"აშშ-ც და ევროპაც მიანიშნებენ, რომ კვირიკაშვილის შეცვლა, შესაძლოა, ჩვენმა საგარეო პარტნიორებმა არასწორად გაიგონ" - კვირის პალიტრა

"აშშ-ც და ევროპაც მიანიშნებენ, რომ კვირიკაშვილის შეცვლა, შესაძლოა, ჩვენმა საგარეო პარტნიორებმა არასწორად გაიგონ"

"ამერიკაში ვიზიტმა დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვაშინგტონში პრემიერის ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო, სადაც გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უმასპინძლა. რა გზავნილით დაბრუნდა აშშ-დან პრემიერ-მინისტრი? "კვირის პალიტრის" კითხვებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

...

- აღსანიშნავია, რომ პომპეოსთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის პერსონალური ფაქტორი გამოიკვეთა, რაც შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე საინტერესო გამოჩნდა. საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი პრემიერის ცვლილება, ამერიკაში ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს.

- აშშ-ში პრემიერის პერსონალური ფაქტორის გამოკვეთის პარალელურად საქართველოში გაჩნდა ვერსიები, თითქოს ეს იმით იყო განპირობებული, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს გიორგი გახარიას შესაძლო პრემიერობას წარსულში მისი რუსეთთან კავშირის გამო. როგორ ფიქრობთ, საქართველოში გაქარწყლდა კვირიკაშვილის გახარიათი ჩანაცვლების მოლოდინი?

- აშშ-ც და ევროპაც მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში პრემიერის შეცვლა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პარტნიორებმა არასწორად გაიგონ. ასეთ მიდგომას მეც პოზიტიურად ვაფასებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მმართველ პარტიაში ქაოსია და კვირიკაშვილს, ძირითადად, საგარეო მინისტრის ფუნქციის შესრულება უწევს, რადგან მთავრობაში უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე პასუხისმგებელი სხვა ფიგურები გამოჩნდნენ, მისი საგარეო პოზიციების განმტკიცება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"ქართულ ოცნებაში" კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად შერჩევისას მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრობისას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება მოახერხა.

დღეს "ქართული ოცნების" არც ერთ სხვა სახელისუფლებო ფავორიტს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე მოწესრიგებული არა აქვს. შესაბამისად, თუ ივანიშვილს ოდესმე გაუჩნდება კვირიკაშვილის შეცვლის სურვილი, მან უნდა იზრუნოს პოტენციური შემცვლელის საგარეო მხარდაჭერაზეც.

თუ ეს არ მოხდება, კითხვები გაჩნდება არა სხვა, კვირიკაშვილის შემცვლელ პრემიერთან, არამედ ქვეყნის კურსთან, რაც საგანგაშო იქნება ჩვენი მომავლისთვის.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია