როგორ ულოცავენ ევროპარლამენტარები ქართველებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს - კვირის პალიტრა

როგორ ულოცავენ ევროპარლამენტარები ქართველებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს

საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავს ევროპარლამენტარები ულოცავენ.

გუნარ ჰოკმარკი, ევროპარლამენტარი, შვედეთი: - მინდა ქართველებს ასი წლის წინ მიღწეული დამოუკიდებლობა მოგილოცოთ. ეს მძიმე დრო იყო. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც რეალური დემოკრატია ჰქონდა. შემდეგ საბჭოთა ძალმომრეობა და დიქტატურა იწვნიეთ, მაგრამ დღეს ვხედავთ ახალ საქართველოს და მინდა გითხრათ, რომ აქ, ევროპაში ყველა ვიმედოვნებთ, რომ საქართველო განაგრძობს სტაბილურ სვლას კიდევ მეტი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის, იმ ევროპას, რომელსაც დღეს ვაშენებთ. მინდა საქართველო ჩვენთან რაც შეიძლება ახლოს იყოს, და ამ სიახლოვეში გეოგრაფიულ სიახლოვეს არ ვგულისხმობ - დემოკრატიულ საზოგადოებაზე მაქვს საუბარი.

ურმას პაეტი, ევროპარლამენტარი, ესტონეთი: - ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქართველო ხალხო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, და როგორც ესტონელმა, ძალიან კარგად ვიცი ამ თავისუფლების, დამოუკიდებლობის ფასი. საქართველოს არ ჰქონდა იოლი წარსული, მათ შორის მეოცე საუკუნეში და საუკუნის ეს ნაწილი საზიარო იყო ქართველებისა და ესტონელებისათვის. ასე რომ დღეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, თქვენი ქვეყანა და სრულიად ქართველი საზოგადოება იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი. სწორედ ესაა თავისუფლება - გამოხატვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება, თქვენი, როგორც მოქალაქეების უფლებები... ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამაყი ხალხი, მუხლჩაუხრელად იშრომებს ამ თავისუფლების შესანარჩუნებლად თქვენს საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედი მაქვს, მალე უკვე საქართველოში შევხვდებით.

ანა გომეში, ევროპარლამენტარი, პორტუგალია: - ვულოცავ ქართველ ხალხს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს. მომავალიც მოსალოცი გაქვთ - რადგან ქართველებმა ღიად განაცხადეს, რომ მათ ევროპული გზით სვლა სურთ. ეს მომავალი არის თავისუფლების, დემოკრატიის, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, კარგი მმართველობის, საქართველოს თითოული მოქალაქის უფლებების დაცვის საწინდარი. ყველამ ვიცით, რომ საქართველო რთულ სამეზობლოში ცხოვრობს, ჩრდილოელი მეზობლის ბნელ ჩრდილში უწევს ყოფნა, რომელსაც მისი ტერიტორიები, აფხაზეთი და ოსეთი აქვს ოკუპირებული. მაგრამ მჯერა ქართველი ხალხის ნებისყოფისა, რომ ისინი ყველაფერს დაძლევენ და ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებას შექმნიან. ვიცი, რომ ამ მხრივაც არსებობს სირთულეეები, ვიცი, რომ არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ ცვლილებები, რომლებიც ძველ ალიანსებს ვერ ელევიან, მაგრამ მწამს, რომ ქართველი ხალხი არ დაივიწყებს როგორც პირველი რესპუბლიკის გამოცდილებას, ასევე უფრო ახლო წარსულს და მტკიცედ იდგება ევროპისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ ბილიკზე.

ქლერ მუდი, ევროპარლამენტარი, დიდი ბრიტანეთი: - მინდა საქართველოს მივულოცო, რომ ასი წლის წინ, 1918 წელს შექმნა პარლამენტი, რომლის შესახებაც აღტაცებით საუბრობდნენ როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში - თუ როგორ იღწვოდა მაშინდელი მთავრობა ხალხისთვის, რა კანონები მიიღეს და რომ ეს ერთობ პროგრესულად მოაზროვნე მთავრობა იყო. ეს იყო პარლამენტი, სადაც ქალებს ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რაც მაგალითად დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოხდა, ასე რომ, როდესაც საქმე 1918 წლის მთავრობას შეეხება, მოსალოცი ძალიან ბევრია და ძალიან კარგია, რომ ამას ზეიმობთ - ეს თქვენი დღევანდელი დემოკრატიის ზეიმიცაა.

რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტარი, გერმანია: - მინდა ავუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რომ დიდი პატივია, რომ შემიძლია მხარი დავუჭირო თქვენს ჩართულობასა და განვითარებას ევროპული ინტეგრაციის კუთხით, რომლისკენაც ასე მიილტვით. გილოცავთ 100 წლისთავს და გისურვებთ ერთობ წარმატებულ მომავალს!

დორის პაკი, ევროპის სახალხო პარტიის ქალების ჯგუფის პრეზიდენტი: - თქვენ, ქართველებს ბრძოლისა და დაბრკოლებების დაძლევის ხანგრძლივი ტრადიცია გაქვთ. წელს პირველი დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავს ზეიმობთ. ნამდვილად უნდა იამაყოთ იმით, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიაღწიეთ. იმედი მაქვს, მომავალი კეთილდღეობისა და კარგი მმართველობის წლებს მოგიტანთ!

იარომირ შტეტინა, ევროპარლამენტარი, ჩეხეთი: - ძვირფასო ქართველო მეგობრებო - მე იარომირი ვარ და პრაღაში დავიბადე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში დავიბადე და იმიტომ, რომ ჩვენმა ორმა ქვეყანამ მსგავსი გზა გაიარა. წელს ჩვენც ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის ას წლისთავს. კიდევ ბევრი გვაქვს საერთო - საერთო მტრები, ორივე ქვეყანას მოუწია გაეძლო დიდი ტოტალიტარული რეჟიმების მმართველობისათვის, ჰიტლერი იქნებოდა ეს თუ საბჭოთა მმართველობა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ისაა, რომ საზიარო მომავალიც გვექნება - იმედი მაქვს, რამდენიმე წელში ერთმანეთს ევროკავშირში შევხვდებით! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

ჰაიდი ჰაუტალა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ფინეთი: - დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ას წლისთავს ვზეიმობთ. ჩემმა ქვეყანამ, ფინეთმა იგივე თარიღი შარშან იზეიმა. ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა - მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მაგრამ ვფიქრობ, ქართული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ის 3 წელი უმნიშვნელოვანესი იყო - ჩამოყალიბდა ახალი პარლამენტი, სადაც ქალებს არა მარტო ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ თავადაც შეეძლოთ, კანდიდატები ყოფილიყვნენ. სამწუხაროა, რომ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მერგო პატივი ახალ საქართველოს ვსტუმრებოდი, ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა, თქვენმა ყოფილმა პრემიერმა, აწ გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ მომიწვია. მას შემდეგ, თავისუფლებისკენ შთამბეჭდავი პროგრესის მომსწრენი ვართ საქართველოში. გულითადად გილოცავთ და მწამს, რომ მომავალი წლები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისთვის.

რომან შტრასერი, ევროკავშირი & საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი: - 2018 წლის 26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში. 100 წლის წინ, დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. საქართველოს არც ისტორია და არც აწმყო არ ჰქონია ადვილი - მაგრამ ესაა ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა, იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისათვისა და დემოკრატიული ღირებულებებისათვის და უამრავი რეფორმა გაატარა, რათა ევროკავშირსა და ნატოს დაახლოებოდა. ევროკავშირი მიესალმება ამ პროცესს და არ იშურებს მორალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ სვლაში დაეხმაროს. ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერის ვიზიტი, მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ პატივისცემასა და მხარდაჭერას, რაც ევროკავშირს აქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და ვიმედოვნებ, არც თუ ისე შორეულ მომავალში, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყანად ვიხილავთ.

ლასლო ტოკეში, ევროპარლამენტარი და პროტესტანტი ეპისკოპოსი, რუმინეთი: - საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო! მინდა ეს ისტორიული დღე მოგილოცოთ, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლისთავი. 100 წლის წინ, საქართველომ პირველად გაუსინჯა გემო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას როგორც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა შრომის ფასად დაუჯდა ეს თქვენს ქვეყანასა და თქვენს ხალხს. ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, აქ, ევროპის პარლამენტში, ვაფასებთ ყველაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, რათა იყოს სანდო და საიმედო პარტნიორი ევროკავშირისათვის. და ვფიქრობ, ჩემი ბევრი კოლეგის სათქმელსაც გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ახლო მომავალში აქ, ევროკავშირში გელოდებით. ღმერთმა დალოცოს თქვენი ქვეყანა და თქვენი ეკლესიები!

საჯიდ კარიმი, ევროპარლამენტარი, დიდი ბრიტანეთი: - ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ ვარ ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიაში და რომ მქონდა შესაძლებლობა, წლების განმავლობაში მჭიდროდ მეთანამშრომლა ქართველ პარლამენტარებთან. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მომენტია საქართველოს ისტორიაში - 100 წელი დამოუკიდებლობის პირველად გამოცხადების შემდეგ. თავისუფლების კიდევ მრავალ ასწლეულს გისურვებთ და გისურვებთ სიმტკიცეს ევროპისკენ მიმავალ ბილიკზე - ჩვენ მზად ვართ, მეგზურობა გავუწიოთ საქართველოს ამ მოგზაურობაში.

იერჟი ბუზეკი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონეთი: - ძვირფასო ქართველებო, მინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ და მოგილოცოთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. 100 წელიწადი ერთი წამია ისტორიისთვის, მაგრამ ამ ერას, გასული საუკუნის დასაწყისს სისხლისღვრა ახლდა თან - ორი მსოფლიო ომი, ორად გახლეჩილი კონტინენტი და კომუნისტური მმართველობა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპულმა პროექტმა დემოკრატია, მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა ჯერ დასავლეთ, შემდეგ კი, ბერლინის კედელის დაცემის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასაც. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 60 წელია, რაც მშვიდობის იდეა საფუძვლად დაედო ევროკავშირს, ყველა ევროპელს არ აქვს საშუალება, დატკბეს ამ უმარტივესი უფლებით - იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში. ძვირფასო ქართველებო! ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა, პირველ რიგში მშვიდობა გისურვოთ! მშვიდობა და კეთილდღეობა, წარმატება და ბედნიერება თქვენს ოჯახებში და იმ ადამიანებთან ერთად ვინც გიყვართ. ქართველ პოლიტიკოსებს სიბრძნესა და პასუხისმგებლობის გრძნობის ქონას ვუსურვებ, რათა თქვენს ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს და რაც შეიძლება უფრო მეტად დაუახლოვდეთ ევროკავშირს. იდღეგრძელოს საქართველომ!

ანდრეის მამიკინსი, ევროპარლამენტარი, ლატვია: - საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო, გულითადად გილოცავთ თქვენი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის ას წლისთავს! გულწრფელად ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, თავისუფლებისა და მშვიდობის ხანგრძლივ წლებს.

თქვენმა ქვეყანამ მტკიცედ გადალახა ყველა სირთულეები, დაიცვა თავისი ღირებულებები, ააშენა წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა, შექმნა ბედნიერი და თავისუფალი საზოგადოება შესანიშნავი ინფრასტრუქტურით. საქართველო მთლიანად კავკასიის რეგიონის მართლაც რომ სავიზიტო ბარათი გახდა.

საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ამის დასტურია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ოთხი წლის წინ ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ასევე თქვენი მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და ევროკავშირი თავიანთი ურთიერთობების პრინციპულად ახალ დონეზე გადადიან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებ მათ შესანიშნავ ზეიმს. მერწმუნეთ თქვენდამი პატივისცემაში და საუკეთესო სურვილებში ქართველი ხალხისადმი!

სტატია მომზადდა ორგანიზაცია "ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის, "გზავნილი ბრიუსელიდან" ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე (სპეციალურად საიტისთვის)