"ჟურნალისტის სხეულიდან ამოღებული ფრაგმენტებით დადასტურდა, რომ რაკეტა ნამდვილად რუსული იყო" - რას იტყვის სტრასბურგი?! - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტის სხეულიდან ამოღებული ფრაგმენტებით დადასტურდა, რომ რაკეტა ნამდვილად რუსული იყო" - რას იტყვის სტრასბურგი?!

23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.

17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა, შემდეგ მოპასუხეებმა - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ადვოკატმა მიმართეს. ამ მნიშვნელოვან პროცესს მსოფლიო მედია აქტიურად გამოეხმაურა. ბრიტანულ გამოცემაში «The Guardian» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "საქართველო ბრალს სდებს რუსეთს სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში, 2008 წლის კონფლიქტის დროს", რომლის ავტორიც ლიუკ ჰარდინგია. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

"საქართველომ რუსეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა - ადამიანის უფლებების დარღვევაში და იმ უკანონო მოქმედებებში, რომლებიც თითქმის ათი წლის წინ მომხდარი კონფლიქტის დროს მოხდა. თავის საბოლოო გამოსვლაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მოკვლეული მასალები ადასტურებს იმას, რომ მოსკოვი მართლაც დამნაშავეა კონფლიქტის დროს მრავალრიცხოვან დარღვევებში. საქართველოს მთავრობის ცნობით, კონფლიქტამდე 5 დღით ადრე რუსეთის ავიაციამ საქართველოს წინააღმდეგ ასზე მეტი შეტევა განახორციელა. თბილისს გააჩნია მყარი და უდავო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები სამოქალაქო მოსახლეობას დააყარეს, რამაც ასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ამ ბრალდების ნამდვილობის დასადასტურებლად თბილისს გააჩნია მრავალი უშუალო მოწმის ჩვენება, კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები, აგრეთვე სატელეფონო საუბრები. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყებისას რუსეთის ჯარები უწყვეტად შედიოდნენ საქართველოს სეპარატისტულ პროვინციებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც საბოლოო ჯამში მათმა რაოდენობამ 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს მიაღწია. ქართული მხარის ადვოკატმა ბენ ემერსონმა სასამართლო კოლეგიას, რომელშიც რუსეთის და საქართველოს თითო წარმომადგენელიც შედის, განუცხადა, რომ "მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში ადგენდა გეგმებს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად". მისი თქმით, მოსკოვის ამოცანას რაც შეიძლება მეტი მიწების მიტაცება წარმოადგენდა. ბენ ემერსონის თქმით, დაზავების მიუხედავად, რუსეთის ჯარები შეიჭრნენ იმ სოფლებში, რომლებშიც უმეტესად ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ. მათ გადაკეტეს სოფლებიდან გამოსასვლელი გზები და ქართველთა კუთვნილი სახლები მთლიანად დაწვეს. უკმაყოფილო მცხოვრებლებს ან ადგილზევე სჯიდნენ ან მუქარით აიძულებდნენ მშობლიური ადგილებიდან წასვლას. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ სარჩელი 2008 წლის აგვისტოში, კონფლიქტის დასრულების მეორე დღესვე შეიტანა. დიდი ხნის კვლევა-ძიებამ და დავამ იმის შესახებ, თუ ვინ გააჩაღა ომი და რა მოხდა სინამდვილეში, თავის კულმინაციას ოთხშაბათს მიაღწია, როცა რუსაეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შემაჯამებელი გამოსვლის ნება მისცეს. მოსკოვს ადრეც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მიკერძოებული და პოლიტიზებულია. სამხედრო მოქმედებების გაჩაღებაში რუსეთი ბრალს სდებს საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა. რუსეთი თვლის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა ქართულ ჯარს სამხრეთ ოსეთში შესულიყო, რომელსაც იმ დროს ამბოხებულები აკონსტროლებდნენ, თავისი თავი კი პრეზიდენტს მშვიდობისდამცველად მიაჩნდა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. შესაძლოა გამტყუვნებულ მხარეს კომპენსაციის გადახდა დაეკისროს, თუმცა კრემლს ასეთი ვერდიქტი არ მოეწონება: ჯერ კიდევ 2015 წელს კრემლი სასამართლო განხილვის მიტოვებით დაიმუქრა, თუ საკითხი რუსეთის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა. ბენ ემერსონმა მოსამართლეებს განუცხადა: "საიდუმლო არაა, რომ რუსეთი ღიად თუ ფარულად ლობირებას უწევს საქმის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტას და ამ მიზნით ყველა საშუალებას იყენებს - იმუქრება, რომ თუ მისთვის სასურველი ვერდიქტი არ იქნება, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსირებას მოახდენს და სასამართლოს დაფინანსებას შეუწყვეტს... ამ საქმეში კომპრომისი დაუშვებელია, ყველა მტკიცებულება სრულიად ერთმნიშვნელოვანია".

