"საკონსტიტუციო კომისია ყველაზე სამარცხვინო საქმეს აკეთებს" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო კომისია ყველაზე სამარცხვინო საქმეს აკეთებს"

"ჩემთვის გმირი იქნებოდა ის, ვინც სააკაშვილისგან შეურაცხყოფას არ აიტანდა"

"საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებაში სააკაშვილის მესამე ვადით გაპრეზიდენტებას ემსახურება. საკონსტიტუციო კომისია ყველაზე სამარცხვინო საქმეს აკეთებს", - აცხადებს რეჟისორი გოგი ქავთარაძე.

- კონსტიტუცია სახელმწიფოს ძირითადი კანონია და წარამარა ამა თუ იმ მოვლენის გამო მისი ცვლილება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ბრძანა, პრემიერობას სააკაშვილს ვერ ავუკრძალავთ, ეს ადამიანის უფლებების შელახვა იქნებაო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძემ კი განმარტა, თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სააკაშვილი მესამე ვადით აღარ დაინიშნება თანამდებობაზე, ეს არ იქნება მისი უფლებების შელახვაო. ბოლოს და ბოლოს, გაახილოს თვალი ხელისუფლებამ და ხალხის განწყობას შეხედოს.

როგორ შეიძლება ამდენი ანგარიშგაუწევლობა და იგნორირება? ხელისუფლებაში მესამე ვადით ყოფნა კი არა, სააკაშვილს ის უნდა აფიქრებდეს, მიიყვანს თუ არა საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე. არა მგონია, ასე იოლად ჩაიაროს კონსტიტუციის ხელყოფამ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ხალხი რაღაცისთვის ემზადება.

- მიგაჩნიათ, რომ კონსტიტუციის ახალი ვარიანტის ერთთვიანი საჯარო განხილვაც არაფრისმომცემი იქნება?

- განხილვა სამ თვესაც რომ გააჭიანურონ, ხელისუფლება მაინც იმ ვარიანტს გაიტანს, რომელიც უნდა. საკონსტიტუციო კომისია ყველაზე სამარცხვინო ორგანოა, რომელიც სააკაშვილის ინტერესს ემსახურება.

სააკაშვილი როგორი ხელისუფალიცაა, კარგად ჩანს მისი განზრახვითაც, გაზსადენის და რკინიგზის პრივატიზაცია გააკეთოს. როგორც კი ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს, ხელისუფლება გაიძახის, ეს ჭორია, ჩვენი განზრახვა საზოგადოებამ არასწორად გაიგოო. თუ არ აპირებენ რკინიგზისა და გაზსადენის გაყიდვას, გვითხრან. ამბობენ, სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს არ მივყიდითო. ვინ იძლევა ამის გარანტიას, პირობას ჩამოართმევენ? ვინ აგებს პასუხს, ერთ დღესაც ჩვენი გაზსადენი და რკინიგზა რუსების ხელში რომ აღმოჩნდეს?

როდესაც ხალხში ასეთი მითქმა-მოთქმაა, ხელისუფალი ვალდებულია ხალხს აუხსნას, რას უპირებს რკინიგზასა და გაზსადენს.

დღითი დღე ჭირს ლოგიკის დანახვა ხელისუფლების ქმედებებში. ეკონომიკა ახალგაზრდა, გამოუცდელ ქალს ჩააბარეს. გამოუცდელი არც ერთ პოსტზე არ უნდა დანიშნო გონიერმა კაცმა, ესენი კი ქვეყნის ხერხემალს - ეკონომიკას აბარებენ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია.

- წუხხართ, ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთი იყიდისო, მაგრამ სწორედ წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეა (რომლის მხარდამჭერიც ბრძანდებით) მიაჩნია ნოდარ ნათაძეს რუსული გეგმის ნაწილად, რომლის მიზანი საქართველოში რუსების მოპატიჟებაა.

- ია დუმაიუ, ჩტო უვაჟაემი ნოდარ რევაზოვიჩ აშიბაეტსია. უ ნევო ნეპანიატნაია ინფორმაცია. ძალიან მაინტერესებს, რანაირად უსადაგებს ბატონი ნოდარი სახალხო კრების იდეას კრემლს? თუ გვინდა საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლება მოვაშოროთ, ამიტომ ვართ კრემლის აგენტები? რა ვქნათ, ჩვენი და რუსების მიზანი ამჯერად ერთმანეთს რომ დაემთხვა? ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს და რუსი არაფერ შუაში არ არის.

- თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც დღეს ჩიხშია. გამოსავალს თუ ხედავთ?

- მართლაც მიძინებული ჩანან პოლიტიკური სპექტრი და ხალხი, მაგრამ გარინდება დიდხანს ვერ გასტანს. ხალხში უკმაყოფილება ვულკანის ლავასავით თუხთუხებს და ერთ დღესაც ამოიფრქვევა. ამას წინათ პრეზიდენტმა თავისსავე მინისტრთა კაბინეტს მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც მათ ხორცის ნაჭრები უწოდა. როგორ შეიძლება ქვეყნის მეთაური ასეთი ლექსიკით ლაპარაკობდეს? გამიკვირდა, რომ არავინ უთხრა, ბატონო პრეზიდენტო, რატომ გვაყენებთ შეურაცხყოფასო? რა არის ასეთი მონობა?

როგორ არის ეს ხალხი იმდენად შეშინებული, რომ ოჯახის და შვილების არ ერიდებათ? ასეთ შეურაცხყოფას როგორ იტანენ? სად დაკარგეს ღირსება? თანამდებობა ყველაფერი ხომ არ არის?! ჩემთვის გმირი იქნებოდა ის, ვინც სააკაშვილისგან შეურაცხყოფას არ აიტანდა. სამწუხაროდ, მთავრობაში ღირსეულნი არ გვყოლია, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღესაც ღირსება და თავმოყვარეობა ამ ხალხშიც გაიღვიძებს.

ქუჩაში უცნობები მაჩერებენ, რას აპირებთ, რატომ არაფერს აკეთებთ, როდემდე ვითმინოთ, დაიწყეთ და ისევ შემოგიერთდებითო. ვერ დავიჯერებ, რომ ხელისუფლებამ არ იცის, როგორ შფოთავს ხალხი. ყველას უსმენენ და ასმენენ და ეს როგორ არ ეცოდინებათ? ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ თავგანწირვის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას სცემენ, მაგრამ უსამართლო რეჟიმი უთუოდ დაემხობა. მთავარია, შიში გავტეხოთ და მერე გამარჯვებაც მოვა.

კვირის ფრაზა

"მუდმივი ძახილი, ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ, რომ გვინდა ხვალვე ახალი არჩევნები, ეს იგივეა, მსოფლიო ჩემპიონატები მართო სამ თვეში ერთხელ, რადგან ბრაზილია ვერ გავიდა ფინალში და ვერ მოიგო ჩემპიონობა. არაფერიც არ გამოვა. მით უმეტეს, ესენი ბრაზილია არ არიან, ესენი არიან... ცოტა უფრო დაბალი კლასის გუნდები".

მიხეილ სააკაშვილი

კვირის ფრაზა

"გასაკეთებელი ბევრია. მიღწეულით კმაყოფილება იწვევს უმოძრაობას. მეც მეტად უნდა გამოვიფხიკო ყურები"

კობა სუბელიანი,

22 ივლისი, "კურიერი"