ვინ ნადირობს აფხაზ მუსლიმანთა ლიდერებზე - კვირის პალიტრა

ვინ ნადირობს აფხაზ მუსლიმანთა ლიდერებზე

17 ივლისს გაგრაში ადგილობრივ მუსლიმანთა ლიდერი ემიქ ჩაქმაჩ-ოღლი მოკლეს. მოხდა საოცრება და აფხაზებს ეს მაშინვე ქართული სპეცსამსახურებისთვის არ დაუბრალებიათ. როგორც ამბობენ, ჩაქმაჩ-ოღლის მკვლელობა მის რელიგიურ საქმიანობას უკავშირდება.

საგულისხმოა, რომ ჩაქმაჩ-ოღლის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სოხუმის მეჩეთის იმამის, სტანისლავ (სადიჰ) კვარაცხელიას აფეთქება სცადეს. ის შემთხვევით გადარჩა: გამვლელებმა მისი მანქანის ქვეშ დამაგრებული ხელყუმბარა შენიშნეს. რომ არა შემთხვევითობა, კვარაცხელია ჩაქმაჩ-ოღლის ბედს გაიზიარებდა.

ცნობისთვის: ჩაქმაჩ-ოღლი აფხაზეთში გავლენიანი ფიგურა იყო. აქტიურობდა ე.წ. საზოგადოებრივ პალატაში და ადრე ე.წ. პარლამენტის დეპუტატიც გახლდათ. ის მუჰაჯირების შთამომავალია. 1992-1993 წლებში ქართველებს ებრძოდა.

რელიგიური ფანატიზმი მკვლელობის მიზეზად ნაკლებსავარაუდოა. ვისაც კავშირი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთთან, მან იცის, რომ იქ რელიგიური ფანატიზმი არ არის. შეიძლება მოგკლან ქართველობის, 1.000 რუბლის, 10 კილოგრამი თხილის ან ძველისძველი მობილურის გამოც, მაგრამ ქრისტიანობის, ბუდისტობის ან მუსლიმანობისთვის ხელს არავინ გახლებს.

აფხაზური წყაროების ცნობით, ადგილობრივ მუსლიმანთა სულიერ სამმართველოსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის დიდი ხანია უთანხმოებაა. კერძოდ, ადგილობრივ მუსლიმანთა ოცნებაა, აფხაზეთში დაბრუნდეს მუჰაჯირების რამდენიმე ათასი შთამომავალი. რუსეთს კი ეს ხელს არ აძლევს, რადგან მიაჩნია, რომ თურქეთის რამდენიმე ათასი "აგენტი" უამრავ პრობლემას შეუქმნის.

მთავარი პრობლემა, ალბათ, თავად ჩაქმაჩ-ოღლი და კვარაცხელია იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, რუსები დაეჭვდნენ, რომ ორივე რომელიმე თურქული სპეცსამსახურის სასარგებლოდ მუშაობდა და თავი დაიზღვიეს.

ჩაქმაჩ-ოღლი თურქული ფონდის ხარჯებით გამოსცემდა ბროშურებს მუჰაჯირების შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნების აუცილებლობაზე, ჩაჰყავდა გაგრაში გათურქებული აფხაზები, გამოსცემდა ისლამურ ლიტერატურას და თვეში ერთხელ თავად ჩადიოდა თურქეთში.

აფხაზური წყაროების ინფორმაციით, ბოლოს ჩაქმაჩ-ოღლი თურქეთში ივნისში იყო. თურქეთიდან ის 29 ივნისს დაბრუნდა. 3 ივლისს გაგრის მუსლიმანთა ლიდერი სოხუმში, ეფ-ეს-ბეს” ფილიალში დაიბარეს და დაჰკითხეს.

რა უთხრა ჩაქმაჩ-ოღლიმ რუს ჩეკისტებს, უცნობია. ის 14 დღის შემდეგ მოკლეს. შესაძლოა, “ეფ-ეს-ბემ” მიიჩნია, რომ გაგრელი მუსლიმანი უკვე სხვა ქვეყნის "კანტორისთვის" მუშაობდა და თავიდან მოიშორა. სადიჰ კვარაცხელია კი ფრთხილად უნდა იყოს, ისევე როგორც აფხაზეთის მუსლიმანთა სულიერი სამმართველოს ყველა ლიდერი.

საინტერესოა ერთი დეტალიც: ქადაგებებში სოხუმის მეჩეთის იმამიც და ჩაქმაჩ-ოღლიც ხშირად ამბობდნენ, რომ აფხაზეთის მომავალი მუსლიმანურია და აფხაზები თავიანთ მუსლიმან ძმებთან ერთად უნდა იყვნენ. რუსები აფხაზების მუსლიმანი ძმები ნამდვილად არ არიან და ვერც გახდებიან, თუ, რა თქმა უნდა, პუტინმა რუსეთში ახალი აღმსარებლობის დანერგვა არ მოისურვა.

გიორგი კვიტაშვილი