"მგონია, რომ აგრესიული დაჯგუფებები ზოგიერთი სახელისუფლებო სტრიქტურების პირმშოები არიან"
"მგონია, რომ აგრესიული დაჯგუფებები ზოგიერთი სახელისუფლებო სტრიქტურების პირმშოები არიან"
"მეც მესმის მითქმა-მოთქმა, თითქოს კვირიკაშვილი შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და გახარია პრემიერი გახდეს. ეს შეცდომა იქნება"

ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი პრობლემა წარმოაჩინა, რაზეც უნდა დაფიქრდნენ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოტივით ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, 12-13 მაისს გამართულ აქციაზე სოციალური თემატიკის მოთხოვნებს დროდადრო პოლიტიკური საკითხები ენაცვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები თითქოს მაქსიმალურად ცდილობდნენ პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას. ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარალელურად კონტრაქციაზე
სხვადასხვა ჯგუფები შეიკრიბნენ. მოგეხსენებათ, ვითარება შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებამ და მისმა ბოდიშმა განმუხტა. ვითარების გამწვავების დიდი საფრთხე იყო 17 მაისსაც, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გასაპროტესტებლად, მეორე ნაწილი კი საპატრიარქოსთან ერთად ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. საბოლოოდ სამართალდამცავებმა, მცირე ინციდენტებს თუ არ
ჩავთვლით, გამოწვევებს თავი გაართვეს. მთელ ამ პროცესებზე პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გვახარიას თითქმის 6 საათის განმავლობაში უსმენდნენ. როგორ შეიძლება შეფასდეს განვლილი პროცესები, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამან სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ვფიქრობ, ის პროცესები, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარდებოდა ქვეყანაში, იყო ერთგვარი ტესტი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისა და საზოგადოდ, ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, ამ მოვლენებში კარგად გამოჩნდა, რა ტიპის საზოგადოება გვყავს, ასევე როგორი რეაქცია აქვს ხელისუფლებას ამ ტიპის გამოწვევებზე, შეუძლია თუ არა მას მოქნილად და გააზრებულად მოქმედება. ასევე დაგვანახა, რამდენად რადიკალურად არიან განწყობილი ახალგაზრდების აქტიური ჯგუფები ქვეყანაში.

გარდა ამისა, გამოჩნდა კიდევ ერთი რამ - როგორია ფსიქოლოგიური ფონი ქვეყანაში და ის უკიდურესად მძიმეა. მძიმეა უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ძალადობის რეჟიმში ვცხოვრობთ. იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო რეჟიმია მოძალადე, არა, ამაში არ არის საქმე - ჩვენ, საზოგადოების წვერებს, ძალადობისთვის ფსიქოლოგიური ბარიერი, ფაქტობრივად, მოხსნილი გვაქვს და ლამის ურთიერთობის ნორმად ვაქციოთ.

საზოგადოებაში ძალიან ძლიერია აგრესიული მუხტი, რასაც ხელს უწყობენ მედია, საოციალური ქსელები და ა.შ.
აგრესიის დაგროვება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში სისხლი იღვრებოდა, როდესაც მოიხსნა ერთმანეთთან ურთიერთობის ეთიკური ბარიერები და ახლა ვიმკით იმას, რაც ერთხელ დავთესეთ.

როდესაც ლაპარაკია სიძულვილის ენაზე, მიდგომები ცალმხრივია. ხშირად ამაზე ლაპარაკობენ ის პირები, რომლებსაც იმისთვის აფინანსებენ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ილაპარაკონ.
თუ ვინმე ლგბტ თემის ლანძღვას დაიწყებს, ამას სიძულვილის ენად მიიჩნევენ და განგაშს ტეხენ, მაგრამ, თუ მათთვის მიუღებელი ჯგუფის წევრს ვინმე გალანძღავს, ხმას არ ამოიღებენ. აქაც ისეთივე შერჩევითია მიდგომები, როგორი შერჩევითი სამართალიც გვაქვს ქვეყანაში.
ამ მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს ხელს უწყობს განათლების უმწვავესი დეფიციტიც და შედეგად ვიღებთ სურათს, რასაც წრეგადასული აგრესია, ურთიერთმიუღებლობა, განსხვავებულის სიძულვილი ჰქვია. ეს პროცესები, აი, ამის ტესტირებაც იყო, რაც ვერ გავიარეთ.
სამაგიეროდ, ვფიქრობ, გამოცდა კარგად ჩააბარა სახელმწიფომ. რომ არა ხელისუფლების ჩემთვისაც მოულოდნელი, მოქნილი მოქმედება, ალბათ, კვლავაც იმგვარი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რაც რუსთაველზე არაერთხელ გვინახავს.

