"რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ" - კვირის პალიტრა

"რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ"

რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა "Особое мнение"-ს სტუდიაში ჟურნალისტი ნინო როსებაშვილი ესაუბრება საზოგადო მოღვაწეს და კოლეგას მაქსიმ შევჩენკოს. დიალოგის თემა რუსეთი და კავკასიის მოვლენები გახლდათ - რა გავლენას ახდენს რუსეთზე სომხეთში, საქართველოშსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები, ვინ არიან კავკასიის პოლიტიკის ლობისტები რუსეთის ხელისუფლებაში და ა.შ.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

მაქსიმ შევჩენკო:

- ყველა ნორმალური და თანამედროვე ქვეყანას ჰყავს ლობისტები და მათზეა დამოკიდებული. არა უბრალო ლობისტებზე, არამედ ძლიერ, გავლენიან, სერიოზულ ადამიანებზე. სომხები - ვარდანიანი, აბრამიანი, კარაპეტიანი მულტიმილიარდერები არიან. ასევე აზერბაიჯანელები - ნიშანოვი, ილიევი, ალიევების ოჯახი და სხვები. თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთ ლობისტურ სქემებს ჩიხში შევყავართ. ყველა საზეიმოდ აცხადებს, რომ ჩვენ კავკასიაში რუსეთის ყველაზე ერთგულ მოკავშირეები ვართო, მაგრამ, ჩემი აზრით, კავკასიაში რუსეთის ყველაზე მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი ყოველთვის მხოლოდ საქართველო იყო, რომლის წინააღმდეგ რატომღაც ყოველთვის ომები მიდიოდა და რაღაც პროვოკაციები ხდებოდა.

აბა, შევხედოთ აზერბაიჯანელი ლობისტების წინდადებებს: "ჩვენ მთავარი დერეფანი ვიქნებით ირანთან ურთიერთობაში". განა აზერბაიჯანული ელიტა, რომელიც ბევრადაა დამოკიდებული ისრაელზე, ირანთან დერეფნის რეალიზებას მოახდენს? ეს ერთი. მეორე - აზერბაიჯანში მიდის გარჩევები ალიევებისა და ფაშაევების (რომელიც ილჰამის ალიევის მეუღლის საგვარეულოს წარმოადგენს) კლანებს შორის. ფაშაევები უფრო მეტად აშშ-სკენ იხრებიან და ვაშინგტონისკენ აქვთ ორიენტაცია აღებული. ალბათ, მემკვიდრეებიც უფროსი ფაშაევების კვალს გაჰყვებიან.

მესამე - რადგანაც აზერბაიჯანის ნავთობ-გაზსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადიან, ერთი ელვისებური დესტაბილიზაცია და მორჩა აზერბაიჯანის პერსპექტივა... ამერიკას აზერბაიჯანისთვის ხელები ყელში აქვთ წაჭერილი. ამიტომ მათი ლობირება მითოლოგიაა და მეტი არაფერი.

იგივე ითქმის სომხებზეც. რომელ ლობირებაზეა ლაპარაკი, როცა თვითონ სომხეთი საქართველოზეა დამოკიდებულნი?

სომხური ტრანზიტული ტვირთები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის საზღვარგარეთ და რუსეთშიც. აი, ვთქვათ და ხვალ საქართველომ გადაკეტა სომხური ტრანზიტი - მორჩა, სომხეთს შიმშილით სული ამოხდება. იმიტომ, რომ თავისი არაფერი აქვს და მხოლოდ ქართული ტრანზიტით არსებობს.

-  მაგრამ ამ დროს ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ხვდება და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს...

- სხვათა შორის, საქართველო, რომელიც რუსეთისთვის საკვანძო ქვეყნად მიმაჩნია, ასევე ქართული ელიტა, ქართული არისტოკრატია... მათი მხარდაჭერის გარეშე რუსეთი კავკასიას ვერ დაიმორჩილებდა. დღეს ჩვენთან საქართველოს ვიღაც-ვიღაცეები კვლავ აკრიტიკებენ და ლანძღავენ, ცდილობენ მის დამცირებას, შეურაცხყოფის მიყენებას, მტრულ ქვეყანას უწოდებენ. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი წინა ორი ლობისტური დაჯგუფების მოქმედების შედეგია, მათი ანტიქართული პოლიტიკის შედეგი. მე ამას შეცდომად ვთვლი, რომელიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

იხილეთ ასევე: ცემა-ტყეპა რადიო "კომსომოლსკაია პრავდას" ეთერში სტალინის გამო (ვიდეო)

მოამზადა სიმონ კილაძემ