პირველი ქართველი თანამშრომელი ევროკომისიის ისტორიაში - კვირის პალიტრა

პირველი ქართველი თანამშრომელი ევროკომისიის ისტორიაში

"საქართველო რომ ბალკანეთში ყოფილიყო, დღეს ევროკავშირის წევრი იქნებოდა"

ევროკავშირი გაფართოებისთვის აქტიურ სამზადისს იწყებს - სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირში, სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაწევრდებიან. რის სწავლა შეუძლია საქართველოს ბალკანეთისგან და რა შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ? - პოლიტიკის ოფიცერი თეონა ლავრელაშვილი, ევროკომისიის ისტორიაში პირველი ქართველი თანამშრომელი, "კვირის პალიტრასთან" ბალკანურ გამოცდილებაზე საუბრობს.

- ევროკომისიამ წარმოადგინა ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვით სერბეთი და მონტენეგრო 2025 წლისთვის, ალბათ, ევროკავშირის წევრები გახდებიან. შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინის ჯერი უნდა დადგეს.

- რამდენად ელიან ბალკანეთს ევროკავშირში?

- ამ ეტაპზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არ არის მზად გაფართოებისთვის. ეს, ძირითადად, ის ქვეყნებია, რომლებიც გაფართოებისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი მოსახლეობა არ არის დარწმუნებული, რომ ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების ხილვა სურთ. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში ჰქონდეს პოზიტიური იმიჯი, რათა ამ ქვეყნების მოსახლეობას ჩვენს ქვეყანაზე დადებითი წარმოდგენა შეექმნას.

- რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ ბალკანეთის გამოცდილებით? ფაქტია, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, თუნდაც კონფლიქტების კუთხით, რაც სტრატეგიულ პრობლემად იქცა როგორც საქართველოს, ასევე ბალკანეთის ქვეყნებისათვის. - ბალკანეთის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს. მინდა, ყურადღება გავამახვილო კონკრეტულ იდეაზე, ე.წ. ნოუ-ჰაუზე, რომელიც ბალკანეთში წარმატებით დაინერგა, ჩვენთან კი ჯერ არ არსებობს - შეიქმნა სამთავრობათაშორისო ფონდი, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირთან დაახლოებაში ეხმარება. ამ ფონდში გაწევრებული არიან ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების მთავრობები, რომელთაც სურთ, ბალკანეთი ევროკავშირში იხილონ და ეხმარებიან კიდეც მათ. ეს გამოცდილება შეგვიძლია გადმოვიღოთ და ანალოგიური ფონდი ჩვენთანაც შეიქმნას. მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი - ეს უნდა იყოს რეგიონული ფორმატის, რაც ნიშნავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერთ კონტექსტში განხილვას, ე.წ. გუმ-ის (Georgia, Ukraine, Moldova) სამკუთხედის შექმნას. ეს იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაშიც.

- ბალკანეთთან საგულისხმო მსგავსება გვაქვს იმითაც, რომ ეკლესია ჩვენთანაც და ბალკანეთშიც საზოგადოების დიდი ნდობით სარგებლობს და, გარკვეულწილად, პოლიტიკურ პროცესებშიც მონაწილეობს. - სერბეთშიც და მონტენეგროშიც მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მოსახლეობის უმრავლესობა მორწმუნეა, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რადგან ელოდებიან, როგორ გადაწყდება კოსოვოს საკითხი. თუ ევროკავშირი კოსოვოს აღიარებს, ეკლესია არ იქნება მომხრე, რომ ევროკავშირმა სერბეთს წევრობა კოსოვოს აღიარებაში გაუცვალოს.

- რამდენად მუშაობს სერბეთში ე.წ. ერთმორწმუნე რუსეთის ნარატივი? - რუსული ნარატივი სერბეთში მუშაობს და ეს, უპირველესად, წარსულთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით - სწორედ კოსოვოსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხრეა ევროკავშირში გაწევრებისა, მათ უმრავლესობას დღემდე მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი სწორედ რუსეთია. ასევე კრემლის მხრიდან ხდება აპელირება იმაზე, რომ წევრობის ნაცვლად ბრიუსელი სერბეთს კოსოვოს აღიარებას მოსთხოვს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ერთადერთი, რასაც ევროკავშირი ბელგრადს სთხოვს, კოსოვოსთან ურთიერთობის მოგვარება და მშვიდობის შენარჩუნებაა და არა - აღიარება, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაც არ აღიარებს კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს სპეკულაციაა, რომელსაც კრემლი სათავისოდ იყენებს.

- კიდევ ერთი კითხვა კოსოვოზე - მათაც სურთ ევროკავშირში გაწევრება და როგორ მოახერხებენ ამას, თუ უკვე წევრ სერბეთს ვეტოს უფლება ექნება? - ამ ეტაპზე ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და ერთმნიშვნელოვანი პასუხი ევროკავშირშიც არ აქვთ. ევროკავშირმა გაფართოების პროცესებით ძალიან ბევრი რამ ისწავლა და ოქტომბრიდან ევროკავშირის შინაგანი სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ.

- კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ხშირად აპელირებენ ევროსკეპტიკოსები საქართველოში - ხშირად თითს იშვერენ მონტენეგროს ნატოში გაწევრებისკენ და კითხულობენ: "როგორ მოხდა, რომ ნატოში მონტენეგრო გაწევრდა, ჩვენ კი ისევ ველოდებით? რომელი რეიტინგით, რა მაჩვენებლით არიან ისინი საქართველოზე უკეთესები? რა წვლილი მიუძღვით მათ ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში? არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი დასავლეთის მხრიდან?" - ეს ლეგიტიმური კითხვებია და მათ ლეგიტიმური პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში გეოგრაფია. საქართველო რომ ბალკანეთში ყოფილიყო, დღეს ევროკავშირის წევრები ვიქნებოდით. აქ რამდენიმე ფაქტორია - ის, რომ ჩვენ მეზობლად გვყავს რუსეთი, ის, რომ დასავლეთ ბალკანეთისაგან განსხვავებით, არ მივიჩნევით ერთ, მთლიან რეგიონად - ჩვენ განვიხილებით მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კომპლექსის ერთი კომპონენტი, ეს ყველაფერი კი ჩვენს ამოცანას უფრო ართულებს.

ვაჟა თავბერიძე

სტატიები მომზადდა ორგანიზაციის,

"ევროპული ალიანსი საქართველოსთვის" პროექტის - "გზავნილი ბრიუსელიდან" - ფარგლებში