სამწუხაროდ, ჩემდა გასაკვირად, პროცესების მშვიდობიანი განვითარების გამო ზოგიერთ ჟურნალისტს, საზოგადოების წევრს თუ პოლიტიკოსს გული დასწყდა.
ესეც ჩვენი აგრესიული კულტურის ნაწილია, რომელიც დომინირებს დღეს ქვეყანაში, კულტურაში. მე ქცევით კულტურას ვგულისხმობ.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესებში თითქოს პოლიტიკოსები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი, ძირითადად, ვისმენთ პროცესების პოლიტიკურ შეფასებებს, რაც ობიექტური ანალიზის საშუალებას არ იძლევა.
- მე კი დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსების ჩართულობის ხარისხი, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, 12-13 მაისის აქციაში საკმაოდ მაღალი იყო.
არ ვიცი, რამდენად კონსოლიდირებული იყო ხელისუფლებაში ამ პროცესებისადმი დამოკიდებულება, რისი კულმინაციაც აქციაზე გიორგი გახარიას მისვლა იყო. დღეს აცხადებენ, რომ ეს მთელი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. თუ მართლაც ასეა, ძალიან კარგი, მაგრამ თუ გახარია თავისი ინიციატივით მოქმედებდა და ხელისუფლებაში არსებული ზოგიერთი ჯგუფი ცდილობდა გახარიას ეს აქტივობა არ შემდგარიყო, ძალიან ცუდია.

- რატომ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გახარიას ნაბიჯი ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილება არ იყო?

- ეს მაფიქრებინა აქციის პირველ დღეს ხელისუფლების დუმილმა, კალაძის პატარა განცხადებას თუ არ ჩავთვლით, რაც 13 მაისსაც გაგრძელდა, სანამ ვითარება უკიდურესად არ დაიძაბა.
ხელისუფლების დუმილი ჩემთვის მანიშნებელი იყო იმისა, რომ მარცხენამ არ იცოდა, რას აკეთებდა მარჯვენა და პირიქით. შესაძლოა ყველა ერთი ადამიანისკენ, ბიძინა ივანიშვილისკენ იყურებოდა, მის გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა უფრო მგონია, რომ ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო და ამან განაპირობა მისი საეჭვო სიჩუმე.
რაც შეეხება პროცესებში პოლიტიკოსების ჩართულობას, ეს ჩემთვის აშკარა იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქციიდან რამდენიმე პოლიტიკოსი გააძევეს. ამის მაგალითია მომიტინგეების პოლიტიკური მოთხოვნები, მოთხოვნების ცვლა - ხან პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ, ხან შს მინისტრის, ხან ორივეს ერთად და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ვიღაც კარნახობდა მიტინგის წამყვანებს რაღაცებს ან ცდილობდა ეკარნახა.

- გიორგი გახარიას ბოდიშმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილმა ის სტრატეგიულად მართებულ ნაბიჯად აღიქვა, მეორე ნაწილი კი საფრთხეებზე ლაპარაკობს. მაგალითად, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ ამბები.გე-სთან საუბრისას განაცხადა: "ამბობენ, რომ მინისტრს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან არსებობდა ჯგუფი, რომელიც ემზადებოდა კონფრონტაციისთვის. თუმცა ბოდიშის თქმა აღიქმება პასუხისმგებლობად - თუ ბოდიშს იხდი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეგეშალა. მეორე მხრივ, ეს წაახალისებს ნარკორეალიზატორებს და ქვეყანაში არეულობის მოსურნეებს. ასე რომ, მეეჭვება ეს კარგი იყოს. ახლა ბევრი ამბობს, რომ შეიძლებოდა ტრაგედია მომხდარიყო, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ბოდიშის მოხდით არ უნდა აგვარებდეს სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგი მივიღეთ, ვფიქრობ, ეს ცუდად აისახება პოლიციის ავტორიტეტზე".
- ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, მისმა პარლამენტში გამოსვლამ დაგვანახა, რომ სრულიად უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ გახარიას ბოდიში პოლიციის ავტორიტეტზე ცუდად აისახება. მან მოახერხა ძალიან რთულად მოსახერხებელი რამ, აშკარად სანდო მინისტრი გახდა, შესაბამისად, მისი უწყებისადმი დამოკიდებულებაც, ვფიქრობ, გაცილებით პოზიტიური იქნება. ყველა ბოდიში სულაც არ ნიშნავს პოზიციის დათმობას. ბოდიშის მოხდა ნიშნავს გადაცდომის აღიარებას. რა გადაცდომაზეც იყო ლაპარაკი, გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას შესანიშნავად ახსნა.ბოდიშის მოხდა ასევე ნიშნავს რესურსს მომავალში მოქმედებისთვის.
ერთიცაა - გახარიას ახალგაზრდებზე არ გაუმარჯვია, მან თანამშრომლობისთვის სივრცე შექმნა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აქციის ორგანიზატორების სწორი პოზიცია. პირადად მე დადებითად ვაფასებ ბექა წიქარიშვილის გადაწყვეტილებას,­ წასულიყო მინისტრთან შემხვედრ ნაბიჯზე. ის სახელმწიფოებრივად მიუდგა ამ საკითხს, რაც დასაფასებელია.
მე პროფესიით თეატრის რეჟისორი ვარ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს თეატრალური წარმოდგენა. ჩემთვის ეს აქცია იყო სპონტანური პროცესი, ოღონდ თეატრალური ჩართვებით, ადგილ-ადგილ იგრძნობდა რეჟისორის ხელი...

