"როგორც კომპიუტერულ თამაშში, ისე აკრიფა გახარიას წყალობით მეორე სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც" - კვირის პალიტრა

"როგორც კომპიუტერულ თამაშში, ისე აკრიფა გახარიას წყალობით მეორე სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც"

რუსთაველის გამზირზე, სადაც 13 მაისს ორი ერთმანეთის საპირისპირო აქცია მიმდინარეობდა, გვიან ღამით შს მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლით, ბოდიშის მოხდითა და აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებით დასრულდა. "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.

გიორგი გახარიას აქციაზე გამოჩენამ, ბოდიშის მოხდამ და პროტესტანტებისთვის მიმართვამ მოქალაქეების დიდ ნაწილში მოწონება დაიმსახურა. შს მინისტრს საქციელს უწონებენ სოციალურ ქსელშიც. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ვინც აქციის ორგანიზატორებს ადანაშაულებთ, რატომ წავიდნენ მოლაპარაკებებზეო, რამდენიმე კითხვაზე გამეცით პასუხი:

როგორ გგონიათ, ამ აქციის შედეგი რა შეიძლებოდა ყოფილიყო? რევოლუცია? და ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? ბექა წიქარიშვილი?

პრემიერ-მინსიტრის გადადგომა და "ოცნების" მიერ ახალი პრემიერის დანიშვნა იქნებოდა შედეგი? თუ შს მინისტრის გადადგომა და პრემიერის მიერ ახალი მინისტრის დანიშვნა? ან იქნებ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იდგა სადმე?

რევოლუციაზე მეოცნებე ხალხს მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ვერ გაგიგიათ ამ აქციის მიზანი. მისი მიზანი პოლიტიკური ვერ იქნებოდა (პოლიტიკური ვიწრო გაგებით, თორემ ისე ყველაფერი პოლიტიკაა ამ ცხოვრებაში). იმისთვის, რომ აქცია პოლიტიკური იყოს, საკმარისი არაა ვინმეს გადადგომის მოთხოვნა, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ. ამისთვის აუცილებელია იმ აქციაზე იდგეს ადამიანი, ვინც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებს. (როგორც ეს სომხეთში მოხდა, როგორც ეს ჩვენთან 2003 წელს მოხდა). როდესაც აქციას საზოგადოებრივი ჯგუფები მართავენ და არა ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების ჩანაცვლებას ლამობს, რა მოთხოვნაც არ უნდა დადგეს, ის პოლიტიკური ვერ იქნება.

მაშინ რა იყო ამ აქციის მიზანი? მხოლოდ კლუბების დარბევის გაპროტესტება? არა. სისტემის ცვლილება იყო მიზანი და როდესაც ხელისუფლება გეუბნება, რომ თანახმა ვარ სისტემის ცვლილებაზე შენთან ვილაპარაკოო, ესე იგი აქციის მიზანი მიღწეულია.

თუ პოლიტიკოსებს და მათ მხარდამჭერებს რევოლუცია გინდათ, კეთილი ინებეთ და თავად ააგორეთ ის. თუ ამის ერთი ადგილი გაქვთ, რა თქმა უნდა!

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"მოკლედ და კონკრეტულად ბოლო ორი დღის მთავარი შედეგი, დღევანდელი ფბ-ს ერთი თვალის ჩავლებითაც ჩანს, რომ ასეთია: კომპიუტერულ თამაშებში რომ სიცოცხლეებს კრეფენ, ისე აკრიფა გუშინ გახარიას წყალობით მეორე პოლიტიკური სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილმაც და "ქართულმა ოცნებამაც", ოღონდ დიდი ალბათობით, შეცვლილი სახელებით და გვარებით. ესეც თქვენი 2020-იც, როგორ მოხდა ეს და რანაირად, მხოლოდ პოლიტიკური ტექნიკის საკითხია და ვრცლად, ცოტა მოგვიანებით…“

გიორგი ისაკაძე, ჟურნალისტი:

"ბოდიშს და გულწრფელსაც კაცობა უნდა!

ყოჩაღ გიორგი, ჩემი პატივისცემა!

და, განსაკუთრებული მადლობა ბერა ივანიშვილს!

მშვიდობიანი კვირეული საქართველოს!“

ირაკლი კაკაბაძე, პუბლიცისტი:

"ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. ძალიან მიხარია, რომ დღეს თავიდან ავიცილეთ სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა. ყოჩაღ კვირიკაშვილს და გახარიას. აგრეთვე ყოჩაღ ბექას, პროტესტის ლიდერს. დღეს იმით ვართ ბედნიერი რომ მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავი ჩვენი მეზობელი სომხეთია და ნიკოლ ფაშინიანი ჩვენი ძმაა და იმით რომ ჩვენც ბოლომდე არ ჩავისვარეთ. მაინც, ფრთხილად უნდა ვიყოთ - გარე ძალებს აქვთ ჩაფიქრებული სისხლისღვრის ორგანიზება საქართველოში. ჩვენ კი წინ უნდა ვიაროთ კავკასიის გაერთიანებისაკენ - და გავაკეთოთ ისეთი კავკასიური კავშირი, ევროკავშირსაც რომ შეშურდება”