რა ითქვა კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

რა ითქვა კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე?

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო. როგორც ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, როგორც მოსალოდნელი იყო, კარასინმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში.

"რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მან თქვა ის რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თაობაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

"რკინიგზის საკითხი საერთოდ არ განხილულა არც SGS-ის, არც საელჩოს და არც კულტურული ურთიერთობების კონტექსტში", - აღნიშნა აბაშიძემ.

შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა გრიგორი კარასინმაც.

"მკითხეს ტატუნაშვილის სიკვდილზე. მე ამაზე უკვე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა. ყველაფერია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს. ამ საკითხების განხილვა პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით უნდა მოხდეს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციის მექანიზმები. ვფიქრობ, რომ სერიოზული დასკვნებია გამოსატანი მომხდარიდან", - განაცხადა კარასინმა.

ამასთან, კარასინი ასევე გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შვეიცარიულ კომპანიასთან შეთანხმების გაფორმებას.

"მომავალზე ჰიპოთეტურად არასოდეს ვმსჯელობ, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილი. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წინსვლას გავაგრძელებთ. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ 2011 წლის შეთანხმების შესრულებაში", - აღნიშნა კარასინმა.

"ინტერპრესნიუსი"