გახარიამ თავისი ქმედებით ამ ბოლო დღეების განმავლობაში პრაქტიკულად თქვა, რომ ის იწყებს ბრძოლას იმ ნარკობარონებთან, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში არიან ჩაბუდებული, განსაკუთრებით, ძალოვანებში.
ამ მხრივ უკიდურესად კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. საქართველო მდებარეობს საერთაშორისო ნარკოტრანზიტის ტრასაზე და ხელის ერთი მოსმით ამას ვერავინ მოსპობს. მარტო გახარია ვერაფერს გახდება, მას საზოგადოების მხარდაჭერა და ხელის შეწყობა სჭირდება.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც 12-13 მაისს ქუჩაში იდგნენ. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი იქ სულ სხვა ფასეულობების გამო იყო მისული.

ჩვენ გვიკვირდა, რა უნდოდათ ამ ახალგაზრდებს იქ და რას ითხოვდნენ? ისინი ითხოვდნენ საზოგადოდ, თავისუფლებას და ეს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სისტემა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ქვეყნის მყარი განვითარების გარანტიას გვაძლევდეს. შესაბამისად, ახალგაზრდებს არ მოსწონთ ასეთი დუნე ცხოვრება, ქვეყნის განვითარების შენელებული ტემპი. ამას შეიძლება ვერც აცნობიერებენ, მაგრამ გრძნობენ, რომ რაღაც არაჯანსაღი ხდება ქვეყანაში. სწორედ ამის გამო გამოთქვამენ პროტესტს, რომელიც შესაძლოა არასწორი ფორმით გამოხატეს, ბოლომდე ვერ გაგვაგებინეს სათქმელი, მაგრამ ისინი გულწრფელები არიან და მათი მოსმენა აუცილებელია! თუ არადა, ერთ მშვენიერ დღეს მივლენ იქამდე, რომ სრულიად გაცნობიერებულად ეტყვიან ხელისუფლებას, ასე ცხოვრება აღარ შეიძლებაო!

- რას იტყვით იმ აგრესიულ ჯგუფებზე, რომლებიც კონტრაქციაზე გამოჩნდნენ?

- უპირველესად გეტყვით, რომ არა მგონია, იმ აქციაზე ყველა ე.წ. ქართველი ფაშისტები და ამ იდეოლოგიის ადამიანები ყოფილიყვნენ. დარწმუნებული ვარ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყანაზე თავისებურად ფიქრობენ. რაც შეეხება ე.წ. ფაშისტებს, რაღა დროს ფაშიზმია! ჩემი აზრით, ამ სიმბოლიკისა და აზროვნების ხალხი აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. კანონმდებლობის კაზუსია, რომ ჩვენ ვებრძვით სტალინიზმს, მის სიმბოლიკას და თურმე არ ვებრძვით ფაშისტურ სიმბოლიკასა და იდეებს. ამის დაშვება არ შეიძლება.
მართული არიან თუ არა ეს ჯგუფები, რომლებიც თავს ფაშისტებს უწოდებენ? - მრჩება შთაბეჭდილება, რომ მართულია. საერთოდაც, მგონია, რომ აგრესიული დაჯგუფებები ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურების პირმშოები არიან.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ულტრანაციონალური ჯგუფების უკან შესაძლოა რუსული ინტერესებიც იდგეს.

- ვერაფერს გამოვრიცხავთ, რუსეთიც და სხვა ქვეყნებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰყავდეთ დასაყრდენი ჯგუფები. ერთი ჩვენ ვართ ასეთი უცნაური ქვეყანა, რომელიც არ ქმნის თავის ლობისტურ, დასაყრდენ ჯგუფებს სამეზობლოში. თუმცა ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ზოგიერთი ამგვარი ჯგუფის აქტივობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში არსებული განწყობებით იყოს განპირობებული.

საერთოდ, ეს აქსიომაა - ერთი მხარის რადიკალიზმი იწვევს მეორე მხარის რადიკალიზმს, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ვოლტერის თქმისა არ იყოს, თავისუფლება არის მაღალი განათლების შედეგი და არა პირიქით. გაუნათლებელი ადამიანის თავისუფლება ანარქიაა, განათლებული ადამიანის თავისუფლება კი მაღალი კულტურის, მაღალი ეკონომიკისა და ფასეულობების ქვეყანა.

- როგორც ბრძანეთ, გიორგი გახარიასგან ელით ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას, რაშიც მას მხარდაჭერა დასჭირდება. აქვს კი მას ამგვარი საყრდენი პარტიაში, ხელისუფლებაში?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გახარიას პარტიის ხელმძღვანელობისგან, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილისგან, გარკვეული კარტ-ბლანში აქვს. როგორც ვიცი, ის ყურს უგდებს ბიძინა ივანიშვილის აზრს. თუ ეს ტანდემი ნამდვილად არსებობს, იმ ამოცანის გადასაჭრელად, რასაც ნარკომაფიასთან ბრძოლა ჰქვია, საქართველოში მათთვის ხელის შემშლელ ძალას მე ნამდვილად ვერ ვხედავ.

- არაერთი ვარაუდი გამოითქვა გახარიას პოლიტიკური მომავლის თაობაზეც.

- ჩემი აზრით, ახლა გახარიას ამ პოსტიდან სხვაგან გადაყვანა არავითარ შემთხვევში არ შეიძლება. მეც მესმის მითქმა-მოთქმა, თითქოს კვირიკაშვილი შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს და გახარია პრემიერი გახდეს. ეს შეცდომა იქნება. ამ სფეროდან გახარიას გაყვანა არ შეიძლება. ის ერთ დღეში იქცა საიმედო მინისტრად და ამას გამართლება სჭირდება.

- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მას კრემლიდან მალევე გამოეხმაურნენ. "მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა შეხვედრას მომზადება სჭირდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. ამ საკითხზე ისაუბრა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც, მისი თქმით, ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხების გადაწყვეტაში გარღვევა მოხდეს.
- სიმართლე გითხრათ, ღირს თუ არა მარგველაშვილის განცხადების კომენტარი, არ ვიცი. ეს იყო განცხადება განცხადებისთვის, სავარაუდოდ, გათვლილი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია.
თუ მარგველაშვილი მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას, შესაძლოა ეს განცხადება აქტივში ჩაეთვალოს. პრეზიდენტს არ უთქვამს, რაზე აპირებს ლაპარაკს პუტინთან, რომელიც კატეგორიულ უარს ამბობს ოფიციალურ თბილისთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხის განხილვაზე. შესაბამისად, უმაღლესი პირების შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, თუ დახურული იქნება ოკუპაციის თემა. ვფიქრობ, ეს კარგად იცის მარგველაშვილმაც. რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, მისი დონის აწევა და უფრო ქმედუნარიანად გადაქცევა, არარეალური მგონია, რადგან ეს არ სურს რუსეთს. მეტიც, კრემლს ერთი სული აქვს, ჩაშალოს ჟენევის ფორმატი, რადგან ის ერთადერთი ოფიციალური სივრცეა, სადაც მხარედ არის წარმოჩენილი და არა შუამავლად.

- 23 მაისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქართველოს სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა გაიმართება და მას თქვენც დაესწრებით. მკითხველს შევახსენოთ, რომ ქართულმა მხარემ განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და ეს შეეხება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საკუთრების, განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.
- ძალიან მინდოდა ამ სასამართლო პროცესზე დასწრება და მომეცა ამის საშუალება. ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, ისე დასრულდეს პროცესი, როგორც მთელი ქვეყანა ელოდება. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ მოახერხა ისეთი მტკიცებულებების შეგროვება, რაც ჩვენს სიმართლეს უტყუარს ხდის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო შუალედურ გაუგებარ ვერდიქტს კი არ გამოიტანს, არამედ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არანაირ ეჭვს არ გააჩენს.

ნათია დოლიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები