"ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები..." - კვირის პალიტრა

"ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები..."

"მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

"შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ - ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით. ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს", - განაცხადა მან.

მარგველაშვილის თქმით, ის ნატრობს რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს, როცა იგი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაელაპარაკება.

"მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს "ძერჟავას" ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას" გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"