"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება" - კვირის პალიტრა

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება"

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის, ანუ ივნისის ბოლომდე, დასრულდეს უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება.

კობახიძის განცხადებით, გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება და იქნება მიღებული კანონპროექტი, უკვე გაკეთებულია.

"ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერებაზე აქტიური მუშაობა დაიწყება და პრინციპებზე მმართველი გუნდი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შეჯერდეს.

"მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერება, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე - ეს არის ამოცანა და ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"