ასადის აღიარებას თავად აფხაზები დასცინიან! - კვირის პალიტრა

ასადის აღიარებას თავად აფხაზები დასცინიან!

სირიის მთავრობამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ მოსახლეობას ეს "დიდი მიღწევა" მიულოცა და განაცხადა, რომ სირიამ და აფხაზეთმა საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს..."

"ეს მხოლოდ დასაწყისია" - ასე შეაფასა ეს ფაქტი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა.

"ამ პროცესს რუსეთი მხარს უჭერს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვა სახელმწიფოებიც განაგრძობენ," - განაცხადა მან.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. ამ რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება გააუქმეს... მაშინ აფხაზური მედია წერდა, რომ ამ ქვეყნების უკან დახევა ამერიკის გავლენის შედეგია.

აფხაზი მოსახლეობის ნაწილი ირონიულად აფასებს სირიის მიერ ამ რეგიონების აღიარებითა და ნაურუსთან უვიზო რეჟიმის შემოღებით გამოწვეულ საყოველთაო სიხარულს: "სირიას, როგორც სახელმწიფოს, მხოლოდ რუსეთი და მისი სატელიტი რამდენიმე ქვეყანა აღიარებს. ასადის მხრიდან პუტინის საამებლად გაკეთებული ეს ჟესტი კი უფრო კომიკურს ხდის ყველაფერს".

ირაკლი კიუტი, სოხუმელი აფხაზი, სტუდენტი: - რუსეთსა და ჩვენს ხელისუფლებას ჰგონიათ, რომ მოსახლეობაში ბნელა. ასადი დღემდე სავარძელს რუსეთის მხარდაჭერით ინარჩუნებს. ხვალ ან ზეგ ის მთავრობა აღარ იქნება, ასადს კი ჰააგის ტრიბუნალი ელოდება... ასე რომ, "გილოცავთ!"

ლინა შამრიდი, სოხუმელი: - მოგზაურობის მოყვარულებმა თადარიგი დავიჭიროთ, რადგან ნაურუ იძირება და იქნებ დათვალიერება მოვასწროთ... დაგვცინიან, როდესაც ამ "მიღწევას" ასე საზეიმოდ გვილოცავენ, რადგან ინტერნეტთან წვდომა დღეს ყველას აქვს და ნაურუში "ბედნიერ" ცხოვრებაზეც გვსმენია..."

ოფიციალურმა თბილისმა სირიის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა და სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ექსპერტების თქმით, ეს არის რუსეთის ნაბიჯი საქართველოს ნატოსთან დაახლოების საპასუხოდ. არსებობს თუ არა ჯაჭვური პროცესების განვითარების რისკი? გვესაუბრება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია:

- თუ იმ სახელმწიფოების სიას გადავხედავთ, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონები აღიარეს, ვნახავთ, რომ მათ მხოლოდ რუსეთთან აქვთ კარგი ურთიერთობა, დანარჩენ მსოფლიოსთან კი - ცუდი. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არაბულმა სახელმწიფომ აღიარა. ვერ ვიტყვი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია, მაგრამ საფრთხე არსებობს და ის, რომ ასადის დღეები დათვლილია, სულაც არ გვაძლევს მოდუნების უფლებას.

- ვისგან ელოდებით საფრთხეს?

- თუნდაც იმ სახელმწიფოებისგან, სადაც ძლიერია ჩერქეზული დიასპორა. ვგულისხმობ იორდანიას, ასევე - ლათინური ამერიკის ქვეყნებს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური და სხვა სახის მექანიზმები და ეს უნდა გამოიყენოს... სირიის შემთხვევაში გასაგებია, ასადის რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობამ გარიყა, თუმცა, ჩვენ მაინც სათანადოდ უნდა გვემუშავა ამ მიმართულებით.

- რა მექანიზმებს გულისხმობთ?

- თუნდაც ანტიანექსიურ პოლიტიკას, რომელიც სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად უნდა შევიმუშაოთ. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთზე. თუ ის ამ პოლიტიკას და ჩვენი ტერიტორიების ანექსიას გააგრძელებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ძვირად დაუჯდება. ეს უნდა შეძლოს საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველომ კი - პარტნიორების კონსოლიდაცია მოახერხოს.

ლალი პაპასკირი