"მომავალ პრეზიდენტად იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ვისურვებდი", ანაც "კალაძემ რომ შეითავსოს, არა?" - კვირის პალიტრა

"მომავალ პრეზიდენტად იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ვისურვებდი", ანაც "კალაძემ რომ შეითავსოს, არა?"

"საქართველოში პრეზიდენტი დღეს "სვადებნი გენერალია"

ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად და რომელი პოლიტიკური ფიგურა იმსახურებს ამ პოსტზე თქვენს სიმპათიას? - ამ შეკითხვით სახელოვნებო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს მივმართეთ.

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი: - ბატონო ბუბა, დღევანდელი პოლიტიკური ფიგურებიდან, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად?

- სერიოზულად მეკითხებით?! იოსებ ბესარიონის ძე სტალინს! ხუმრობა იქით იყოს და წარმოდგენა არ მაქვს.

გია ბურჯანაძე, მსახიობი: - ამ კანონმდებლობით, ვინმეს არჩევას აზრი თითქმის აღარ აქვს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ პრეზიდენტს გარკვეული უფლებები მიენიჭოს, თუ არა და ისე, ტყუილად, უუფლებო პრეზიდენტს საქართველოს მოსახლეობა აღარ აირჩევს და აარჩევინებენ კიდეც "ხმოსნებს". როგორც კი პრეზიდენტს უფლება-მოსილებები გაეზრდება, მაშინ შემიძლია გითხრათ, ვინ იქნება მაგის "გამქაჩველი". ამ კანონმდებლობაში, თოჯინასავით მჯდომი პრეზიდენტის ყოფნას აზრი არ აქვს.

- თუმცა, არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევთ. - ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ საზოგადოება არის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე, მოუწევთ, აზრზე არ არიან, რას, ვის და რა უფლება-მოსილებით ირჩევენ, მაგრამ მაინც უნდა აირჩიონ.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - პრეზიდენტის უფლებები იმდენად შეზღუდულია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება? ეს საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრემიერ-მინისტრი მთავარი ფიგურაა, ამიტომ, პრეზიდენტი, როგორც რუსები იტყვიან, "სვადებნი გენერალია". მხოლოდ ერთ რამეს ვისურვებდი, მთავრობის ყველა შტოსა და პრეზიდენტს შორის, სრული თანხმობა იყოს.

პრეზიდენტი უნდა იყოს განათლებული, რაც არც მარგველაშვილს აკლია, თავისი ერის მიმართ კეთილგანწყობილი, ტოლერანტული, ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს, ლავირება შეეძლოს, ძლიერი დიპლომატი იყოს და დიპლომატიური სვლები იცოდეს, გადამწყვეტ მომენტში გარეთ გამოსვლა და თავისი სიტყვის თქმა შეეძლოს. მე ასეთი წარმომიდგენია. მიჭირს რამის თქმა, ბევრი რამ არ მომწონს და ბევრ რამეზე ვარ დაფიქრებული. კარგი პრეზიდენტის მაგალითად ურუგვაის პრეზიდენტი მახსენდება (იცინის). ღარიბი რომ იყო და არაფერი გააჩნდა. ახლა უკვე ასეთები მენატრება (იცინის). ეს, ცხადია, განსაკუთრებული შემთხვევა იყო. დღევანდელ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა რთული საკითხია. არჩევნებზე რას გადავწყვეტ, არ ვიცი, შევხედავ, ვინ იქნებიან კანდიდატები. კანდიდატურებს ჩვენ ნამდვილად არავინ გვეკითხება.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს შემდეგი პრეზიდენტის საგარეო კურსი, ორიენტაცია? - აუცილებლად ევროპული, მაგრამ ამავე დროს, პრეზიდენტმა, ისევე როგორც ყველა პოლიტიკოსმა საქართველოში, უნდა იცოდეს, ვინ ჰყავს მეზობლად. როდესაც მეზობელს ბედი სამუდამოდ მოგიჩენს, გზების მონახვაც უნდა იცოდე და არა მუშტების ქნევა, როდესაც ეს მუშტი იმდენად პატარა გაქვს, რომ მას ვერ ერევი. "თვითმკვლელობამდე" ხომ არ უნდა მივიდეთ? ამიტომ, მგონია, რომ მოლაპარაკება აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერ მტერთან, ყველაზე ძლიერი ომის დროსაც კი.

ნიკა ქაცარიძე, მსახიობი: - პირადად ჩემგან, სიმპათიას არც ერთი სავარაუდო კანდიდატი არ იმსახურებს. მე მგონი, უკვე ხალხსაც მაგრად "ჰკიდია", ვინ იქნება პრეზიდენტის სკამზე. ან საერთოდ, უკვე რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში პრეზიდენტობას? კარტოფილი უნდა მოიყვანოს თუ ხახვი? ისე, კალაძემ რომ შეითავსოს, არა? მერიც რომ იყოს და პრეზიდენტიც (იცინის). "მამენტ" რატომაც არა, რაიმე განსაკუთრებულს არც ახლანდელი აკეთებს, თან კალაძე სიმპათიური ბიჭია, თუ მაინც და მაინც სადმე წასვლა მოუწევს, წარმოსადეგია, ბოლოს და ბოლოს "არმანის" მოდელი იყო (იცინის). აი, ეგ გადასარევი იქნება, უფრო რთულ საკითხებს კი აქეთ გადაწყვეტს მთავარი ძალა.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)