გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა გზავნილები აქვს დასავლეთს? - კვირის პალიტრა

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა - რა გზავნილები აქვს დასავლეთს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პომპეომ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორ ქვეყანას შორის უდიდესია.

"ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია. მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერსებში.მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში", - მიმართა კვირიკაშვილმა პომპეოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად.

"დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს.

აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში.

საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას "პრაისვოთერჰაუსკუპერსის" (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეც მიულოცა.

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ გვერდში გიდგავართ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხთან. დღეს მაქვს პატივი, პრემიერ-მინისტრთან ერთად წარვმართო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მე-7 პლენარული სხდომა", - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. "კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის. დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები იმისთვის, რომ ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის, პოლიტიკასა და მედიაში, ასევე - განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლებო ინსტიტუტებში", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

პომპეოს განცხადებით, საქართველო და აშშ არიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. ქვეყნის წარმატებას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც - უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები არიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს უკვე 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.