"ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც მან ხმამაღლა არ ილაპარაკა"
"ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც მან ხმამაღლა არ ილაპარაკა"
ბიძინა ივანიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს. ყველა დიდი ინტერესით ელოდა მის პირველ საჯარო სიტყვას. ივანიშვილის 23-წუთიანი მოხსენება "ქართული ოცნების" მიღწევების აღნიშვნით დაიწყო და იმ მიზეზებზე საუბრით გაგრძელდა, რამაც აიძულა ექსპრემიერი, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ოპონენტების დესტრუქციული მოქმედებები და გუნდში არსებული გაუგებრობები - შეიძლება ასე მოკლედ ჩამოყალიბდეს ივანიშვილის მიერ დასახელებული სამი მიზეზი. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი,
რაც ზედაპირზე არ ჩანს:

- კიდევ ერთი, უმთავრესი ფაქტორი, რომელზეც მან არ ილაპარაკა, არის დასავლეთისა და უშუალოდ, აშშ-ის გავლენა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გაიმართა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. იქ შეიკრიბა ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქართველოს თემაზე მუშაობენ,
მათ შორის საქართველოში აშშ-ის 5 ყოფილი ელჩი.

ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში ძველების დრო წავიდა, მეტიც, ასეთი ფრაზაც გაისმა, რომ "წავიდა არაორდინარული ლიდერების დრო და პოლიტიკაში ახალი თაობა უნდა მოვიდეს".

იმავდროულად, იწყება პროდასავლური ახალი თაობის, დასავლეთთან ურთიერთობაში გამოცდილი ახალგაზრდების მთელი არმადის მობილიზება და ეს იქნება უაღრესად საინტერესო ინტელექტუალური რესურსი, თავისი თანამედროვე მიდგომებითა და აზროვნებით.

ასევე აქტიური კომუნიკაცია შეინიშნება აშშ-სა და პროდასავლური კავშირებისა თუ ინტერესების მქონე მსხვილ ქართულ ფინანსურ ჯგუფებს შორის.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მიუხედავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საქართველოს მიმართ გატარებული თითქოსდა ფრაგმენტული პოლიტიკისა, სერიოზული მუშაობაა დაწყებული, რათა ჩვენს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდეს და მას უშუალოდ საქართველოში იმ ფინანსური ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერაც ჰქონდეს, რომლებიც აშშ-ისთვის საინტერესო და ძალიან მსხვილ პროექტებს ახორციელებენ. ეს ყველაფერი ერთიან კომპლექტში მიანიშნებს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი ტენდენციების გაჩენაზე.

თუ მართლაც დაიწყო დასავლური ქოლგით ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება, ამ პროცესის გულშემატკივრად უნდა ვიგულოთ "ქართული ოცნების" იმ საპარლამენტო ფრთის წარმომადგენლებიც, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში წლების განმავლობაში მუშაობდა.

ასევე ახალი პოლიტელიტის რიგებში შეიძლება აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" ის პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც კარიერის დასრულებას "ქართულ ოცნებასთან" ერთად არ აპირებენ. უფრო მეტიც, 12 მაისის კვალობაზე განვითარებული მოვლენები "ქართულ ოცნებაში" მომავალი ფრაგმენტაციის მაპროვოცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

მოკლედ, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.
პროცესის განვითარების ამგვარი პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილს ერთადერთ შანსს უტოვებს, რომ დაასწროს თუ გადაასწროს რეფორმატორობით აშშ-ს, რითაც შეძლებს საზოგადოების კრიტიკული მასის მხარდაჭერის მობილიზებას კვლავ საკუთარი პერსონისა და პარტიის გარშემო. მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს ივანიშვილი დგას, ის არის, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში რეფორმატორი. ამისთვის მან უარი უნდა თქვას მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ ლოზუნგზე - "შუა უნდა გაიკრიფოს" და დაიწყოს საზოგადოების გაერთიანებაზე ზრუნვა.

კალაძემ ყრილობის დასაწყისში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ხელახლა გამაერთიანებლის ფუნქციით ბრუნდებაო, მაგრამ თავის გამოსვლაში ამის თაობაზე ივანიშვილს არაფერი უთქვამს. მეტიც, ის საზოგადოების გაყოფის მის მიერ დამკვიდრებულ კლიშეს, რომელმაც 2012 წელს ნამდვილად გაამართლა, ახლაც ვერ ასცდა და კვლავ დაყო საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ახსენა ოპოზიციური პარტიების მართული ჟურნალისტები, ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ცარიელ ადგილებად მოიხსენია და ა.შ. არადა, ივანიშვილმა ახლა მთავარი სიახლე, რაც უნდა შემოიტანოს, ისაა, რომ დაინახოს საზოგადოების ყველა ფენაში პარტნიორი. მიუხედავად საზოგადოებაში მისი ნდობის მნიშვნელოვნად გაფერმკრთალებისა, ჯერჯერობით კიდევ არის რესურსი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, პარტნიორული დამოკიდებულების შემთხვევაში, მას და ხელისუფლებას ასევე თანამშრომლობით უპასუხონ. იხილეთ სრულად
martlaaa
20 მაისი 2018 11:38
მე ვარ ასაკოვანი და კომუნისტების დროს აღზრდილი, რაში შეგიშალეთ ხელი? არც პარტიული ვყოფილვარ და არც სახელმწიფო სამსახურში. დამოუკიდებლობისთვის კი ყოველთვის ხალხთან ვიდექი. რეზო ხარ თუ ვიღაცა, ეტყობა ან შენი მშობლებია ეგეთი ან არ გყავს მშობლები. რას ქვია ძველებს არ უნდათ დამოუკიდებლობა, მა რისთვის ვრისკავდი, რომ ერთ დღეს შენნაირმა მლანძღოს? აგერ მიშას ხომ ეძახით რეფორმატორს, კომუნისტების დროს მიიღო განათლება კიევში. შეეშვით ძალათ იუმორისტებზე აყოლას 35 მანეთიან ბილეთებზე. ის ხალხი ცოცხალი არ არის, 27 წელია საქართველო დამოუკიდებელია, თუ რამის თავი გაქვთ გააკეთეთ.
Rezo
19 მაისი 2018 12:07
ძველები, მითუმეტეს კიმუნისტებია მიერ გამოზრდილი ძველები უნდა წავიდენენ. მთავრობაში კი არა, ქარხანაშიც კი არ უნდა ამოშავო ისინი. მათ არ აქვთ დამოუკიდებლობის შეგრძნება და არ იციან მისი ფასი. მათ მხოლოდ ფულის კეთება და უსაქმურობა შეუძლიათ.
678
18 მაისი 2018 15:33
აქამდეც ამერიკა იყო ჩვენი „გულშემატკივარი" და როგორი პროგრესი მოყვა ამას, უკვე ვნახეთ. დასავლეთში მოღებული განათლება არაფრის გარანტია არაა. მიშამ დაამტკიცა ეს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?