"ყველაზე, ყველაზე შოუ" - კვირის პალიტრა

"ყველაზე, ყველაზე შოუ"

წინა ნომერში "ნანუკას შოუზე" დავწერე და მინდა ახლა ქართული ტელეშოუების თემა გავაგრძელო. არ გეგონოთ, "პროფილზე," "ცხოვრება მშვენიერიაზე", "სამოთხის ვაშლებზე" ან ვანო ჯავახიშვილის თუ ღამის შოუებზე დაწერას ვაპირებდე.

არა, ბატონებო. მე მინდა ჩემი დღევანდელი წერილი ქართულ სატელევიზო სივრცეში ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემას მივუძღვნა. რას მოვა ამ შოუსთან ან ნანუკას, ან მაია ასათიანის შოუები! სასაცილოა, როდესაც სატელევიზო სივრცეში კამათობენ, "პროფილი" ჯობია თუ "ნანუკას შოუო", "ვანო ჯავახიშვილის შოუ" თუ "ღამის შოუო". ის შოუ, რომელზეც მე ვაპირებ, დავწერო, დღეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემაა.

ეს არის გადაცემა, რომელიც არავინ იცის, ეთერში როდის გავა, მაგრამ მაინც რეგულარულია. როცა გადის, ყველა არხზე ერთდროულად უჩვენებენ, არა აქვს ანონსები, მაგრამ მას მაინც ყველა მოუთმენლად ელის, - მისი მაქებარი იქნება თუ დამძრახავი. შემდეგ მასზე მსჯელობენ, აკრიტიკებენ, წერენ და აზრებს გამოთქვამენ. ამ გადაცემას ჰყავს ვარსკვლავი, რომელიც პოპულარობითა და რეიტინგით ყველა ვარსკვლავს ჯიბეში ჩაისვამს.

იგი იმედს არასოდეს გვიცრუებს, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ყოველთვის გამოირჩევა იმპროვიზაციით, არაორდინარული ტექსტებითა და ისეთი ლექსიკით, რომელიც ყველას შოკში აგდებს. თავისთავად ამ ლექსიკაში ისეთი არაფერია, რაც აქამდე არ გაგვიგია, მაგრამ მისი პირიდან ეს სიტყვები მაინც სხვა ეშხით ჟღერს. ამ შოუს სახელიც არა აქვს, ამიტომ შეგვიძლია უბრალოდ "საუკეთესო შოუ" ან "ყველაზე, ყველაზე შოუ" ვუწოდოთ.

მოგეხსენებათ, ამ შოუების ამბავში ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი კონკურენციაა, ამიტომ წინა კვირას "ყველაზე, ყველაზე შოუს" წამყვანი ნანუკას არ ჩამორჩა და გადაწყვიტა, მასაც გასვლითი გადაცემა გაეკეთებინა. ისე, სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ გასვლითი გადაცემები საერთოდაც მისი მოგონილია, ნანუკამ შემდეგ აიტაცა, ასათიანი და ქაჯაია ამ მხრივ მათ ჯერ ვერც შეედრებიან.

რადგან ზღვის პირი ნანუკამ აითვისა, "ყველაზე, ყველაზე შოუს" წამყვანი იძულებული გახდა მხოლოდ ტბით დაკმაყოფილებულიყო. სწორედ ამ ტბის პირას თუ ტბის ფონზე, როგორც გენებოთ, ჩაიწერა მორიგი გადაცემა. უკაცრავად, არ ჩაიწერა, სხვა ყველა ამგვარი შოუსგან განსხვავებით, "ყველაზე, ყველაზე შოუ" პირდაპირ ეთერში გადის (ესეც პროფესიონალიზმის კიდევ ერთი ნიშანი). ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ "ყველაზე, ყველაზე შოუ"  სპეციფიკურია. ის, ძირითადად, მთავრობის სხდომის იმიტაციაზეა აგებული.

ხორცის ნაჭრები, მახათისმყრელები და გაქსუებულები

ყველა ეს ეპითეტი, რომელიც სათაურში გამოვიტანე, გაგიკვირდებათ და, პრეზიდენტმა საკუთარი მთავრობის წევრების მისამართით გამოიყენა. ეს ბოლო მთავრობის სხდომაზე მოხდა. იმ სხდომის ვარსკვლავი პრეზიდენტთან ერთად ნამდვილად იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი. მართალია, იგი მაყურებელს თვალით არ უნახავს, მაგრამ მასზე პრეზიდენტმა იმდენი ილაპარაკა, უკვე კარგი ნაცნობი მგონია.

კარგად წარმომიდგენია, როგორ დადის ქელეხებსა და ქორწილებში, როგორ ნათლავს ბავშვებს, როგორ ეხმარება ნათესავებს, მაგრამ არ უყვარს საქართველო, არის ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, რუს ოკუპანტზე უფრო დიდი მტერიც კი და რაც მთავარია, არის გაქსუებული.

ციტატა გადაცემიდან: "აი, ვინ არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რა უცხოური აგრესია... გრიგოლ გობეჯიშვილისთანა გაქსუებული მოხელეებია დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ჩვენი ხალხი დღეს კიდევ არის გაჭირვებაში, რომ ინვესტიციები ისევ არ შემოდის, როგორც უნდა შემოდიოდეს... აი, ვინ არცხვენს საქართველოს - გობეჯიშვილი და კომპანია, გაქსუებული ადამიანი", - და რა ქნა ასეთი ამ "გაქსუებულმა ადამიანმა"? მართალია, საკმაო დაგვიანებით (მთელი სამი თვე მოუნდა ამ ამბავს), მაგრამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელსაც მიწის ყიდვა სურდა, მიწის მფლობელთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გადაამისამართა.

იკითხავთ, თუ მისი კომპეტენცია არ იყო, სხვა რა უნდა ექნაო. პრეზიდენტს ამაზეც აქვს პასუხი: "მე გეტყვით, როგორ მოიქცეოდა მის ადგილზე მინისტრი ან მოადგილე. დაურეკავდა ამ ბიზნესმენს, დაპატიჟებდა კაბინეტში, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეო, მოეფერებოდა, ბოლოს და ბოლოს, კაფეში წაიყვანდა, აჭმევდა, დღეგამოშვებით დაურეკავდა და ეტყოდა:

აბა, მოდიხარ, მოდიხარ თუ არა? დებ (ფულს) თუ არა?"... ნეტავ სხვა მინისტრის მოადგილეებმა თუ იციან, რომ მათ კომპეტენციაში საქმეზე მისული ადამიანის მოფერება, კაფეში წაყვანა, დაპურება, მერე კი დღეგამოშვებით მასთან რეკვა და "მოდიხარ", "მოდიხარ"-ის ძახილი შედის? თუ აქამდე არ იცოდნენ, აწი ეცოდინებათ. გობეჯიშვილს, ალბათ, თავისუფლად შეეძლო მეტი ინიციატივა და ნაკლები გულგრილობა გამოეჩინა და გასაგებია, რომ საყვედური ეკუთვნის, მაგრამ რას ემსახურება მისი საქვეყნოდ ლანძღვა? სხვების დაშინებას? ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტი პიარის დიდოსტატი და ქვეყნის საუკეთესო შოუმენია, ამიტომ ისე იქცევა, როგორც ნამდვილ შოუმენს შეეფერება. შოუ სხვანაირად არ კეთდება, თუ გინდა, შოუ შედგეს, ეკრანზე ცეცხლი უნდა დაანთო.

ამიტომ მხოლოდ გობეჯიშვილის გამოლანძღვა საქმეს რას უშველის, თან ის ხომ მინისტრის მოადგილეა, პლუს - ყოფილი. საჭიროა, ერთი-ორი მოქმედი მინისტრის საჯაროდ დამცირებაც. ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მინისტრით. ვტუქსავთ ჩავარდნილი ნაძვის ხის ბიზნესის გამო და ვემუქრებით სამინისტროს დახურვით, თითქოს ეს სოფლის ბოლოში გახსნილი დუქანი იყოს;

შემდეგ გადავდივართ ჯანდაცვის მინისტრზე, შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრებსაც გავკრავთ კბილს, ბოლოს კი დაგროვილი პრობლემების მიზეზსაც სწორედ ისე ვხსნით, თითქოს მართლაც სოფლის ბოლოში, ბირჟაზე ვიდგეთ: "ეს იმიტომ, რომ აქ სხედხართ ხალხი, თქვენ ქვემოთ განსაკუთრებით, რომელთათვისაც ცხოვრებაში განსაკუთრებული პოზა არის არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის გაყრა ერთ ადგილზე".

პრეზიდენტი მართლაც ყოველდღე გვაოცებს თავისი ლექსიკით.  სააკაშვილის მისამართით უკვე გაცვეთილი და არაფრისმთქმელია ფრაზები: "საკუთარ თავს გადაახტა", "საკუთარ თავს აჯობა", - ისე პანტაპუნტით ხსნის საკუთარ რეკორდებს, რომ ეს უკვე ნახტომები აღარაა, უბადლო პირუეტებია, სამმაგი სალტო, დაშვების დროს წაუფორხილებლად. ის სცენის ნამდვილი ჯადოქარია, უფრო სწორად, პირდაპირი ეთერის ჯადოქარი. ერთი ეგ არის, მინისტრები ჰყავს ხვითოები, ტემპს ვერ მიჰყვებიან, ორმა თუ სამმა პირდაპირ ეთერშიც კი დააგვიანა.

ამასაც ხომ მოხერხება უნდა?! რა გასაკვირია, ასეთ ხალხს პრეზიდენტი ხორცის ნაჭრებს რომ ადარებდეს: "ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ შევინახოთ ხორცის ნაჭრები მინისტრების ან თანამდებობის პირების ნაცვლად, ბოდიში ამ უხეში გამოთქმისთვის.

ჩვენ გვჭირდება ცოცხალი, მოძრავი, სიცოცხლით აღსავსე ადამიანები, სისხლსავსე და იდეებით სავსე და ენთუზიაზმით სავსე"... როდესაც კვირის ბოლოს ინტერნეტი და სოციალური ქსელები ბარის დახლზე მოცეკვავე ვერა ქობალიას ფოტოებმა წალეკა, სწორედ მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდა პრეზიდენტი ცოცხალ, მოძრავ და სისხლსავსე მინისტრებში.

კვირის ფრაზა

"ჩვენ არა ვართ ხორცკომბინატი, რომ შევინახოთ ხორცის ნაჭრები მინისტრების ან თანამდებობის პირების ნაცვლად"