"ყველას მინდა ვუთხრა: პატრიარქმა ყველაფერი იცის" - კვირის პალიტრა

"ყველას მინდა ვუთხრა: პატრიარქმა ყველაფერი იცის"

"მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია"

საპატრიარქომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადა - როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო სასულიერო პირებს "რუსთავი 2"-თან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირებმა არ უნდა მისცენ ამ ტელევიზიას ინტერვიუ და არ მიიღონ მის არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და ფასეულობები. განცხადებაში ორი ეპიზოდია გამოყოფილი: გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გასული რეპორტაჟი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში, საპატრიარქომ არ გაავრცელა მსოფლიო პატრიარქის მხარდამჭერი წერილი და მეორე - "არჩევანში" გაჟღერებული გიორგი გაბუნიას მიმართვა, რომელიც წერილში "ღვთისმგმობ" გადაცემად არის შეფასებული. რატომ გახდა ტელევიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადება აუცილებელი, "კვირის პალიტრა" დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა:

- "პოსტსკრიპტუმის" რეპორტაჟში ითქვა, თითქოს აგვისტოს ომის დროს, მსოფლიო პატრიარქის გამოგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილის შესახებ ინფორმაცია დავმალეთ.

ეს სიცრუეა, ინფორმაცია დაიბეჭდა და ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსაც ვაცნობეთ, თუმცა თავად საზოგადოებას არაფერი უთხრეს და ჩვენი ინფორმაცია დამალეს. კონკრეტული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს საპატრიარქო პრორუსულ და დასავლურ ღირებულებებთან დაპირისპირებულ ძალად წარმოაჩინოს. ცდილობენ საზოგადოება ეკლესიის წინააღმდეგ განაწყონ და სიძულვილი გააღვივონ. ანალოგიურად მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, თავდაპირველად, ეკლესიის საწინააღმდეგო პროკლამაციები გაავრცელეს, სასულიერო პირებს დასცინოდნენ. ჩვენ ადამიანები ვართ და დაცინვას ავიტანთ, მაგრამ როდესაც სიტყვის თავისუფლების სახელით აშაყირებ ქრისტეს, დედაღვთისმშობელს, შეუძლებელია რეაქცია არ გვქონდეს. ადამიანები დედის შეურაცხყოფას არ პატიობენ ერთმანეთს, ღვთისმშობელი კი ყველას დედაა და როდესაც მაყურებელს მიმართავ: ნუ გეშინიათ, ღვთისმშობელს სათამაშო პისტოლეტი უკავია და ის ქრისტეს მაინც გაგიჩენთო, ეს მკრეხელობა და მწვალებლური დამოკიდებულებაა წმინდანისადმი.

- "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა შავრაზმული უწოდა საპატრიარქოს, რომ გავრცელებული მიმართვა, პირიქით, საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას ახალისებს, კონკრეტული გადაცემის მიზანი კი ცენზურაზე საუბარი გახლდათ. - ადამიანს აქვს უფლება, რასაც ფიქრობს, თქვას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი უფლებები, რწმენა შეურაცხყოს. ამით მეორე ადამიანის პროვოცირებას ახდენ და თითქოს ტესტს უტარებ, წამოეგება თუ არა პროვოკაციას. ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ როდესაც საპატრიარქოს ბნელეთის ძალად მოიხსენიებენ, ამით შეურაცხყოფენ მთელ მრევლს. ვიმეორებ, ბოლშევიკებმა სწორედ ასეთი მეთოდებით მოახერხეს ქართველი კაცის აყვანა ტაძრის გუმბათზე და ქართველის ხელითვე ჯვრების დამსხვრევა, სასულიერო პირების დახვრეტა... დიახ, ეს ყველაფერი ქართველებმა გააკეთეს, უცხოეთიდან კი არ ჩამოსულა ვინმე და ეს იყო ბოლშევიზმის პროპაგანდის შედეგი. იმავე პროპაგანდას ვუყურებთ დღესაც. რა თქმა უნდა, ქრისტე არ არის ძალადობის მომხრე და ქრისტიანი არ შეიძლება მოძალადე იყოს, მაგრამ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს პოზიცია, რა არის ცოდვა და რა - არა. ადამიანს, რომელიც შეცდომას უშვებს, უნდა აუხსნა, რომ ცდება და საკუთარი ნებით ამბობს უარს ღმერთზე. სამწუხაროა, რომ როდესაც გიორგი გაბუნია საზოგადოებას მკრეხელური ტექსტით მიმართავდა, სტუდიაში არც ერთ სტუმარს არ გასჩენია წინააღმდეგობის სურვილი, ან უბრალოდ ეთქვათ მისთვის, ბატონო გიორგი, თქვენ არ აკეთებთ კორექტულ განცხადებასო. პირიქით, ყველა მორჩილად უსმენდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ერი მის განცხადებას აბსოლუტურად არ ეთანხმება. ხაზგასმით ვამბობ, არც იმ ადამიანების ქმედებებია მისაღები, ვინც მართლმადიდებლობას ბილწსიტყვაობით იცავს. სარწმუნოებას ძალადობითა და ბილწსიტყვაობით დაცვა არ სჭირდება - ის მართალი სიტყვით უნდა დაიცვა.

- ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ პატრიარქმა არ იცოდა, რომ საპატრიარქო მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელებას აპირებდა.

- ეს ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რამდენად დიდ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს მსგავსი განცხადებებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირისგანაც მოვისმინეთ, პატრიარქმა არ იცის, რა ხდება მის ქვეყანაში, საპატრიარქოში, ეკლესიაშიო... თავად ვიყავი ბობოყვათში პატრიარქთან ერთად, როდესაც ეს განცხადება დაიწერა, უწმინდესმა ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა. იცით, რატომ ამბობენ, პატრიარქმა არ იცის, რას აკეთებს საპატრიარქოო? სურთ საზოგადოებაში დათესონ აზრი, რომ პატრიარქი, რომელიც ვერ მართავს ეკლესიას, ცდება საკუთარ არჩევანში. ყველას მინდა ვუთხრა - პატრიარქმა ყველაფერი იცის, გამჭრიახი გონება აქვს და ღვთის მადლით, კიდევ დიდხანს ექნება ძალა ეკლესიის სათავეში დგომისა. რაც მეტ ტალახს ესვრიან, მით უფრო მაღლდება უწმინდესი. ჩემთვის გასაგებია, რა პოლიტიკის ნაწილიცაა ეს კამპანია - უნდათ ადამიანები დაეცნენ და ეკლესიის მიმართ ნდობა გაქრეს.

- კონკრეტულად, რა ჯგუფს აქვს ამის სურვილი და რატომ? - ყველა ეპოქაში ეკლესია ყოველთვის სწორ სიტყვას ამბობდა. ეკლესია არ გახლავთ სასულიერო პირი, ეს სწავლება და მოძღვრებაა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს სიწმინდისკენ, სიმართლის მხარეს დადგომისკენ. თუ ქართველი საუკუნეების განმავლობაში ერადაა შემდგარი, ეს სამოციქულო ეკლესიის დამსახურებაა და ზუსტად ამის განადგურება უნდათ. მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია. დიახ, სწორედ ეს გათვლა აქვთ - "გმირები" გახდნენ ღვთის გინებით. როდესაც დედაღვთისმშობელზე შაყირობ, შესაძლოა ვიღაცას არ ეყოს ქრისტიანული და სულიერი სიმაღლე და ფიზიკურად გაგისწორდეს, სწორედ ამ მოთმინებას ცდიან ისინი. ვაი იმ ადამიანებს, ვისაც ეშმაკი ამ ბრძოლაში გამოიყენებს. სწორედ ეშმაკი ებრძვის ეკლესიას, რომ ადამიანების სულები ღმერთს მოსტაცოს - ვაი მათ, ვინც სულს ეშმაკს მიჰყიდის.

P.S. "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის პოზიციის დასაფიქსირებლად ტელეკომპანიის იურისტს თამთა მურადაშვილს დაუკავშირდა, თუმცა როგორც მან განგვიცხადა, ცალკე კომენტარს არ გააკეთებს და შეგვიძლია არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უკვე გაჟღერებული პოზიციით ვიხელმძღვანელოთ. "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპატრიარქოს განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: "საპატრიარქოში არსებული შავბნელი დაჯგუფება, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, გამოხატავს საქართველოს საპატრიარქოს აზრს, ეკლესიას აზიანებს და ამას ყველა კვლევა აჩვენებს. სამწუხაროდ, ეს შავრაზმული დაჯგუფების დამსახურებაა. ამ შავრაზმულ დაჯგუფებას არ უნდა დემოკრატია, არ უნდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მას უნდა ცენზურა, მას უნდა საქართველოში ქაოსი, მას უნდა საქართველოში რუსული მმართველობა და საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება". რუსუდან შელია