"პროტესტი აშკარად გასცდა ადეკვატურ ზღვარს"
"პროტესტი აშკარად გასცდა ადეკვატურ ზღვარს"
"თანამოქალაქეთა ფიზიკური განადგურების სურვილითა და ბოღმით ანთებული, გაბოროტებული ადამიანების გამოჩენა რუსთაველის პროსპექტზე შემზარავი დასანახი იყო"

როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში და რას მიიჩნევს ამ ხელისუფლებისა და საზოგადოების მთავარ შეცდომებად?! - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მწერალი კოტე ჯანდიერი გვესაუბრება:

- დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის ფრაზა: "ვერ გაამართლეს!" ამ იმედგაცრუებას სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური,­ ასაკობრივი თუ პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები განსხვავებული მიზეზე­ბით ხსნიან. სტუდენტები ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის შენარჩუნებას აპროტესტებენ, უფრო
იშვიათად კი უკმაყოფილებას სწავლების დაბალი ხარისხისა და სახელმძღვანელოების უქონლობის გამოც გამოთქვამენ. ახალგაზრდობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვს და ღამის კლუბებში ელემენტარული კონტროლისა და წესრიგის დამყარების შესახებ მოწოდებების გამო აღშფოთებულია. ის, ვინც სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს ებრძოდა, კოაბიტაციას ვერ ეგუება, აპროტესტებს ჯალათების დაუსჯელობას, წართმეული ქონებრივი უფლებების აღდგენის უსასრულოდ
გაჭიანურებას და ყოფილი "ნაცების" დაწინაურებას საპარლამენტო და სამთავრობო სტრუქტურებში, სასამართლო ხელისუფ­ლებაში მათ უვადო გამწესებას. უფროსი ასაკის­ მოქალაქეებს არ მოსწონთ უმწიფარი, უბიოგრაფიო და გამოუცდელი ახალგაზრდების დაუმსახურებელი დანიშვნა­ საშუალო და მაღალი რგოლების ხელმძღვანელებად; ლიბერალებს ჰომოფობიის გამოვ­ლინებები, პოლიციისა და სხვა სახელისუფლებო უწყებების თანამშრომელთა გად­აცდომებისა თუ დანაშაულების გამოუძიებლობა და პირადი ცხოვრების დაუცველობა­ აწუხებთ; "ქართ­ული მარშის" მხარდამჭერებს პატრიარქის, ეკლესიის, ეროვნული­ სიწმინდეების გამუდმებული, მიზანმიმართ­ული შეურაცხყოფა, არატრადიციული­ სექ­სუალური ორიენტა­ციის დემონსტრაციული­ აფიშირება და ნარკოტიკული თრობის ფაქტობრივი პროპაგანდა აღიზიანებთ; ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის არაფორმალური მმართველობა მიუღებლად მიაჩნიათ; "ნაცებს" რუსეთთან დღევანდელი­ ხელისუფლების კორექტული კილო და საომ­არი რიტორიკის გაქრობა "აშფოთებთ"; "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებს მთავრობის დაბნეულობა და რუსეთთან დიალოგის შიში; უმრავლესობის სტაჟიანი წევრები და "ქართული ოცნების" დამფუძნებლები ახალგაზრდა "ლიდერებს" კომკავშირულ პათოსს, შეუვალობას, გადაწყვეტილებების მიღების სექტანტურ მეთოდებს უწუნებენ, ისინი კი პასუხად "ძველებს" პარტიული დისციპლინის დარღვევაში ადანაშაულებენ; მწეველები გუგული მაღრაძესა და "საქმეგამოლეულ უმრავლესობას" უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ა.შ.

მთავარი იცით, რა არის? ის, რომ სოც­იოლოგიური რადარებიდან თითქოს სრულიად გამქრალია საერთო-ეროვნული წუხ­ილი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის ან თუნდაც კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლების გამო. ერს მოსწავლე-ახალგაზრდობის დაბალი წიგნიერებისა და ზოგადი განათლების პრობლემაც დიდად არ აღელვებს. კმაყოფილია მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტთა (განსაკუთრებით, ტელეჟურნალისტთა) ის ნაწილი, რომელსაც ჟურნალისტიკა გამუდმებული სკანდალებისგან შემდგარი ატრაქციონი ჰგონია.

საკითხავია, რაში ვართ დღეს მეტ-ნაკლებად ერთიანი? ისევ ნეგატივში:

1. პარლამენტის მიმართ (ფრაქციების განურჩევლად) ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური განწყობაა გამეფებული, რაც ქართული პოლიტიკური კლასის მიმართ მოსახლეობის უნდობლობას ნიშნავს.

2. ბანკების გარდა, ყველას აწუხებს ლარის კურსის ვარდნა, რაც აისახება ჩვენს მსყიდველობითუნარიანობაზე და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მაცივრების შიგთავსზე.

3. უმუშევრობისა და სიღარიბის მაღ­ალი მაჩვენებელი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყოველდღიური არსებობის,­ ფიზ­იკური ყოფნა-არყოფნის პრობლემაა.­ მაგრამ ეს პრობლემა, გაცნობიერებულად­ თუ გაუცნობიერებლად, ეხება იმასაც, ვინც არ არის უმუშევარი ან ღარიბი, ვინ­აიდან­ ასეთი სოციალური ფონი წარმოშ­ობს გარდაუვალი კატაკლიზმების ქვეშე­ცნეულ მოლოდინს და მომავლის ფარულ შიშს. თუმცა ეს ფობიები მდიდრების­ უმრავლესობის­თვის არც იმდენად შემაწუხებელია, რომ სახელმწიფოსთან ერთად სამუშაო ადგილების­ შექმნისთვის ხელშ­ესახები ნაბიჯები გადადგან.

- თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი?

- ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანი­შვილი გამოჩნდა, სულაც არ ველოდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ყველა წინააღმდეგობა გაქრებოდა, ეკონომიკური სასწაული მოხდებოდა და საყოველთაო კეთილდღეობა დაისადგურებდა. მე ველოდი, რომ ქვეყნის ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური რეჟიმი დასრულდებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა.­ ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის. დღეს აღარ არის ტოტალური თვალთვალი და მიყურადება, ბიზნესისა და ქონების­ წართმევა, არაოფიციალური­ სამთავრობო ბანდების თარეში და პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო მოქალაქეების ცემა-დასახიჩრება, აღარ არის ადამიანთა წამება-გაუპატიურების პრაქტიკა პენიტენციარულ სისტემაში... სამაგიეროდ, არის ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ხედავს ამ სახელმწიფოებრივად სახიფათო სიტუაციას, ანგარიშს უწევს მმართველი ძალის მორყეულ რეიტინგს, ითვალისწინებს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების დიდ სიმბოლურ დატვირთვას და მისთვის ძალიან არასასურველ, თუმცა ქვეყნისთვის უდავოდ პოზიტიურ ნაბიჯს დგამს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ახლა უნდა გვქონდეს გადაჭარბებუ­ლი მოლოდინი, რომ ათწლეულობით დაგროვილი­ ყველა მენტალური, სოციალ­ური, ეკონომიკური, მმართველობითი თუ შიდაპოლიტიკური პრობლემა ბიძინას დაბ­რუნებით უახლოეს მომავალში დაიძლევა. ეს შეუძლებელია. თუმცა შიდაპარტიული­ ცხოვრების მოწესრიგება, ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამთავრობო­ და საპარლამენტო მუშაობის უკეთესი კოორდინაციის, რეფორმების გატარებისა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სტაბილ­ურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის.

- ივანიშვილი ამბობდა, რომ მისი "მეორედ მოსვლა" პოლიტიკაში დიდ უბედურებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

- მგონია, რომ ცოტა ზედმეტ დროს ვუთმობთ ბიძინა ივანიშვილის წლების წინ გამოთქმულ მოსაზრებებს, თანაც მას დროის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხ­ილავთ.

რაკი ადამიანმა ერთხელ თქვა, მე დავბრუნდები პოლიტიკაში, თუკი შევატყობ, რომ მთავრობა ხალხს აღარ უსმენს, თავნებობს და ავტორიტარიზმისკენ­ იხრებაო, ეს ავტომატურად იმის აღიარებას­ არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა და ივანიშვილი მის დასამხობად ბრუნდება! ვფიქრობ, დღეს ბევრად აქტუალურია ქვეყნისთვის საგარეო გამოწვევები, ვინაიდან რეგიონში ძალიან საშიში პროცესებია.

სამწუხაროდ, ვერ ვატყობ, რომ ან საზოგადოება, ან ხელისუფლება სერიოზულად აანა­ლიზებდეს საგარეო რისკებს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც მადლობა ღმერთს, ჯერ მთელი სიგრძე-სიგანით­ არ დამდგარა დღის წესრიგში, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს დღე მაინც დადგება და მზად არ ვიქნებით. ვგულისხმობ რუსულ-ამერიკულ დაპირისპირებას საერთ­აშორისო სივრცეში, რომელსაც ლოკალურ დონეზე მოჰყვება გართულებები და შესაძლოა ეს ჩვენს ტერიტორიაზეც­ ვიგრძნოთ.

დიდი ქვეყნების საბედისწერო დაპირისპირებაში საქართველოს ჩაბმის მსურველი ძალა ბევრია. ვერ ვხედავ ვერავის სხვას, ივანიშვილის გარდა, ვისაც ამ ძალიან რთულ პოლიტიკურ გზაგასაყარზე ისეთი სიმტკიცე და მოქნილობა ექნება, რომ ვექტორი ან ერთ, ან მეორე მხარეს არ გადახაროს. არა ვარ დარწმუნებული, რომ მის გარეშე მთავრობა გაუძლებს ძლიერ ზეწოლას სხვადასხვა მხრიდან და ქვეყანას მინიმალური დანაკარგით მშვიდობიანი, დაბალანსებული კურსით ატარებს.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ფორმ­ალურ დაბრუნებას პოლიტიკურ სივრცეში ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებ.

- და მაინც, თქვენი აზრით, ხელისუფლებამ­ რა მთავარი შეცდომები დაუშვა?
- ეს იყო საყდრისის ბარბაროსული აფეთქება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრებების ცინიკური იგნ­ორირება. სიმართლე გითხრათ, არც იმას ველოდი, რომ ე.წ. კაბელების საქმე, ფაქ­ტობრივად, გაზვიადებული და პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდებოდა,­ რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება კვლავ პოლიტიკური­ ანგარიშსწორების იარაღად იქცეოდა, მოსამართლე მურუსიძე კი დღეს უფრო გავლენიანი გახდებოდა სასამართლო სისტემაში, ვიდრე სააკაშვილის დროს ბრძანდებოდა...

- თქვენ შეწყალების კომისიის წევრი ბრძან­დებით და საინტერესოა თქვენი მოსაზრება,­ რატომ იწყალებენ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებს... თუნდაც ბარნოვზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის წინაშე ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა?
- მე ამ კომისიის წევრი ვარ და მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ კომისიის ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება ვეღარ იქნება იმ სანდოობის ხარისხით აღჭურვილი, რაც აუცილებელია ისეთი ფაქიზი პროცესისთვის, როგორიც შეწყალებაა. ყველაზე სწორი იქნება კომისიის დღევანდელი შემადგენლობის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ ნამდვილად ძალიან პატივსაცემი, პატიოსნებით გამორჩეული ადამიანები მუშაობენ.

ჩემი ეს პოზიცია კომისიის თავმჯდომარისთვისაც მაქვს გაზიარებული. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა შეწყალების მექანიზმის ხარვეზები მართლაც აჩვენა. უმთავრესი ხარვეზი კი, ალბათ,­ მაინც შეწყალების კომისიასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის არასაკმარისი კომუნიკაციაა. ეს პრეზიდენტმაც აღნიშნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმაც. კომისიის მანდატი არ გულისხმობს ციხეებში შესვლას და მსჯავრდადებულებთან გასაუბრებას. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარე, როგორც წესი, ხვდება მსჯავრდადებულებს­, თუკი რამე ბუნდოვანება ან უზუსტობა შეიმჩნევა სასამართლოს განაჩენში, სამედი­ცინო ცნობაში, ფსიქოლოგის, სოცმუშაკის ან სასჯელაღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის დასკვნაში. ცხადია, ყველა­ შემთხვევაში ამის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან კომისიაში ასეულობით შეწყალების თხოვნა შემოდის. ტრაგედიით დასრულებულ ზემოთ ხსენებულ საქმეზე კომისიაში შემოსულ დოკუმენტაციას თან ახლდა დაზარალებული მხარის, მეუღლის თხოვნა მსჯავრდადებულის შეწყალებაზე; არგუმენტი ისიც იყო, რომ მათ ჰყავდათ ოთხი მატერიალურად გაჭირვებული შვილი; ციხის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგიური და სოციალური სამსახურები მსჯავრდადებულს დადებითად ახასიათებდნენ; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ნახევარი და კომისიამ შესაძლებლად ჩათვალა მისი შეწყალება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სიფრთხილე გამოიჩინა და მას მხოლოდ შვიდი­ თვით შეუმცირა სასჯელი. აი, სწორედ ამის შემდეგ მიეცა პატიმარს უფლება უკვე პირობით-ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის (ე.წ."უდო) ექვსჯერ მიემართა თხოვნით და სწორედ ამის შემდეგ პირობით-ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მსჯავრდადებულს ექვსჯერვე­ უარით უპასუხა.

გაუგებარია, რატომ არ ეწერა ჩვენთვის გამოგზავნილ დოკუმენტაციაში ის არგუმენტები, რითაც"უდო-მ ექვსი უარით უპასუხა პირობით-ვადამდე გათავისუფლებაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა დიდ რაოდენობას (თუ არ ვცდები­, 3000 კაცზეა ლაპარაკი), ერთი შეხედვით, მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია. მაგრამ საქმე ის არის, რომ შეწყალებულთა 75-80% ნარკომომხმარებლებზე მოდის. ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე პირთა დაპატიმრება რომ ამ სენთან ბრძოლის სრულიად უშედეგო, ხშირად პირდაპირ კონტრპროდუქტიული და არაჰუმანური მეთოდია, ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით.

- სამწუხაროდ, არსებობს ნარკორეალიზატორთა შეწყალების ფაქტებიც...

- რაც შეეხება ნარკორეალიზატორთა შეწყალებას, წუთით წარმოიდგინეთ სიტ­უაცია, როდესაც ციხეში ზის ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს 22, 25, 33 წელი ნარკოტიკების გასაღებისთვის, მაგრამ საქმეში სხვა არავითარი მტკიცებულება არ დევს, გარდა ერთი პოლიციელის ჩვენებისა, არ ჩანს რეალიზაციით მიღებული თანხა, არ არის ამოღებული ნარკოტიკული ნივთ­იერება, ან ამოღებულია მხოლოდ ისეთი ოდენობა, რომელიც არ შეადგენს ინკრიმი­ნირებულ განსაკუთრებით დიდ ოდენობას. გასაგებია, რომ ასეთი განაჩე­ნების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილის დროს "აღიარებითი ჩვენებების" საფუძველზეა გამოტანილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მოვახდენთ სასამართლო განაჩ­ენის რევიზიას, მაგრამ ხომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც შინაგანი რწმენაც გვკარნახობს და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ სასჯელი, დავუბრუნოთ ცხოვრების სტიმული და რამდენიმე წელი ჩამოვაკლოთ ადამიანს, რომელიც უკვე 10, 12, 15 წელია იზოლატორში?

ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა შეწყალების იდეის მიზანმიმართული განადგურებაა. ფაქტობრივად, გააფთრებული შეტევა მიდის მარგველაშვილზე, რაც, სამწუხაროდ, შეწყალების იდეის პიარდასამარებით ხდება. ამ კარგად"მოფიქრებულ პიარაქციაში "ქართული ოცნების"" ახალგაზრდა ფალავნები აღმოჩნდნენ აქტიურად ჩართული.

გაუგებარია, რისთვის კეთდება ეს? ნუთუ "მარგველაშვილისათვის NDI-ს დაწერილმა 26%-მა ისე შეაწუხა კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პარტიის ახალგაზრდა ლიდერები, რომ უდიდესი ენთუზიაზმით გადაეშვნენ ასეთ შავ პიარში?

- როგორ შეაფასებთ შსს-ს სპეცოპერაციას ღამის კლუბებში?

- არ ვიცი, რამდენად აუცილებელი იყო ამისთვის სპეცოპერაციის ჩატარება, თუმცა ეს შს სამინისტროს გადასაწყვეტია. თუკი არსებობს რისკი, რომ ღამის კლუბში შესაძლოა ხელყონ ადამიანის სიცოცხლე,­ იყიდება საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები, მაშინ შსს-ს არათუ კანონიერი უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებები გაატაროს.
სხვა საქმეა, რამდენად სწორ დროსა და ფორმით ჩატარდა სპეცოპერაცია. მართლაც იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ კლუბებში სპეცრაზმის შესვლა მაინცდამაინც პარასკევ საღამოს, ბიძინა­ ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევის დღეს მომხდარიყო? ან რამდენად პროპორციული იყო გამოყენებული ძალა? - ამ კითხვებზე ჯერჯერობით შსს-დან მკაფიო პასუხი არ მიგვიღია.
ჩემი აზრით, სწორედ სპეცოპერაციის ჩატარების დრომ და ფორმამ აღაშფოთა ახალგაზრდები და გამოიწვია სპონტანური პროტესტი. ამის გაგება შემიძლია:

კლუბებში გასართობად მისული მოქა­ლაქეები, უცხოელი სტუ­მრები,­ მუსიკოსები მოულოდნელად­ აღმო­ჩნდნენ შეიარაღებული­ რობო­კოპების"პირისპირ, ვიღაც იატაკზე დააწვინეს, ვიღაცას შეიძლება მუჯლუგუნიც მოხვდა. ადამიანებმა­ დამცირებულად იგრძნეს თავი, რადგან ვერ გაიგეს, მთელი ეს სტრესი რა აუცილ­ებლობით იყო განპირობებული; მათ ეს არავინ აუხსნა და პროტესტმა მწვავე ფორმა მიიღო.
მეორე მხრივ, პროტესტი აშკარად გასცდა­ ადეკვატურ ზღვარს. სპეცოპერაცია დარბ­ევად"გამოცხადდა და მეორე დღეს გაჩნდა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა. ჯერ ერთი, ვისაც კარგად გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, სამართალდამცავთა მხეცობა პოლიციის სამმართველოსთან ან სისხლიანი 26 მაისი, ვერაფრით დავეთანხმებით პროტესტანტებს, რომ ეს იყო დარბევა. პოლიციას ეს მიზანი არ ჰქონია და არც არავინ მიუყვანია სიკვდილის პირას. მეორე - პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ სპეცრაზმმა ხელი შეუშალა მოქალაქეთა გართობას ან უხეშობა გამოავლინა, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა კი არა, პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა.

საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა თავისუფლებაზე ლაპარაკობდნენ პროტესტანტები: კლუბებში გართობის თავისუფლებაზე, რომელიც რამდენივე საათით შეეზღუდათ, გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც გარანტირებული აქვთ, თუ ნარკოტიკების მოხმარების თავისუფლებაზე? ჩემი აზრით, მათ უნებლიეთ წამოიწყეს სახიფათო პოლიტიკური პროცესი, თუმცა "თეთრი ხმაურის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თავიანთ აქციაზე ასპარეზი არ დაუთმეს პოლიტიკანებსა და პარტიულ რევანშისტებს, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანდა.
ახლა ე.წ. კონტრაქციასაც შევხედოთ კრიტიკულად. გავიგე, რომ არსებობდა აღშფო­თების საბაბი, მაგრამ თანამოქალაქეთა ფიზიკური განადგურების სურვილითა და ბოღმით ანთებული, გაბოროტებული ადამიანების გამოჩენა რუსთაველის პროსპექტზე­ შემზარავი დასანახი იყო. ეს იყო პრაქტიკულად უმართავი, ძალადობის მსურველი ეგზალტირებული მასა, რომე­ლიც ძალიან სახიფათოა ისედაც საპირი­სპირო ინტერესებისა და ფასეულობების­ მქონე ბანაკებად დაშლილი საზოგადოებისათვის. მათი გამოყენება მერკანტილური ინტერესებისა და პოლიტიკური მიზნებისათვის დიდი საცდური და ეფექტიანი იარაღი შეიძლება გამოდგეს­ ნებისმიერი ლეგალური თუ ფარული ძალის ხელში.
ჩვენ მოვისმინეთ ათასგვარი­ პოლი­ტიკურად შეფერილი სპეკულაცია, თითქოს კონტრაქცია თავად გიორგი გახარიას მიერ იყო მართული, რათა თვითონ წარმოჩენილიყო არბიტრად და ქვეყნის მხსნელად, ეფექტიან მენეჯერად და რეიტინგით გაესწრო კალაძისათვის. შეთქმულების ამ ჩახლართულ თეორიას ტვინგაცხელებული ადამიანის ბოდვად ჩავთვლიდი, "რუსთავი 2" და რევანშისტები დიდი მონდომებით რომ არ ტირაჟირებდნენ ასეთ სისულელეს.

ფაქტია, რომ იმ ღამეს პოლიცია სანიმუშოდ­ ასრულებდა თავის მოვალეობას. გახარიამ გამოავლინა კრიზისული ვითარების მართვის უნარი, გონიერება, გამბედაობა და დიპლომატია. მისმა ბოდიშმა თავიდან აგვაცილა ბევრი უბედურება, საშუალება მისცა ალყაში მოქცეულ დემონსტრანტებს, ღირსების შეულახავად დაეტოვებინათ ტერიტორია და ვინც ახლა ამის გამო მინისტრს აკრიტიკებს, ჩემი აზრით, პოლიციური სახელმწიფოსა და ძალადობის მომხრეა.

- სააკაშვილი ქართველ ხალხს "საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული ოლიგარქის"­ გაკოტრებას ჰპირდება. როგორ ფიქრობთ, "იმედგაცრუებულ ხალხში" შურისძიების სურვილი რამდენად დიდი შეიძლება იყოს?

- შურისძიების გრძნობა ქართველ საზოგადოებაში უმრავლესობის განწყობას­ რომ განაპირობებდეს, საპარლამენტო უმრავ­ლესობა "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" ან "გირჩს" ექნებოდა. თუმცა ეს ხალხი არსად წასულა, მათი რევანშისტული მოსაზრებები, გეგმები და თითქმის შეუნიღბავი ქმედებები ფართოდ არის ტირაჟირებული, სხვათა შორის, არა მარტო "რუსთავი 2"-ის მიერ...
ივანიშვილის ქონების გადანაწილება საწყალი ხალხისთვის ის ლოზუნგია, რომ­ელიც ჯერჯერობით არ მუშაობს და ერთ­ადერთ შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს - თუკი ხალხი ბრბოს ბნელი ინსტინქტებით დაიწყებს მოქმედებას. ხალხის ბრბოდ გადაქცევა კი ხდება უმართავ სიტუაციებში, ქაოსის, სამოქალაქო დაპირისპირების, მასობრივი ფსიქოზისა და უკიდურესი რადიკალიზაციის დროს. ამიტომაც
რევანშისტები, რომლებიც რეალურ ძალას არ წარმოადგენენ, შეეცდებიან ნებისმიერი კონფ­ლიქტური ვითარება სახელმწიფოსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის უმწვავეს დაპირისპირებამდე მიიყვანონ. ამიტომაც ეტმასნებიან ყველას, ვინც პროტესტს გამოთქვამს, მოუწოდებენ რადიკალური ქმედებებისაკენ.

ამისი ნათელი მაგალითია ღამის კლუბებში­ ჩატარებული სპეცოპერაცია და შემდგომ განვითარებული­ მოვლენები. არ მავიწყდება­ "რუსთავი 2"-ის ეთერში კვესიტაძის იმედგაცრუებული, ხოლო გვარამიას აღშფოთებული გამომეტყველება და შეფასებები მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის შედგა შეთანხმება, აქცია დაიშალა და პოლიციამ უსაფრთხოდ გაიყვანა ხალხი. კვესიტაძე მწუხარებას გამოთქვამდა, რომ ხელისუფლებას კონტრაქციის დარბევაც კი არ დასჭირდა. გაცოფებული გვარამია აქციის ორგანიზატორებს მიწაში დებდა - ჩვენ, გამოცდილი­ პოლიტიკოსები, მიტინგს არ გაგვაკარეს, თორემ ივანიშვილის მმართველობას დავამთავრებდითო.

ის, რასაც დღეს აკეთებს სააკაშვი­ლი, მზაკვრობითა და ნაძირლობით აჭარბებს­ ყველაფერს, რაც კი 2012 წლის შემდეგ დღემდე უკეთებია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ივანიშვილი არ არის მისი მთავარი სამიზნე. მან კარგად იცის მოსახლეობის დიდი ნაწილის საბანკო სესხების შესახებ და მიზანმიმართულად გაუხსნა ცეცხლი ქართულ საბანკო სისტემას.

მათი მუდმივი დემონიზაცია, შარაგზის ყაჩაღებად, საწყალი ხალხის სისხლის მწოველებად გამოცხადება, განსაკუთრებით კი პოპულისტური დაპირება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბანკის ვალებზე ორწლიანი მორატორიუმის შემოღების თაობაზე, მართლაც ძალიან საშიში პიარდივერსიაა. ეს არის ბოლშევიკური ლოზუნგის: Грабь награбленое!-ს მოდიფიცირებული, შეფარული ვარიანტი. წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილისგან შეგულიანებულმა ხალხმა ერთ მშვენიერ დღეს ბანკებს­ უარი განუცხადოს სესხების გასტუმრებაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება ქვეყანაში, თუ ხალხი აჰყვა ამ ავანტიურას. ამ შემთხვევაში სწორედ დესტაბილიზაციაა სააკაშვილის მიზანი.

ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ექსპერტები და მედია ამ ხიფათის ნეიტრალიზაციით უნდა იყვნენ დაკავებული, უხსნიდნენ ხალხს მოსალოდნელ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ისევ პოლიტიკური კინკლაობით, ლანძღვა-გინებითა და სეირის ყურებით ვართ გართული. თუ რამე არ შეიცვალა, მოხდება ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე იქ, სადაც აზროვნებასა და მორალზე ამბობენ უარს.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები