გზა 1918 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 26 მაისამდე - გადახედე საუკუნეს - კვირის პალიტრა

გზა 1918 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 26 მაისამდე - გადახედე საუკუნეს

იხილეთ ფოტოგალერეა: როგორ ცხოვრობდნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა. გთავაზობთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც 1918 წლის 26 მაისიდან 2018 მაისამდე მოხდა.

1918 წლის 26 მაისს, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთზე, ყოფილ მეფისნაცვლის სასახლეში საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას გააცნო "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".

1918 წლის 3 სექტემბერს ქართულ უნივერსიტეტს ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა საქართველო-სომხეთის ომი, რომელშიც ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ბრიტანელების ჩარევით დაიდო საქართველო-სომხეთის ზავი. შეიქმნა ლორეს ნეიტრალური ზონა.

1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები. 130 დეპუტატის მანდატიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიამ აიღო 109, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა - 8-8 მანდატი, ესერებმა - 5 მანდატი. დეპუტატებს შორის 5 ქალი იყო.

პირველი რესპუბლიკის პარლამენტარი ქალები: ქრისტინე შარაშიძე, მინადორა ტოროშელიძე, ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე, ელეონორა ტერ ფარსაგოვა, ანა (ოლა) სოლოღაშვილი

1920 წლის 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება. რუსეთმა დე იურე აღიარა საქართველო და ცნო მისი ტერიტორიული მთლიანობა.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც ითვლებოდა იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციად.

1921 წლის 19-25 თებერვალს ლორეს ნეიტრალური ზონიდან საქართველოში შემოიჭრა რუსეთის მე-11 წითელი არმია. იმავდროულად, რუსულმა ჯარებმა ჩვენი სამშობლოს საზღვრები გადმოლახეს აზერბაიჯანისა და რუსეთის მხრიდან. სამხრეთიდან არტაან-ართვინის მხარე დაიკავეს თურქულმა ძალებმა. თბილისზე იერიშის სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი. თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარის გამარჯვების მიუხედავად, მათ 25 თებერვლის დილას მოახერხეს დედაქალაქის დაკავება. მალე ქართულმა არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა.

ოკუპანტები თბილისში 1921 წლის თებერვალი

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დატოვა ბათუმი და ევროპაში, ემიგრაციაში გაემგზავრა.

1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. მასში საქართველოს სულიერმა მამამ აღწერა საბჭოთა ოკუპაცია და ტერორი საქართველოში.

1922 წელს ბოლშევიკებისთვის ორგანიზებული პოლიტიკური წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" (დამკომი), რომელშიც ყველა ძირითადი პარტია იყო გაერთიანებული. კომიტეტმა კავშირი დაამყარა პარიზში ემიგრირებულ მთავრობასთან. აჯანყების მოსამზადებლად დაფუძნდა "სამხედრო ცენტრი". ზაფხულში ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის რაზმმა პარტიზანული ბრძოლები დაიწყო კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

1923 წლის 20 მაისს, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს "სამხედრო ცენტრის" ლიდერები: 1. გენერალი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი; 2. გენერალ-მაიორი ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე; 3. პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი; 4. პოლკოვნიკი როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი; 5. გენერალი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი; 6. უმცროსი ოფიცერი ნიკოლოზ მიხეილის ძე ზანდუკელი; 7. როტმისტრი სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი; 8. როტმისტრი ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი; 9. იასონ მათეს ძე კერესელიძე; 10. ოფიცერი ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე; 11. სიმონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი; 12. პოლკოვნიკი ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი; 13. პოლკოვნიკი ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი; 14. ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი; 15. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულები

1924 წ. 28 აგვისტოს დაიწყო ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს ბოლშევიკებმა. ასობით პატრიოტი ტერორს ემსხვერპლა.

1937-1938 წლებში საქართველოში მასობრივი რეპრესიებია. ოფიციალური ინფორმაციით, ტერორს ემსხვერპლა 29051 კაცი, რომელთა ნახევარი დახვრიტეს, დანარჩენი გადაასახლეს.

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო საბჭოეთის"სამამულო ომი,"რომელშიც მონაწილეობდა 700000 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა 163 311 კაცი.

1956 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა წარმოთქვა სიტყვა სტალინის "პიროვნების კულტსა და მისი შედეგების" შესახებ. ეს გამოსვლა და სტალინის პიროვნებაზე იერიშის მიტანა შეურაცხყოფად მიიღო საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა და დაიწყო მასობრივი გამოსვლები. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა არმიისა და უშიშროების ძალებმა თბილისში დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია. მოკლეს 150-ზე მეტი კაცი, მრავალი დაჭრეს და დაასახიჩრეს.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს სსრ კონსტიტუციის განხილვისას ქართველმა საზოგადოებამ მშვიდობიანი დემონსტრაციით დაიცვა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი.

1988 წლის ნოემბერში, სსრკ კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას გადაწყდა, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს უნდა ჩამორთმეოდათ რეფერენდუმით საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია საქართველოში. დაიწყო მასობრივი გამოსვლები და შიმშილობა მთავრობის სასახლის წინ. მოსკოვი იძულებული შეიქნა, უკან დაეხია.

1989 წლის 4 აპრილს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით თბილისში მთავრობის სასახლის წინ პერმანენტული მიტინგი დაიწყო ჯერ აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების, შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმმა დაარბია მშვიდობიანი მიტინგი. დამსჯელ აქციას შეეწირა უდანაშაულო და თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 კაცის სიცოცხლე, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი კი სხვადასხვა ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს.

1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ეროვნულ ძალებსა და ზვიად გამსახურდიას. 62%-ით გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა" თავისუფალი საქართველო". საქართველოში კომუნისტური მმართველობა დასრულდა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რეფერენდუმზე მოსულთა 97%-მა) მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1991 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 87.03%-ით მოსახლეობამ ზვიად გამსახურდია აირჩია.

1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო სამოქალაქო ომი თბილისში. 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა გამსახურდიამ ქვეყანა დატოვა. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ.

1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.

1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.

1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთში მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთის ომი.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა.

1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურმა პარტიამ "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა" (107 მანდატი). მეორე ადგილზე გავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (34 მანდატი), მესამეზე - "აღორძინების კავშირი" (31 მანდატი). პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა ედუარდ შევარდნაძემ (74.04%).

1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი.

1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. პირველი ადგილი დაიკავა "საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა" (132 მანდატი), მეორე ადგილზე გავიდა ბლოკი "საქართველოს აღორძინება" (58 ადგილი)," მესამეზე ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" (15 ადგილი)."

2000 წლის 9 აპრილს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მეორე ვადით გაიმარჯვა ედუარდ შევარდნაძემ (79.82%).

2003 წლის 23 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ მოსახლეობის არნახული პროტესტი გამოიწვია. პროცესები "ხავერდოვანი რევოლუციის" სცენარით წარიმართა. მოგვიანებით ამ მოვლენას "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. ედუარ შევარდნაძე იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო. ქვეყნის სათავეში მოვიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა (96.27%).

2004 წლის 28 მარტს ჩატარდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა - 135 მანდატი მოიპოვა "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატებმა".

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა (53.47%).

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 119 მანდატი მოიპოვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

2008 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი. რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც მოახდინა, შემდეგ კი ცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა "ქართული ოცნება" (ლიდერი ბიძინა ივანიშვილი) და პარლამენტის 85 მანდატი მოიპოვა. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ 65 მანდატი მიიღო. ქვეყნის ხელისუფლება პირველად შეიცვალა არჩევნების გზით.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა გიორგი მარგველაშვილმა (62.12%).

2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა (115 ადგილი)

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავია.

ჯაბა სამუშია ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი, პროფესორი

ყველაფერი საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე:

გთავაზობთ ტესტს, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა, თუ რა იცით საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე

ტესტის ჩატვირთვას შესაძლოა მცირე დრო დასჭირდეს, გისურვებთ წარმატებას!