"ჩვენი გამარჯვება რუსეთზე ორმაგი დარტყმა იქნება" - კვირის პალიტრა

"ჩვენი გამარჯვება რუსეთზე ორმაგი დარტყმა იქნება"

საქმე #2 "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - ევროპის სასამართლოში აგვისტოს ომის ათწლიანი განხილვა დასრულდა. წლის ბოლოს საქართველომ შესაძლოა ისტორიული გამარჯვება მოიპოვოს, რომელიც ჩრდილოელ მეზობელს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. საქმე 2008 წლის 5-დღიანი ომის დროს და მის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. საქმეზე განაცხადი ოფიციალურმა თბილისმა 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, 23 მაისს კი განხილვის ბოლო ეტაპი დაიწყო.

საქართველომ, თავად ევროპელი ექსპერტების შეფასებით, მყარი არგუმენტები წარადგინა. რუსული მხარე კი ამ არგუმენტების ფალსიფიკაციაზე საუბრობდა.

სხდომას ესწრებოდა სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე: "საქართველოს მხარე გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო რუსეთის მხარესთან შედარებით, რომელსაც ენაზე ერთი სიტყვა ეკერა - "ფალსიფიკაცია", რაც კონტრარგუმენტების უსუსურობის მანიშნებელი იყო. ამ საქმეზე მომუშავე ჩვენმა ჯგუფმა ყველა მიმართულებით წაუყენა რუსეთს არგუმენტირებული ბრალდებები. წინა განხილვებზე საქართველოს მხარემ საკმაოდ მოცულობითი მტკიცებულებები წარადგინა რუსეთის ქმედებებზე როგორც ომამდელი პერიოდის, ასევე ომის მსვლელობისას და ომის შემდგომ ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების და სხვა დანაშაულების, ასევე რუსეთის მიკერძოებული პოლიტიკის შესახებ. რუსეთი ტალიავინის კომისიის დასკვნას დაეყრდნო, თუმცა უსუსურად. იმედია, ადამიანის უფლებათა სასამართლო გაუძლებს რუსეთის ზეწოლას და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ვიცით სიმართლე, მთავარია, ახლა მათ მისცენ სწორი შეფასება". საქართველომ ერთი საქმე ჩრდილოელ მეზობელს 2014 წელს მოუგო. 2007 წლის 26 მარტს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანა, რომლითაც 2006 წელს რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ეროვნების პირების უფლებების უხეში დარღვევების აღიარება და დეპორტაციისას მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. 7-წლიანი დავა ქართველების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას დღემდე ველოდებით. რუსეთს, სავარაუდოდ, წინ კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი ელის ჰააგის სასამართლოს სახით. პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელმძღვანელობით ჰააგა სწავლობს 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს და სავარაუდოდ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. სტრასბურგი ევროკონვენციის მუხლების დარღვევისთვის დამრღვევ ქვეყანას კომპენსაციას აკისრებს, ჰააგა კი გაეროს კონვენციების დარღვევის საფუძველზე ამა თუ იმ ქვეყნის მაღალჩინოსანს ასამართლებს.

ლია მუხაშავრია, იურისტი: "თუ "სტრასბურგმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა, შესაძლოა ევროპის სასამართლომ ინდივიდუალური სარჩელები აღარ განიხილოს და ისე გამოუტანოს რუსეთს განაჩენი".

ნოდარ ხარშილაძე, პოლიტოლოგი: "თუ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, საერთაშორისო არენაზე ეს დიდი გამარჯვება იქნება. ეს ევროპასა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციას დააჩქარებს. საერთაშორისო არენაზე რუსეთს ძალიან ცუდად აქვს საქმე. ჰოლანდიამ და ავსტრალიამ ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთი მალაიზიის "ბოინგის" ჩამოგდებაში. რუსეთს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ჩვენი გამარჯვება, რა თქმა უნდა, მისთვის ორმაგი დარტყმა იქნება". თიკო ოსმანოვა