"მხატვრული ნაწარმოები შეიძლება აკრძალონ იმის გამო, რომ..." - ცენზურის საფრთხე 21-ე საუკუნის საქართველოში? - კვირის პალიტრა

"მხატვრული ნაწარმოები შეიძლება აკრძალონ იმის გამო, რომ..." - ცენზურის საფრთხე 21-ე საუკუნის საქართველოში?

მხატვრული ნაწარმოების შემოქმედებითი პროდუქტი, შესაძლოა ცენზურის ქვეშ მოექცეს და საბჭოთა კავშირში არსებული, მანკიერი, ვითარების ანალოგიურად ხელოვნების ბევრმა ნიმუშმა შესაძლოა დღის სინათლე ვეღარ იხილოს. ხელისუფლების წარმომადგენლები აუცილებლად იტყვიან, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ იურისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ "კულტურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ასეთ ინტეპრეტაციას იძლევა.

ინიციატივის თანახმად, სასამართლოს მიეცემა უფლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

კონკრეტულად კი ცვლილებები შეეხება კულტურის შესახებ კანონის მე-9 მუხლს - "შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა":

"დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას", - აღნიშნულია კანონის ძველ რედაქციაში.

ცვლილებების კანონ-პროექტის მიხედვით კი კანონს ასეთი ინტეპრეტაცია მიეცემა: "დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით".

ის, რომ ადამიანის უფლებების შელახვის მოტივის თუ რელიგიური შუღლის გაღვივების საფრთხის გამო შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვას არცთუ ცოტა ადამიანი მოითხოვს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან ძალიან ხშირია ამა თუ იმ ნაწარმოების, თუ ნახატის გამო დიდი უკმაყოფილება ადამიანის უფლებების თუ რელიგიური გრძნობების შელახვის სახელით. მაგალითად, ასეთ დიდ შეურაცხყოფაზე იყო საუბარი ლია უკლებას ნახატ "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" გამოფენაზე გატანის დროს, ზურაბ ქარუმიძის "მელია-ტულეფიას" გამო და ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობის" დაბეჭდვის დროს. ბოლოდროინდელ ქართულ და დასავლურ ხელოვნებაში კი ძალიან ბევრგან შეიძლება "შეურაცხმყოფელი" ნიმუშები აღმოაჩინოს ამის მსურველმა.

თუმცა კანონპროექტის ავტორები "ოცნების" დეპუტატები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანია კანონის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია.

"სახელოვნებო და აკადემიური საქმიანობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით", - აღნიშნულია კონსტიტუციის 23-ე მუხლში.

მოვა თუ არა კანონი, ნამდვილად, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ამაზე პასუხის გაცემა უჭირს უმრავლესობის წევრს ზაზა პაპუაშვილს. კანონპროექტს არ იცნობს, ამიტომ ვერაფერს ამბობს. ზოგადად კი შემოქმედებითი ნაწარმოების შეზღუდვას ცუდად უყურებს.

"კანონი არ მაქვს წაკითხული ნიუანსებს არ ვიცნობ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბესელიას ინტერვიუს რომ მოვუსმინე, კონსტიტუციის რაღაც მუხლზე ლაპარაკობდა. ზოგადად შემოქმედებით ნაწარმოების ცენზორობას ცუდად ვუყურებ. შემოქმედება თავისუფალია, მისი ხიბლიც ეს არის. მას ცენზურა არ უნდა ჰყავდეს. მაგრამ, როდესაც ამ კანონს კარგად გავეცნობი და წავიკითხავ, მაშინ უფრო სრულყოფილი პასუხი მექნება.

არა მგონია, ისეთი კანონი იყოს, რომ ვიღაცის შემოქმედება აიკრძალოს. კანონში რა ხდება, არ ვიცი ან რომელი მუხლებით მართლდება ეს აკრძალვები. რომ წავიკითხავ, მერე უკეთ მეცოდინება", - უთხრა kvirispalitra.ge - ის პაპუაშვილმა.

ხოლო ჩვენს კითხვაზე შესაძლოა, თუ არა, რომ კანონპრექტს მხარი არ დაუჭიროს იგი გვპასუხობს: "შემოქმედი კაცი ვარ - ჩვენი სინდისი უნდა იყოს ცენზორი. ცენზურა არ უნდა შეეხოს შემოქმედებას, მაგრამ რადგან კანონპროექტი არ მაქვს წაკითხული ვერაფერს გეტყვით. ზოგადად რამის აკრძალვა და ცენზურა ხელოვნებას მხოლოდ დააზარალებს. მაგრამ, არ ვიცი, კანონის მიხედვით რას გულისხმობენ".

პაპუშვილის მსგავსად კანონს არ იცნობს რეჟისორი ქეთი დოლიძეც, ამიტომ წინასწარ შეფასებების გაკეთება უჭირს.

"არ ვიცი ჯერ უნდა წავიკითხო ეს კანონი რასთან არის დაკავშირებული. მაინტერესებს რა გულისხმობს კონკრეტულად ეს კანონი, თორემ საქართველოში არაფერია აკრძალული. პირდაპირ ეთერში მთელი დღის განმავლობაში იგინებიან. არადა, ასეთი რამ არსად არ ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის არც რუსეთში და აშშ-ში.

ამიტომ კანონს გავეცნობი და მერე გავაკეთებ კომენტარს. თუკი ადამიანის ღირსების შელახვას ეხება საქმე, რაღაც შეზღუდვა უნდა არსებობდეს, მაგრამ მხატვრულ ნაწარმოებთან დაკავშირებით... არ ვიცი, ვერ გეტყვით", - გვითხრა ქეთი დოლიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე კი ცენზურის აშკარა საფრთხეს ხედავს. მისი თქმით, ეს არის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შემცირება.

"ნორმაში თითქმის არაფერი იცვლება უბრალოდ ამას ემატება აღსრულების მექანიზმი. ძველი კანონით, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს გადაწყვეტილება აღესრულებინა. ნაწარმოები შეიძლება აკრძალონ იმის გამო, რომ თითქოს აღვივებს ეროვნულ ან ეთნიკურ შუღლს ისე, რომ არ იყოს დასაბუთებული, თუ რამდენად არსებობს კონკრეტული ეთნიკური რელიგიური ჯგუფის მიმართ ძალადობრივი საფრთხე, ანუ საფრთხის რეალურობის შემოწმება არ ხდება. ასე, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შემცირება და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებასთან", - გვითხრა იურისტმა.

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)