"ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისაას 12 მაისს კლუბებში  - "ბასიანსა" და გალერიში" ჩატარებულ ჩხრეკაზე დეტალურად ისაუბრა.

გახარიამ ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უსწრებდა 12 მაისის სპეცოპერაციას. შს მინისტრის თქმით, ეს იყო სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკების გაყიდვა სისტემატურად მიმდინარეობდა.

"ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემურად, სხვადასხვა დროს და რამდენჯერმე ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. საკონტროლო შესყიდვის 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც საკონტროლო შესყიდვა არ გვქონდა განხორციელებული, არანაირი ღონისძიება არ გაგვიხორციელებია...

ჩვენ გვაქვს გადაღებული, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ერთმანეთს ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე. შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებო. იგი შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს თანხას. ასევე მინდა ვისაუბრო მეორე შემთხვევაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სისტემურ კავშირზე ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ეს ფაქტი არის, რომ ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, ჩვენ ამაზე მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები. აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმაზე, რომ მოვიქეცით სწორად ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით. თუ უფლებამოსილებების გადაცდომის ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ჩვენ გვექნება ღია და ტრანსპარენტული რეაქცია ამაზე", - განაცხადა გახარიამ.

მისი განცხადებით, 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ქსელის გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია და ამაზე შსს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

"მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს საგამოძიებო მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. უბრალოდ მე მინდა, რომ ვეცადო, თქვენ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, რომ ჩვენ მართლა გვქონდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე და ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, გასასამართლებლად არ გამოდგება, თუმცა მსგავსი ღონისძებები ტარდება თითქმის ყველა ქალაქში, სადაც კლუბური ცხოვრება არის განვითარებული.

"საგამოძიებო პროცესები გრძელდება. ჩვენ აშკარად ვხედავდით იმ მდგრად კავშირებს, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ეს, უკონტროლობის, ცუდი მენეჯმენტის, თუ რისი, შს სამინისტროსთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად - არა", - განაცხადა გახარიამ

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოიტანა.

"ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილი და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.