ბაღაფშის მთავრობაში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წევრები დაინიშნენ - კვირის პალიტრა

ბაღაფშის მთავრობაში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წევრები დაინიშნენ

ამ ბოლო დროს რუსულ საიტებზე გულდამდუღრული რუსი ექსპერტები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოსაგვარებლად "თავდაუზოგავად იღვწიან". მოგეხსენებათ, ბევრ რუსულ საიტს სპეცსამსახურები და ხელისუფლება აკონტროლებს და ასეთი პროექტების კორიანტელიც შემთხვევითი არ არის.

პროექტები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფედერაციების შექმნას გულისხმობს, ოღონდ მას შემდეგ, რაც  საქართველო ამ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამ მოდელის მიხედვით, რესპუბლიკების გაყოფის შემდეგ უნდა დაიწყოს ქართველი ლტოლვილების დაბრუნება, ხოლო, თუ საქართველო აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამ სუბიექტებმა უნდა დათმონ ტერიტორიების ნაწილი:

აფხაზეთმა - (1)კოდორის ხეობა, (2)გალის რაიონი, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის ნაწილი.

სამხრეთ ოსეთმა - (3)ახალგორის რაიონი, (4)ზნაურის რაიონის ნაწილი და (5)ერედვი.

მათი გეგმით 15-დან 49 წლამდე ორივე ტერიტორია უნდა გააკონტროლოს საერთაშორისო კომისიამ, რომლის წევრები იქნებიან რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები, ვითარება კი ამ ტერიტორიებზე უნდა განაგოს საერთაშორისო კომისარმა. კონფედერაციის მხარეებს უნდა ჰყავდეთ ლეგიტიმური  ხელისუფლება, 49 წლის მერე კი ჩატარდება რეფერენდუმი და ხალხი გადაწყვეტს, დაბრუნდეს თუ არა საქართველოს შემადგენლობაში. ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი გეგმაა, განსაკუთრებით, თუ რუსთა სიტყვის ფასსა და სიმტკიცეს გავითვალისწინებთ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - თუ ყველაფერი ამ დოკუმენტის მიხედვით წარიმართა, ცხადია, საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ცენტრალურ და ჩრდილო აფხაზეთსა და  სამაჩაბლოს ორ მესამედს. მთავარი პირობა ამ გეგმაში ხომ საქართველოსგან ამ ორი სუბიექტის აღიარებაა!

ეს ძალზე საინტერესო დოკუმენტია. საკითხავია, რატომ შექმნეს ეს აჟიოტაჟი და დაატრიალეს დოკუმენტებისა და პროექტების კორიანტელი? რისთვის დასჭირდა რუსეთს ტერიტორიის ნაწილის დათმობაზე ლაპარაკი? არავინ დაიჯეროს, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიპლომატიურ წნეხს ვერ უძლებს.

რუსების დიპლომატია მიჩვეულია ამას და ეს დისკომფორტს სულაც არ უქმნის. საქმე ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება დასავლური ტექნოლოგიები, მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთთან. ამის ნაცვლად კი ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც განიხილება რუსეთის ეკონომიკისთვის დახმარება, საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმომადგენელი აუცილებლად შეახსენებს რუსეთს შეუსრულებელ სიტყვასა და ვალდებულებებს...

ცოტა ხნის წინ ერთ აქაურ მაღალჩინოსანს მისმა კოლეგამ აფხაზეთიდან დაურეკა.  ეს კაცი წლების განმავლობაში აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში მუშაობდა. აქაური მაღალჩინოსანიც წარმოშობით აფხაზეთიდან არის. მოკლედ, ყოფილი კოლეგისაგან შეიტყო, რომ სხვადასხვა დროს აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში მეორე და მესამეხარისხოვან თანამდებობებზე მომუშავე ხალხი სოხუმში ჩაიყვანეს და თანამდებობები შესთავაზეს.

ორი კაცი უკვე დაინიშნა კიდეცო. ბაღაფშსაც შეხვედრიან და მას ქართველი ლტოლვილების დაბრუნების სურვილი გამოუთქვამს, - ამ აზრამდე მხოლოდ იმის გამო მივედი, რომ ძალიან მომძლავრდა უცხო ელემენტი აფხაზეთში და სრულ ექსპანსიას ისევ ქართველი ლტოლვილების დაბრუნება გვირჩევნია, ისე როგორც გაეროს დოკუმენტებით არის განსაზღვრულიო.

- ხომ არ არის ეს შეგნებული დეზინფორმაცია აფხაზების ან, გნებავთ, საქართველოს ხელისუფლებისა?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ   როდესაც საუბარი შედგა, ინფორმაციის მომწოდებელი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მას ქართული, რუსული და აფხაზური სპეცსამსახურები უსმენდნენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ბაღაფშის მანევრია რუსების გასაფრთხილებლად. აფხაზები ძალზე შეწუხებული არიან აფხაზეთში არსებული  ვითარებით და ამას არც მალავენ.

აფხაზეთში მიწებისა და მიტოვებული სახლების მასობრივი მიტაცება დაიწყო. რუსები ამბობენ, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, იმ რუს მესაზღვრეებს, რომლებიც აფხაზეთში მსახურობენ, ოფიციალურად ეკუთვნით სახლი და მიწის ნაკვეთი აფხაზეთშიო.

პარალელურად რუსებმა უსაზღვროდ გაბერეს აფხაზეთში მომსახურე მესაზღვრე ოფიცრების შტატები.

ბესიკ სილაგაძე, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კაბინეტის უფროსი: - ეს რუსების ვერაგული გეგმაა, დიპლომატიური ფანდი და მეტი არაფერი.

- ქართული მხარე ნეიტრალურ პასპორტებზე ლაპარაკობს. რა სიკეთის მომტანია ნეიტრალური პასპორტები?

- ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. არსებობს გაეროს პასპორტები, რომელიც სინამდვილეში პასპორტი კი არა, პირის დამადასტურებელი მოწმობაა. ნეიტრალური პასპორტები ქართულ სივრცეში ინტეგრაციისთვის კარგი საშუალებაა, მაგრამ ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები.

- ქართული და თუნდაც ნეიტრალური პასპორტების ამღებთ, ალბათ, პრობლემები შეექმნებათ აფხაზეთში? ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ეს არ დაუშვას, არც აფხაზები მიესალმებიან სავარაუდოდ.

- აფხაზები  უკვე ხვდებიან, რა დღეშიც ჩაიგდეს თავი. მათი დამოუკიდებლობა სინამდვილეში მითია - აფხაზეთი ერთ დიდ რუსულ ბაზად გადაიქცა. შესაძლოა, დღეს ვინმეს უტოპიად მიაჩნია აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნება, მაგრამ ეს პროცესი ცოტა ხანში აუცილებლად დაიწყება!