რა "ნაღმებია" ჩადებული ნარკოპოლიტიკის კანონპროექტში?!
21-05-2018
რა "ნაღმებია" ჩადებული ნარკოპოლიტიკის კანონპროექტში?!
სახიფათო ჩანაწერები კანონპროექტში, რომლებიც შესაძლოა ნარკომაფიამ გამოიყენოს

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს და ნარკომანიასთან ბრძოლის ახალ სახელმწიფო სტრატეგიას შეიმუშავებს. ახალმა სტრატეგიამ უნდა შეამციროს მოთხოვნა ნარკოტიკებზე, მათი ავად მოხმარების გამო წამალდამოკიდებულებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი და რაც მთავარია, ნარკომომხმარებლის დასჯის პოლიტიკა მის მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით უნდა შეიცვალოს. ერთი სიტყვით, უნდა აღმოიფხვრას ნარკოპოლიტიკაში ამჟამად არსებული ყველა პრობლემა, პრობლემა კი ძალიან ბევრია არა მხოლოდ
კანონმდებლობაში, კანონპროექტშიც, რომელიც უკვე მეორე წელია პარლამენტში დევს და დღის სინათლე ვერა და ვერ იხილა. 12-13 მაისის აქციების შემდეგ, საკითხი ისევ აქტუალური გახდა და ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დადო პირობა,­ რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა ივნისის მიწურულამდე დასრულდება. რა რისკებს შეიცავს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი და
რამდენად უზრუნველყ­ოფს ის ნარკოდამოკიდებულთა შემცირებას, "ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელს, ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ:

"ნარკოტიკებზე ენის მოჩლექით ლაპარაკი გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას"

- მსოფლიოში ნარკოპოლიტიკის იდე­ა­ლური სისტემა არ არსებობს. პირადად მე, როგორც მოქალაქესა და ამ სფერ­ოში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწე ადამიანს, მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპამდე­ ნარკოპოლიტიკა დეკრიმინალიზებული უნდა იყოს, შეიცვალოს მიდგომა ნარკომო­მხმარებლების მიმართ და აქცენტი მათ მკურნალობასა და პრევენციაზე გაკეთდეს და არა დასჯაზე. თუმცა
კატეგორიულად ვემიჯნები აზრს, რომ რომელიმე ტიპის, კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკის რეალიზების მიმართ მიდგომა ლიბერალური უნდა გვქონდეს. როგორც პროფესიონალი, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ნაკლებად მავნე ან უვნებელი ნარკოტიკი არ არსებობს - ყველა მათგანი ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მავნეა.
ნარკოტიკებზე ენის მოჩლექით ლაპარაკი და "ნარკოტიკოების" ძახილი აუცილებლად გაზრდის ნარკომომხმარებელთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში კატასტროფულად იზრდება. ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებაც მაღალი რისკის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

- ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი, რო­მლის მიღებასაც პარლამენტი ივნისის მიწურულამდე აპირებს, ზრდის რისკს, რომ ნარკომო­მხმარებელთა რაოდენობა უფრო გაიზარდოს?

- ვიმეორებ, მოხმარების დეკრიმინალიზაცია მნიშვნელოვნად წინგადადგმული­ ნაბიჯი იქნება, რადგან ნარკომომხმარებ­ლები, რომლებიც ახლა კანონმდებლობისა და დაკავების შიშით ერიდებიან სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მისვლას, ჩრდილიდან გამოვლენ და საკუთარი­ თავის გადარჩენისთვის დაიწყებენ ბრძოლას. თუმცა ჩემთვის მიუღებელია კანონპროექტში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 70 გრამი მარიხუანას ქონა დასაშვები უნდა იყოს. თუ ნარკომანიასთან ბრძოლა გვსურს, სწორედ მინიმალური ოდენობა უნდა განვსაზღვროთ დასაშვებად. 70 გრამი მარიხუანას, იმავე კანაფის, ტარების დაშვება­ კი უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას ნიშნავს.

ვიმეორებ, ნარკოტიკი ნარკოტიკია და ის მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის! შესაბამისად, ნონსენსია, როდესაც პარლამენტი მიიჩნევს, რომ 70 გრამი კანაფის ტარების გამო პირი არ უნდა ისჯებოდეს.

70 გრამი კანაფი არ არის ერთი კაცისთვის საჭირო დოზა. ეს ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებს რეალიზაციის არეალს ვუხსნით. 10 რეალიზატორიდან თითომ 70-70 გრამი კანაფი რომ შემოიტანოს ან გაყიდოს, ეს უკვე ნიშნავს ნარკოდანაშაულში ჩართული ქსელის გაფართოებას და რაც ყველაზე საშიშია, კანონის ჩარჩოში მოქცევას. ამიტომ ეს ჩანაწერი უნდა შეიცვალოს.

- კომიტეტებში განხილვაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია გასაღება-გავრცელების ტერმ­ინმაც. ითქვა, რომ ეს ორი ტერმინი შინაარსით­ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ფიქრობთ, რომ ჩანაწერის ამ ფორმით დატოვება ასევე წაახალისებს ნარკორეალიზატორებს?
- რა თქმა უნდა. მთავარი ერთი დეტ­ალია - კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ვერც დეკრიმინალიზაცია ნარკომანიასთან ბრძოლაში შედეგს ვერ მოგვცემს, თუ მთავარი ინსტრუმენტი ეფექტიანად არ ავამუშავეთ - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ნარკოტიკი, აუცილებელია მისი ანტიპროპაგანდა. ასევე ყველამ უნდა იცოდეს, რას სთავაზობს სახელმწიფო­ დაავადების პროფილაქტიკისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიბერალიზაცია მხოლოდ უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანს და კიდევ უფრო გაზრდის ნარკომომხმარებლების რაოდენობას. დღეს როგორ ვითარებაში ვართ?
რამდენიმე ათეული წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ამდენი ნარკომომხმარებელი არასოდეს გვყოლია. სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიმართავს ჩვენს ცენტრს დახმარებისთვის. რატომღაც ბოლო დროს ნარკოტიკების მოხმარება მოდურ ტრენდად იქცა. ბევრჯერ მსმენია მედიის საშუალებითაც, რომ ახალგაზრდები განტვირთვისთვის მოიხმარენ მას შაბათ-კვირას, ორშაბათიდან კი ისევ განაგრძობენ ჩვეულ რიტმში მუშაობას. ეს ბოდვაა და თავად ნარკორეალიზატორების პროპაგანდის ნაწილი.

გვაქვს ფატალური შედეგებიც - ახალგაზრდები სინჯავენ ისეთ ნარკოტიკს, რომლის შემადგენლობაც მხოლოდ ნარკომწარმოებლებმა იციან, და იღუპებიან. რაც შეეხება ტერმინს "გასაღება/გავრცელება", ამ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა მართლაც გამოიწვია პარლამენტში. იყო მოსაზრება, რომ გასაღება ნიშნავს რეალიზაციას, გავრცელება კი შესაძლოა ნარკოტიკების მეგობრისთვის ჩუქებაც იყოს. რა განსხვავებაა ამ ორი ქმედების შედეგს შორის, კითხვაზე პასუხი ვერავინ გაგვცა.

ეს არის კიდევ ერთი ნაღმი, რომელსაც ნარკორეალიზატორები აუცილებლად გამოიყენებენ სათავისოდ - კიდევ უფრო გართულდება დამტკიცება, ნარკორეალიზატორი ფულის გამო ყიდის ნარკოტიკს თუ ნარკოსაშუალება ვიღაცას "კეთილი მიზნით" მისცა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ამით კიდევ ერთხელ ჩნდება ნარკოქსელის მასშტაბურად ამოქმედების საფრთხე, რასაც იმედია, კანონმდებლებიც დაინახავენ. ნარკორეალიზატორებს კი არ უნდა გავუხსნათ ხელ-ფეხი და კანონმდებლობა მათ მოვარგოთ, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მათი მაქსიმალურად შემცირება.

- კანონპროექტი უფრო ნარკორეალიზატორების ინტერესებს ითვალისწინებს თუ ნარკომომხმარებლების შემცირებას?

- ამას ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან დარწმუნებული ვარ, კანონპროექტი კიდევ ერთხელ გახდება ცხარე განხილვის საგანი.

"ნარკორეალიზაცია რომ მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ამაზე განსხვავებული აზრი არ არსებობს"

ბექა წიქარიშვილი, "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი: - რამდენიმე წლის წინ ნარკომოხმარებისთვის დამაკავეს. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ავსებდნენ ციხეებს­ ნარკომომხმარებლებით, რომლებიც რეალ­ურად ციხეს კი არა, სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. 2012 წლის დიდი ამნი­სტიის შემდეგ, როდესაც ციხეები დაიცალა პატიმრებისგან, საპატიმროები, ძირითადად, ნარკომომხმარებლებით შეავსეს. სწორედ ეს მიდგომაა შესაცვლელი, რადგან ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და არა ციხე, რომელსაც მხოლოდ უკუშედეგი აქვს.

- კანონპროექტში ბევრი რისკს ხედავს...­ მაგალითად, კანაფის ტარება 70 გრამამდე დასაშვები რატომ უნდა იყოს?
- ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო მიდგომის შეცვლაზე, რომელიც ჰეროინის, მარიხუანას თუ სხვა ტიპის ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ერთი უნდა იყოს - მათი ქცევა ხომ საერთოა და მომხმარებლები არიან, შესაბამისად, დეკრიმინალიზაცია ნიშნავს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და არა ნარკოტიკების მიმართ ლიბერალურ პოლიტიკას. ნარკორეალიზაცია რომ მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ამაზე განსხვავებული აზრი არ არსებობს.

"არავითარი ტოლერა­ნტობა გამსაღებლების მიმართ", მთავარ დებულებად რჩება კანონპროექტში"

აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: - კანონპროექტთა პაკეტში­ ჩა­დებულია პრინციპები, რომელთა მიხე­დვით,­ ნარკოდამოკიდებულება არის არა მორალური, არამედ სამედიცინო პრობლემა.

სამედიცინო პრობლემას ციხით ვერ გადაჭრი. როგორც დიაბეტით დაავადებულს ვერ განკურნავ საკანში, ნარკოდამოკიდებულსაც ვერ უშველი საპატიმროში გამოკეტვით - ეს ქრონიკული დაავადებაა, ციხე კი სამედიცინო ცენტრი არ არის. ეს არის ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მთავარი არსი.

- ამ მთავარ არსზე უკვე მეორე წელია ვერ ჩამოყალიბდით უმრავლესობაშიც. რამ განაპირობა ამ ორწლიანი პაუზის შემდეგ კანონპროექტის ასე დაჩქარებულად გააქტიურება?­ უფრო დეტალური იქნება თუ არა ტერმინების­ "გასაღება-გავრცელების" იდენტიფიცირება, ასევე­ გადახედავთ თუ არა 70 გრამ მარიხუანას დასაშვებად ცნობის საკითხს?
- კანონპროექტზე მუშაობისას დეტალური კონსულტაცია გავიარეთ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და შს სამინისტროსთან. პრინციპი "არავითარი ტოლერა­ნტობა გამსაღებლების მიმართ", მთავარ დებულებად რჩება კანონპროექტში. ვცვლით მხოლოდ ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას. კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოოდ კანონში ყველა პოზიცია შეჯერებულად აისახება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით