინჯეს.

სახელმწიფო არ იყო ვალდებული ამ ხოცვაზე რეაგირება მოეხდინა? იმისთვის, რომ ნაჯამ თუ ვიღაც სხვამ იშოვოს მეტი ფული, შვილები შევწიროთ მათ კეთილდღეობას? შს სამინისტრომ მტკიცებულებების სახით გაავრცელა ჩანაწერი, როგორ იყიდება ნარკოტიკი. თუ ჩანაწერი ავთენტურია და შსს-მ მაღალი სტანდარტით ჩაატარა სპეცოპერაცია, ისღა დაგვრჩენია, უწყებას მადლობა გადავუხადოთ.

- 14 მაისს თქვენი აქციის მიზანი შსს-სთვის სოლიდარობის გამოცხადებაა?

- უწყებას სოლიდარობას ვუცხადებ - არც ერთი ნაბიჯი უკან, როდესაც საქმე ეხება ნარკოდანაშაულს. მსგავსი ტიპის სპეცოპერაციების შედეგად ნარკომოვაჭრეების დაკავება საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ხალხი პოლიციას გვერდში დაუდგება.

ბევრი გააღიზიანა აქციაზე 9 აპრილის მემორიალზე ცეკვამ, უამრავი ადამიანი აღშფოთებულია, რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა თაობა და რა შინაარსი აქვს მათ მოთხოვნებს აქციაზე...

ამ ჯგუფების უკან კონკრეტული პირები დგანან. მაგალითად, სოროსის ფონდიდან "თეთრ ხმაურს" მიღებული აქვს სოციალური ექსპერიმენტის წახალისებისთვის 23.500 დოლარი, 39.000 დოლარი მიიღო "ალტერნატივა ჯორჯიამ".

ნაჯა ორაშვილი: "ჯერ სად ხართ!"

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი: - ეს იყო ახალგაზრდების, თავისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეცოპერაცია კლუბში, რომელიც ევროპის ათეულშია, არ ჩატარდებოდა. რატომ შემოვიდნენ კლუბში, არ შეიძლებოდა კლუბის გარეთ დაკავება?! დღეს ამ კითხვაზე არც შს სამინისტროს, არც პრემიერს და არც ვინმე სხვას ხელისუფლებაში პასუხი არ გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ სპეცოპერაცია აბსურდული იყო თავისი მიზნითა და შინაარსით. ცალსახად, ვიღაცები დაუპირისპირდნენ ახალგაზრდებს, თავისუფლებას და თავისუფლების იდეას, მაგრამ შეცდნენ იმ ძალის განსაზღვრაში, რაც ჩვენში - მოაზროვნე, პროგრესულ ახალგაზრდებშია. მივმართავ ხელისუფლებას: ჯერ სად ხართ, უკან მოგიბრუნდებათ ყველა ნაბიჯი, პირველ რიგში კი შემოყრილი საწამლავი, რაც სწორედ თავისუფლების წინააღმდეგ ომში შემოაგდეს.

- რას გულისხმობთ, ნარკოტიკული საშუალებები ხელისუფლებამ შეიტანა კლუბებში?

- გამოჩნდა, რომ ეს მათი მიზანი იყო, რათა საზოგადოების მხარდაჭერა მიეღოთ თავისუფალი ახალგაზრდების წინააღმდეგ ომში, მაგრამ საპირისპირო მიიღეს, ვიმეორებ, ჯერ სად ხართ!

- რას აპირებთ, სადამდე გაგრძელდება აქციები?

- აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რადგან დღეს თბილისი - სიცოცხლით სავსე ქალაქი - მოკლეს! არ გავჩერდებით, არ დავთმობთ ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს, განვითარებულ და ჯანსაღ მომავალს! ამ სიმართლეში გვიჭერენ მხარს ის ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, იდგნენ რუსთაველის პროსპექტზე, სანამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

რუსუდან შელია