"ისტორიკოსების გარდა, გვყვანან ისტერიკოსებიც, რომლებიც საქართველოს ისტერიას წერენ" - კვირის პალიტრა

"ისტორიკოსების გარდა, გვყვანან ისტერიკოსებიც, რომლებიც საქართველოს ისტერიას წერენ"

"თუ არ ვეცადეთ, განსხვავებული აზრის მოსმენა შევძლოთ, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით"

საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მასშტაბურად აღინიშნა. ქვეყანას 20-მდე სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის 6 ქვეყანას პრეზიდენტები წარმოადგენდნენ. ოფიციალურ შეხვედრებზე ევროპელი სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საფრთხეებისა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და რომ ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია. სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ეძღვნება პოეტ დათო მაღრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნის "ნაფეხურები წყალზე" ("Footprints On Water") პრეზენტაცია, რომელიც ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა გამომცემლობა Rare Bird Books-მა გამოსცა. წიგნის წარდგენისთვის საქართველოს ეწვივნენ გამომცემლობის პრეზიდენტი ტაისონ კორნელი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს შემდეგ წიგნის წარდგენა ნიუ-იორკსა და აშშ-ის კიდევ 33 ქალაქში გაიმართება. პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის მნიშვნელობასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრება:

- ვფიქრობ, აშშ-ში ჩემი წიგნის პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეზე გამოსვლა მართებულიც არის და სიმბოლურიც, ვინაიდან რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, მისი გავლენა და მხარდაჭერა, ჩვენ დღესაც ერეკლე მეორის დილემის წინაშე ვიდგებოდით.

რაც შეეხება 1918-1921 წლების დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს, მისი მნიშვნელობა უდიდესია. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არ განელებულა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, სახელმწიფოებრივი აზროვნება. შეიძლება ყველა ეტაპზე ვერ ვინარჩუნებდით ერთიან საქართველოს, მით უფრო დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორც კი მცირედი შანსი ჩნდებოდა, ქართველი საზოგადოება ქვეყნის შენებას იწყებდა, რაც დიდი კულტურის ნიშანია. ჩემი აზრით, ერის კულტურა მხოლოდ ნახატსა და ლექსში არ გამოიხატება, ეს, უპირველესად, სახელმწიფოს შენებაში ჩანს. ამან განსაზღვრა ჩვენი კულტურის ისტორიაც და ჩვენი ცნობიერებაც, ჩვენი სულიერი თავგადასავალიც ამ ფონზე დაიწერა. კონკრეტულად გასული საუკუნის 20-იანი წლების პროცესებს ყოველთვის წინააღმდეგობრივად აფასებდნენ ჩვენში. ამ ყველაფრის გაანალიზება ისტორიკოსების საქმეა, თუმცა ერთი რამის გადაჭრით თქმა ნამდვილად შეიძლება - დამოუკიდებლობის ამ 2 წელსა და 8 თვეს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა.

ქართველში ისევ გაცოცხლდა რწმენა იმისა, რომ შეეძლო საკუთარი თავის პატრონი გამხდარიყო. მე სახელმწიფოს განვითარების ჩემეული გრადაციები მაქვს, ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ემსახუროს სამშობლოს. დღევანდელი ჩვენი დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ დიპლომატიით, ბრძოლით, გაუტეხლობით, სიბრძნით, თავდადებით, დიდწილად იმ 1918 -21 წლების დამოუკიდებლობაზე დგას. ჩვენ რომ დღეს სახელმწიფო გვაქვს, იმ წლების უზარმაზარი დამსახურებაცაა, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ საქართველოს ლამის მთელი ისტორია გაჟღენთილია თავისუფლებისთვის ბრძოლით.

იმ წლების ქართველი საზოგადოება ძალიან მაღალი სულიერების მატარებელი იყო. საოცარი ადამიანები გვიყურებენ იმ ფოტოებიდან, რომლებიც ჩვენს ოჯახებში ჯერ კიდევ შემორჩენილმა ხავერდისყდიანმა ფოტოალბომებმა გადაინახეს. ეს იყო მე-19 საუკუნის ტრადიციაზე აღმოცენებული საზოგადოება. მე-19 საუკუნე კი, ჩემი აზრით, არის უმნიშვნელოვანესი ხანა საქართველოს ისტორიაში, როდესაც განისაზღვრა, როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, არა მხოლოდ ქვეყნის მომავალი, არამედ წარსულიც. სწორედ ამ საუკუნემ მოახერხა ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შეკრება და სახელმწიფოებრივ პერსპექტივაში გადაზრდა. მე-19 საუკუნემ შეძლო დავიწყებული ქვეყნის გახსენება. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში უნივერსიტეტის იდეასაც ამ დროს ჩაეყარა საფუძველი, რასაც 1918 წელს შეესხა ხორცი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სწორედ ამ სულიერებით იყო ნასაზრდოები პირველი რესპუბლიკის საზოგადოება. სინატიფე, დახვეწილობა, აზროვნების წესი, კულტურა, გნებავთ, სამხედრო განათლება, ურთიერთობა, თანაცხოვრების კულტურა, თავაზიანობა - ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო ამ ხალხში...

და ეს საზოგადოება ემემკვიდრა მე-19 საუკუნეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ეს დამოუკიდებლობა...

შემდეგ უკვე მოვიდა პროლეტარიატი, რომელმაც ბრძოლა სწორედ ამ საზოგადოებას გამოუცხადა. ზნეკეთილობის ის ნიშნები, რაც ასე ნათლად ჩანდა ხალხში - ზნეობრივი კოდექსი, მოქცევის წესი, ზრდილობა მათთვის სასიკვდილო განაჩენის მტკიცებულებად იქცა. მარტივად იცნობოდა ეს ხალხი, ისიც ჩანდა, რომ ეს ნაწილი ვერ გახდებოდა საბჭოთა რეჟიმისთვის დასაყრდენი, საბოლოოდ კი თავის კულტურას შეეწირნენ.

- თქვენ დღევანდელობის შეფასებისას ხშირად ბრძანებთ, რომ დაპირისპირება კულტურასა და უკულტურობას შორის კვლავაც მძაფრია.

- დიახ, ეს ბრძოლა გრძელდება... რამდენადაც სულგრძელი და მიმტევებელია საზოგადოების კულტურული ნაწილი, იმდენად აგრესიული და დაუნდობელია უკულტურო ნაწილი...

კულტურისა და უკულტურობის დაპირისპირების ერთ თვალსაჩინო მაგალითს ვიტყვი. ძველ ქალაქში ბევრს დავდივარ, აბანოთუბანში დგას ნიკუშა შენგელაიას პატარა ქანდაკება "ხოხობი და მიმინო". ეს ერთადერთი კაცი მიხვდა თბილისის მასშტაბს, იგრძნო, გაიაზრა და გაითვალისწინა კიდეც. არ არის ეს პათეტიკურ-გრანდიოზული მონუმენტებისა და ღრიალის ქალაქი. მინდა ქალაქის ახალ ხელისუფლებას შევახსენო, რომ არსებობს ეს პრეცედენტი, როდესაც მხატვარმა იგრძნო და გაითვალისწინა ქალაქის მასშტაბი. მინდა ამაზე კარგად დაფიქრდნენ... - ისევ კულტურისა და უკულტურობის თემას რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, ბოლო დროს განვითარებულ პროცესებშიც ეს დაპირისპირება გამოჩნდა? ვგულისხმობ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის უკიდურესად აგრესიულ დამოკიდებულებას და თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულ ერთმანეთის მიუღებლობას. - ნაწილობრივ, თუმცა ექსპერტად ამ საკითხში ვერ გამოვდგები. ერთს ვიტყვი - კულტურული ადამიანი, როგორც წესი, საინტერესოდ ცხოვრებას ცდილობს, წიგნი იქნება თუ ფილმი, საინტერესოს ეძებს, შეიძლება ვერ პოულობს, მაგრამ მუდმივად ძიებაშია. უკულტურო ნაწილი კი უფრო იოლ გზას ირჩევს, მას არ სჭირდება ზედმეტი შრომა, სწავლა-განათლება... ვინც იოლ გზას ირჩევს, ის აგრესიულიც არის. ეს მაინცდამაინც მხოლოდ საქართველოს მახასიათებელი არ არის, მაგრამ აქაურობას კიდევ პერიფერიული სინდრომიც გამოარჩევს ხოლმე. შესაბამისად, აქ პროგრესსაც ზოგჯერ პროვინციული ელფერი დაჰკრავს და რეგრესსაც... მაგალითად, ზოგმა უფრო ადვილად აუღო ალღო ინფორმირებულობას (ინფორმირებულობასა და განათლებას შორის დიდი განსხვავებაა), გვიმტკიცებენ, რა სწრაფად გაევროპელდნენ, თავი მოსწონთ, საკუთარ უპირატესობას აჩვენებენ ყველას, ვინც მათსავით ალღოიანი ვერ გამოდგა. ამ ყველაფერში

ტრაგედია ის არის, რომ ნაკლებად ინფორმირებულობა მეტად ინფორმირებულებში თანაგრძნობას კი არ იწვევს, პირიქით, სხვისი "ჩამორჩენილობა" ახარებთ, რადგან ფიქრობენ, რომ სხვის ფონზე მათი უპირატესობა უკეთ ჩანს. როცა თანაგრძნობა არ არის, იქ სიწრფელე და ღირსება იკარგება. არადა, განმანათლებლები საკუთარი ცოდნით კი არ კეკლუცობდნენ, არამედ სხვებზე ზრუნავდნენ და ცდილობდნენ, ცოდნა და განათლება ყველგან შეეტანათ... მოკლედ, ბოლო ხანს ჩვენში გამოკვეთილ ჯგუფებში ამ ნიშნების დანახვა რთული არ უნდა იყოს. რაც შეეხება ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების შემდგომ გამართულ აქციას და ე. წ. კონტრაქციას, თვითონ ამბავი, შინაარსი, ვინ დამნაშავე იყო, ვინ უდანაშაულო, უნდა ჩაეტარებინათ რეიდები ღამის კლუბებში, არ უნდა ჩაეტარებინათ, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით ამ პროცესში რა მომეწონა და რა - არა. არ მომეწონა ის, რომ ადამიანები, რომლებიც ღამის კლუბებში იყვნენ, ამბობდნენ, რომ პოლიცია უხეშად იქცეოდა და ეს გავრცელებულ ვიდეოფირებშიც გამოჩნდა. არ შეიძლება ადამიანს ასე შეურაცხმყოფლად მოექცე, რაც, როგორც ჩანს, ისეთი ძალით აღზევდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, რომ ამ ამბავს ჯერჯერობით კვლავ ვერ შველიან. მე რასაც ვაკვირდებოდი, ისინი, ვინც შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, არ ჩანდნენ შარიანი ადამიანები, მათი აღშფოთება გულწრფელი იყო.

რაც მომეწონა, ის იყო, რომ ახალგაზრდებმა ღამის კლუბები უცებ გადმოიტანეს რუსთაველზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ. არ ვიცი, რამდენად გაცნობიერებული ჰქონდათ, რას აკეთებდნენ, იფიქრეს თუ არა წინასწარ ამაზე. ინტუიციურადაც თუ იყო გაკეთებული, მაინც კარგად გამოჩნდა, რომ ამის უკან დგას სიცოცხლე და საინტერესო ცხოვრების ძიება, ასევე თავისუფლების წყურვილი.

რას ვეთანხმებით, რას ვეწინააღმდეგებით, რა არ მოგვწონს ან მოგვწონს, უკვე უმნიშვნელოა. ერთი რამ ვიცი ზუსტად, სადაც სიცოცხლის დუღილი არ არის, იქ საინტერესო სამყარო არ იბადება. რადგან დუღილი არის, იქ არის შესაძლებლობა, საინტერესო სამყარო აღმოცენდეს. მე არ ვამბობ, რომ ღამის კლუბების იმპერია უნდა შეიქმნას, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ამ სივრცეში შეიძლება კარგი საზოგადოება დაიბადოს.

ვიმეორებ, მე არ ვიცი, შესაძლოა იქ არის პრობლემები, ხდება დანაშაულიც, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ეს ყველაზე არ ვრცელდება და იქ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა - ფიქრის, ემოციის გაცვლა აინტერესებთ.

- თუმცა მათ მიმართ საზოგადოების ნაწილი უკიდურესად აგრესიული იყო და, სავარაუდოდ, ამ აზრზევეა. იმ დღეებში, შეიძლება თქვას, აგრესიამ წალეკა სოციალური ქსელები.

- დიდწილად შინ მყოფი, ზედმეტად სხვისი ცხოვრებისკენ მომზირალი ადამიანებისთვის ეს ურთიერთობები, ცოცხალ პროცესში მონაწილეობა, როგორც ჩანს, უინტერესო და მოუხერხებელია. შესაბამისად, აგრძელებენ მხოლოდ სხვის ცხოვრებაზე დაკვირვებას და სხვათა განკითხვას. სამწუხაროდ, აქ მთავრდება მათი ინტერესების სამყარო. ჰოდა, გვყვანან "ფეისბუკწაღებულები"...

რაც შეეხება კონტრაქციას, სამწუხაროდ, აგრესიული განწყობები არის საზოგადოების ნაწილში. ეს ხალხი მუდმივად სხვას აბრალებს ყველაფერს და დარწმუნებული არიან, რომ სხვები ღუპავენ მათ ცხოვრებას. ერთ ამბავს გავიხსენებ, რასაც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში პირადად შევესწარი. შობის ღამე იყო. საზოგადოების ნაწილი სალოცავად ეკლესიაში შევიდა, მეორე ნაწილი კი იქვე, მდინარის პირას, სკვერში, ცეკვა-სიმღერასა და დროს ტარებას მიეცა. გაიყო საზოგადოება, მაგრამ ერთმანეთი არ დაუგმიათ, არ შეუჩვენებიათ, არც მეორე დღეს ტელევიზიით ულანძღავთ ერთმანეთი. ევროპა თანაცხოვრების კულტურაა. ეს არის დასავლური ყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი. ეს თუ კარგად არ გავიაზრეთ, თუ არ ვეცადეთ, განსხვავებული აზრის მოსმენა შევძლოთ, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით.

არადა, ჩვენი ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს. დღესაც თავი მოგვწონს, რომ თბილისის ერთ უბანშია თავმოყრილი ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა... ეტყობა, არ ვართ გულწრფელი ამ თავმოწონებაში, რადგან რეალურად სულ სხვანაირად ვიქცევით. თუმცა არა მგონია, რომ ეს მთელ საქართველოში ხდებოდეს. მგონია და მეიმედება, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ჩანს.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო 9 აპრილის მემორიალზე გოგონას ცეკვის ამბავს. ადამიანები, ვინც შეეწირნენ სამშობლოს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი არიან, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ისინი სამშობლოს შეეწირნენ იმისთვის, რომ მისი მომავალი ყოფილიყო ნათელი, ღიმილიანი, სიმღერიან-ცეკვიანი, მხიარული...

- როდესაც ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებებს ვუსმენთ, ვიღაც ცდილობს ეს პრობლემები ლიბერალ-კონსერვატიზმის დაპირისპირების ჩარჩოში მოაქციოს. სხვანი პოლიტიკურ შინაარსს ხედავენ და დასავლური ღირებულებებისა და პრორუსული განწყობების დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ. - პრობლემას მართლაც უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთის ჯიბრზე ადამიანებმა სათავისოდ მოიფიქრეს მათთვის სარწმუნო ვერსიები - ერთნი თვლიან, რომ ჩვენი საზოგადოების შველა ეკლესიურობაშია, თუმცა მათ გაგებას ქრისტიანობასთან აშკარად არა აქვს კავშირი, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ქრისტიანობა საბჭოთა გადმონაშთია, რომელსაც უნდა ებრძოლო, რადგან ღუპავს სამყაროს. მოკლედ, არც ერთნი არიან ლიბერალები და არც მეორენი ქრისტიანები, ყველანი ბედკრული საქართველოს შვილები არიან (იცინის).

ესენი, ყველანი, იოლი გზის მაძებარი ხალხია, გზისა, რომელსაც არც განათლება, არც ფიქრი და არც აზროვნება სჭირდება. გაიხსენეთ იერუსალიმის თემის არჩევანი - ბარაბას გზა მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ ეს მათთვის მეტად გასაგები იყო, დაფიქრება არ სჭირდებოდა, ბარაბა რომისგან ჰპირდებოდა გათავისუფლებას, ქრისტე კი ცოდვისგან - მათი გონების თვალსაწიერი ამდენს ვერ გასწვდა...

ჩვენში იოლი გზის მოძებნის სხვა მაგალითსაც გეტყვით - ილია ჭავჭავაძე ქართველისგან ითხოვდა სწავლა-განათლებას, შრომას, თავდადებას, ზრუნვას ქვეყანაზე და ა.შ., რაც რთულია შესასრულებლად. როცა ილია ჭავჭავაძე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა - ამ შემთხვევაში ეკლესიის გადაწყვეტილებას არ ვეხები, მე ჩვენს არჩევანზე ვლაპარაკობ - ჩვენ ეს ორმაგად გაგვიხარდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ილიას ღვაწლი დაფასდა და მეორე, უფრო იმიტომ, რომ გზა გავიიოლეთ. წმინდა ილია მართალთან მივალთ ისე, როგორი ქრისტიანობაც ვიცით, სანთელს ავანთებთ, პირჯვარს გადავიწერთ და ილია რას ითხოვდა ჩვენგან, საერთოდ დავივიწყებთ... მოკლედ, ისე მოვახერხეთ, რომ წმინდა ილია მართალს შევაჭმევინეთ ილია ჭავჭავაძე ჩვენსავე ცნობიერებაში, საბოლოოდ კი ჩვენთვის აღარც ქრისტიანობაა რთული და არც ქართველობა.

- ბოლო დღეებში განხილვის თემად იქცა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებები, რაც სამღვდელოების წარმომადგენლებმა და მრევლის ზოგიერთმა წევრმა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფად შეაფასეს. მომხდარს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საპატრიარქოც.

- გამიჭირდება ამაზე რაიმეს თქმა, რადგან არ ვადევნებ თვალს არც ტელევიზიებს და არც ამ პროცესებს. ისე მოხდა, რომ სწორედ სატელევიზიო ეთერს და გაურკვეველ ტოქშოუებს ჰყავს "ნამდვილი" მრევლი. ჰოდა, ისე, როგორც ამ გადაცემებში ეკამათება და უპირისპირდება ხალხი ერთმანეთს, მერე უკვე მაყურებელი "ფეისბუკში" უცხადებს ერთმანეთს ომს. ეს ხალხი, რომელიც ყოველ საღამოს ჩასაფრებული ელოდება ამ ტოქშოუებს, როგორც ჩანს, საინტერესოს სხვას ვერაფერს სთავაზობს ვერც საზოგადოებას და ვერც ოჯახის წევრებს.

მოკლედ, დიდი აურზაურია. არადა, იმდენი კარგი რამ ხდება ქვეყანაზე, ტელევიზიებისა და "ფეისბუკის" იქით. საქართველოს ისტორიას წერენ ისტორიკოსები, მაგრამ გვყვანან ისტერიკოსებიც, რომლებიც საქართველოს ისტერიას წერენ. ეს ისტერიკოს-რევანშისტები ძალიან დიდი მონდომებით და ვნებით ცდილობენ, რომ შექმნან ქვეყანაში ისტერიული გარემო, ისე წარმოაჩინონ, რომ ყველაფერი ცუდად არის, გააღვივონ საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობა. ესენი ძირითადად არიან ძველი ხელისუფლების მხარდამჭერები, რევანშის სურვილით შეპყრობილი ხალხი, ასევე ისინიც, ვინც უკმაყოფილოა ამ ხელისუფლების უყურადღებობით. მათი მცდელობა აშკარაა, დათესონ ხალხში განწყობა, რომ უპერსპექტივო, უმომავლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, არადა, უმომავლო ქვეყნიდან ამოვედით, მათგან დაკარგული პერსპექტივა ამ ქვეყანას ისევ გაუჩნდა. სპეკულირებენ საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული თემებით, ზოგიერთი წამყვანი ლამის აპოკალიფსის მხედრად გვევლინება, ისტერიკოსების ისეთი მობილიზებაა გამოცხადებული.

- მოგეხსენებათ, "კულტურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მომზადდა, რომელიც, იურისტთა თქმით, იძლევა იმგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, რის საფუძველზეც მხატვრულმა ნაწარმოებმა, შემოქმედებითმა პროდუქტმა, შესაძლოა ცენზურა გაიაროს. - კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ წინასწარ შემიძლია ვთქვა - მხატვრულ ნაწარმოებს, რა შინაარსისაც უნდა იყოს ის, არ სჭირდება აკრძალვა. ნაწარმოებში იქნება თუ ცხოვრებაში, თუ ვინმე მეორე ადამიანს შეურაცხყოფს, დაჩაგრავს და ა.შ., არსებობს სხვა კოდექსები და მუხლები, რითაც შეიძლება გაასამართლონ დამნაშავე. არავის სჭირდება, ლექსებსა და სიმღერებს ცალკე მუხლები მივუყენოთ. დამნაშავე ნაწარმოებების ძებნა ვის რას არგებს ან საერთოდ, განა შეიძლება დამნაშავე იყოს პოემა, ნახატი თუ მოთხრობა?!

დაანებონ ნაწარმოებების დასჯაზე ფიქრს თავი. ჩვენს სასამართლოს გაცილებით ბევრი პრობლემა და საქმე აქვს, ვიდრე ლექსებსა და ნახატებზე ფიქრი... თუ რაღაც მიუღებელია და არ ვარგა, საზოგადოება იტყვის მასზე უარს, არ წაიკითხავს, არ ნახავს და მორჩება საქმე... წინააღმდეგი ვარ ასეთი კანონპროექტების შემოთავაზებისაც კი. აბსოლუტურად რომ ვერ წარმოვიდგენთ, შეიძლება ისეთი საფრთხეები გააჩინოს. ჩვენს დროში ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ

ინკვიზიცია ასე იწყებოდა, ალბათ. შორს რომ არ წავიდეთ, კომუნისტური გამოცდილება გავიხსენოთ, შემოქმედებისთვის გასამართლებული და დახვრეტილი მწერლები, მხატვრები, რეჟისორები და ა.შ. მოკლედ, ისე არ ვქნათ, რომ ქვეყანაში "სიკვდილმისჯილი" ლექსები მივიღოთ.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. - ის ძალიან გამჭრიახი ადამიანია, დაინახა საფრთხეები და მათ აღსაკვეთად მობრუნდა. საფრთხეებში ვგულისხმობ მმართველი ძალის წიაღში გაჩენილ ბზარებს და ბზარები ნაპრალებად რომ არ ქცეულიყო, ამიტომ დაბრუნდა. ვფიქრობ, სწორად მოიქცა.

ნათია დოლიძე