2016 წელს კონფლიქტის 30-ზე მეტი მოწმე იქნა გამოკითხული. მათ ჩვენებაში ლაპარაკია კონფლიქტის ყველაზე მწვავე და ულმობელ ეპიზოდებზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრებ 20 ათასამდე ქართველის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ეთნიკურ წმენდაზე და მათ შემდგომ გაძევებაზე მშობლიური ადგილებიდან. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებაში ასახულია სამხედრო ტყვეების წამება და ქალაქ გორზე განხორციელებული სიკვდილისმთესველი ავიადაბომბვა. 2008 წლის 12 აგვისტოს გორის მთავარ მოედანზე აფეთქდა რუსული რაკეტა "ისკანდერ სს-26", რომლის დროსაც ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსი და 11 ადგილობრივი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ჟურნალისტის სხეულიდან ამოღებული ლითონის ფრაგმენტებით დადასტურდა, რომ რაკეტა ნამდვილად რუსული წარმოებისა იყო. თავის მხრივ, რუსი სამხედროები სარაკეტო შეტევის ფაქტს უარყოფენ. მათი თქმით, საქართველომ ან მტკიცებულებები გააყალბა, ან საკუთარი მოსახლეობა თვითონ დაბომბა, რათა შემდეგ ყველაფერი მოსკოვისათვის დაებრალებინა. "რუსები სულელური და ხშირად სასაცილო არგუმენტების ტირაჟირებას ეწევიან", - აღნიშნა ბენ ემერსონმა. 2015 წელს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რუსეთი არ შეასრულებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის ნორმებისადმი არ იქნება შეთავსებული. კრემლს მსგავსი ნაბიჯი ადრეც აქვს გადადგმული, როცა უარი განაცხადა ორი მილიარდი დოლარის გადახდაზე ნავთობკომპანია "იუკოსის" აქციონერებისათვის". წყარო

----------

სტრასბურგის სასამართლოს სხდომის პერიპეტიები, რა თქმა უნდა, რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებშიცაა ასახული. მაგალითად, გაზეთი «КоммерсантЪ»-ში (24 მაისი) დაბეჭდილ ვრცელ პუბლიკაციაში სათაურით "რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთთან ძალა ბრიტანელი ადვოკატების მეშვეობით მოსინჯეს // ევროპულმა სასამართლომ "ხუთთდღიანი ომის" საქმე განიხილა" (ავტორები - ანა პუშკარსკაია, გიორგი დვალი, გალინა დუდინა) ნათქვამია, რომ "სასამართლოს სხდომა, ფაქტობრივად, ქართული და რუსული მხარის მიერ დაქირავებული ადვოკატების "დუელად" იქცა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბრიტანელ იურისტებთან თითქმის 380-მილიონის რუბლის კონტრაქტები გააფორმა. მათგან ერთ-ერთია ცნობილი კომპანია Brick Court Chambers-ის ადვოკატი მაიკლ სვეინსტონი, რომელსაც 2016 წლიდან დღემდე საბოლოო ჯამში დაახლოებით 300 მილიონი რუსული რუბლი გადაუხადეს". სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული როგორც ქართული მხარის ადვოკატის ბენ ემერსონის, ასევე რუსული მხარის ადვოკატის მაიკლ სვეინსტონის გამოსვლები. ყურადღება ეთმობა აგრეთვე რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის პოზიციის წარმოჩენას. პუბლიკაციაში ციტირებულია აგრეთვე ქართველი ექსპერტის შოთა უტიაშვილის გამონათქვამი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მისი აზრით, ომის გაჩაღებაში სწორედ რუსეთია დამნაშავე. წყარო მოამზადა სიმონ კილაძემ