ცენზურის დაკანონების მცდელობა?! - კვირის პალიტრა

ცენზურის დაკანონების მცდელობა?!

გაუგებარია მედიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე საუბარი მაშინ, როდესაც არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმაც მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოახდინეს რეაგირება დანაშაულზე

"საქართველოს კლინიკების ასოციაცია" "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში წარდგენილია და მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა. ინიციატივის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის შესაძლო გადაცდომის, შეცდომის ან დანაშაულის მასმედიაში გაშუქება ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესაძლოა დაუშვებელი გახდეს. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება 1000-ლარიან, განმეორების შემთხვევაში კი 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. რა მიზანი აქვს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, "კვირის პალიტრის" კითხვებს "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ვილი პაჭკორია პასუხობს:

რატომ ითხოვს "კლინიკების ასოციაცია", რომ მედიამ სამედიცინო სკანდალები არ გააშუქოს

- "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" აზრით, ექიმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არგუმენტირებული ფაქტებითა და ექსპერტიზის დასკვნაზე ან სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით უნდა შუქდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სხვადასხვა სუბიექტის ეჭვები, რაც ხშირად ცილისწამებას ჰგავს და კანონმდებლობით უნდა ისჯებოდეს.

- მოქმედი კანონმდებლობით ისედაც ისჯება და ამიტომ გაუგებარია ექიმების საქმიანობის გაშუქებაზე მედიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესების მოთხოვნა.

- თქვენს აზრს სრულად ვერ გავიზიარებ. თითოეულ ფაქტს ჰყავს მომჩივანი პირი, რომელსაც შეუძლია მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. სწორედ მათ უნდა გამოიძიონ ექიმის საქმიანობის შესაძლო გადაცდომა და არა მედიამ.

- თუ მედიას აქვს ინფორმაცია, ვინ უნდა დაუწესოს ჟურნალისტს გამოძიების ჩატარების შეზღუდვა?

- პაციენტთან ურთიერთობა ექიმისთვის ისედაც სტრესთან არის დაკავშირებული. ასეთ დროს დამატებითი ბრალდებები ექიმის ფსიქოლოგიურ მკვლელობას ნიშნავს. მსგავსი ბრალდებების შემდეგ არაერთ ექიმს დაუსრულებია სიცოცხლე სუიციდით ან კარდიოლოგიური შეტევის მსხვერპლი გამხდარა.

- რას პასუხობთ იმ პაციენტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ექიმის არასწორ დიაგნოზსა თუ სამედიცინო მანიპულაციას ემსხვერპლნენ? კონკრეტულ ფაქტებსაც ჩამოგითვლით: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 9 თვის ბავშვის სხეულში ექიმებს ოპერაციის შემდეგ დოლბანდი დარჩათ. მისი გადარჩენა ფრანგმა ექიმებმა შეძლეს; 2013 წელს საკეისრო კვეთისას არასწორი მანიპულაციების გამო 22 წლის გოგონა გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ გეკითხებით, ეს არ უნდა გავაშუქოთ?

- ყველა ექიმის მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, თუმცა ხშირად ეს მხოლოდ ექიმზე აღარ არის დამოკიდებული. თუ ბუნების ძალაც არ დაგვეხმარა, რა უნდა გავაკეთოთ?

- მე მაგალითები ჩამოგითვალეთ, სადაც ბუნების ძალა არავითარ კავშირში არ იყო - ოთხწლიანი გაჭიანურებული ძიების შემდეგ დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთისას ექიმის შეცდომას ემსხვერპლა.

- თუ ასეთი ფაქტები დადასტურდება, პირველი მე ვიქნები მომხრე, რომ ექიმი დაისაჯოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედიამ სასამართლოს ან ექსპერტიზის დასკვნის გარეშე გააშუქოს ფაქტი.

- მედია აშუქებს კონკრეტულ ამბებს, რომელსაც ჰყვებიან პაციენტის ოჯახის წევრები და, როგორც წესი, მათი პრეტენზიები ექსპერტიზითაც დასტურდება. გაუგებარია, მედიით გავრცელებული ინფორმაცია რატომ არის თქვენი მთავარი სამიზნე?

- ინფორმაცია საზოგადოებამდე უნდა მივიდეს მას შემდეგ, რაც ფაქტები ნამდვილად დადასტურდება.

- და არ ჩნდება რისკი, რომ თუ მედია გაჩუმდება, ექიმმა სცადოს ზემდგომ ორგანოებში მისთვის სასურველი დასკვნის მოპოვება?

- ეს გამორიცხულია...

"თავად სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს დაინტერესებული, აღმოაჩინოს დამნაშავე ექიმები"

"საქართველოს კლინიკების ასოციაციის" ინიციატივას გაუგებარს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე:

- თითქოს მოტივაცია გასაგებია - ექიმებს არ სურთ რეპუტაციის შელახვა, თუმცა მედიის დაჯარიმებითა და ინფორმაციის აკრძალვის მოთხოვნით ამის უზრუნველყოფა გაუმართლებლად მიმაჩნია. არც იმ აზრს ვემხრობი, რომ ვინმემ სამედიცინო დაწესებულების წინ დაზარალებულ პაციენტს თუ მისი ოჯახის წევრებს თვითგამოხატვის უფლება შეუზღუდოს. მით უმეტეს, არსებული კანონმდებლობითაც სამედიცინო საქმიანობის ხელის შეშლა აკრძალულია და კლინიკის თანამშრომელს შეუძლია დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართოს. ასე რომ, გაუგებარია მედიისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე საუბარი მაშინ, როდესაც არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმაც მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოახდინეს რეაგირება დანაშაულზე.

თავად სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მედიის წარმომადგენლებს, ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღმოაჩინოს დამნაშავე ექიმები და სწრაფი რეაგირებით არ მისცს პროფესიის შეურაცხყოფისა და იმიჯის შელახვის შესაძლებლობა.

მოამზადა რუსუდან შელიამ